საპატრიარქო: ამ ეტაპზე პატრიარქისთვის ტესტის ჩატარება არ იგეგმება, თავს კარგად გრძნობს

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, პატრიარქისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩატარება არ იგეგმება და ის თავს კარგად გრძნობს. 

"დღეს საქართველოს საპატრიარქოში რ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის (ლაბორატორია) წარმომადგენლები საპატრიარქოს თანამშრომლებს PCR ტესტირებას ჩაუტარებენ.

აღსანიშნავია, რომ ასეთი ტესტირება საპატრიარქოს თანამშრომლებსა და სასულიერო პირებს პერმანენტულად უტარდებათ.

რაც შეეხება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამ ეტაპისთვის მისთვის ტესტის ჩატარება არ იგეგმება. მისი უწმინდესობა თავს კარგად გრძნობს". - წერია განცხადებაში.  

ილია მეორის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. საპატრიარქოში ეპიდემიოლოგები მუშაობენ. პატრიარქის ექიმი, ცისანა შარტავა ამბობს, რომ თეთრუაშვილს პატრიარქთან შეხება არ ჰქონდა და დისტანციას იცავდა. 

თუმცა, იმას, რომ შორენა თეთრუაშვილს პატრიარქთან ახლო კონტაქტი ჰქონდა, მოწმობს ილია მეორის დაბადების დღეზე გავრცელებული კადრები. შორენა თეთრუაშვილი ამ დღეს საქართველოს საპატრიარქოში დიასახლისობდა. ის ვიდეოში 4:00 წუთიდან ჩანს.

კომენტარები