შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა ღამის განმავლობაში ტყისა და მინდვრის ორი ხანძარი ჩააქრეს.
უწყების ცნობით, ღამის განმავლობაში გაჩნდა ხანძრის ორი ახალი კერა, გურიაში, მამათში და სამცხე-ჯავახეთში, ასპინძაში. ორივე ხანძარი ლიკვიდირებულია.
დარჩენილია ხანძრის ერთი კერა სამეგრელოში, დობერაზენში. ხანძარი ლოკალიზებულია და მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ ადგილზე მუშაობას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს - თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.
მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე.