დავითგარეჯის საქმე

"ჩემი დაკავება წინასაარჩევნო ტრიუკს ემსახურება" - ივერი მელაშვილის წერილი ივანიშვილს

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს.  მისი ადრესატი ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია. 

როგორც მელაშვილი წერილში წერს, მისი დაკავება ორ მიზანს ემსახურება: წინასაარჩევნო ტრიუკსა და საქართველოს პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობების გაფუჭებას. 

"უპირველეს ყოვლისა, თქვენ მინდა მოგილოცოთ დამდეგი 2021 წელი ბატონო ბიძინა, რამეთუ პირადად თქვენ გეკუთვნით გამარჯვებულის ლავრა, როგორც 2020 წლის არჩევნებში, ასევე გასული 8 წლის განმავლობაში მიღწეული ყველა წარმატებასა თუ წარუმატებლობაში, რაც საქართველოსა და მის მცხოვრებლებზე აისახა.

მართალია, არსებობენ მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ –  ტყუილებითა და ცრუ დაპირებებით მოვიდაო ქვეყნის სათავეში.  უვარგისი ხალხი შემოიკრიბა გარშემოო, რომლებიც ქვეყნისთვის არაფრის მაქნისები არიან და მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა ადარდებთო. ხოლო მათ შორის, თუ შემთხვევით ისეთებიც გამოერივნენ, რომელთაც მოიწადინეს საჭირო საქმეების კეთება, მოისროლაო ხელისუფლებიდან, კომპრომატების და სხვადასხვა ბინძური მეთოდების გამოყენებითო. ამით იმას გავუსვათ ხაზი, რომ თავის ხელქვეითებს სასიკეთო ინიციატივები კი არ მოეთხოვებათ, არამედ მხოლოდ თქვენი ბრძანებების, დავალებების და სურვილებბის უსიტყვოდ შესრულება. თანაც, მზად უნდა იყვნენ, დღე-ღამის ნეისმიერ დროს, ხოტბა შეგასხან თქვენ, ხოლო საზოგადოებასა და დაინტერესებულ პირებს თვალებში ნაცარი შეაყარონ. სამაგიეროდ, მათთვის დასაშვებია პირადი ინტერესების დაკმაყოფილება, კორუფციული გარიგებები, ქონების დაგროვება (ოღონდ თქვენს „მადას“ არ უნდა მიუახლოვდნენ), ნათესავებისა და მეგობრების დასაქმება  (ოღონდ მათაც არ უნდა გამოიჩინონ სასიკეთო ინიციატივები).

თვითონ კი, ვითომდა, გვერდზე გადგა, სინამდვილეში სრულიად დაიქვემდებარა საქართველოს მთავრობა, პარლამენტი, პრეზიდენტის ინსტიტუტი, ადგილობრივი თვითმმართველობები და მასმედიის უმეტესი ნაწილიო (მთლიანად ვერ მოახერხაო, მაგრამ მცდელობას არ აკლებსო). მართლმსაჯულების სისტემა (პროკურატურა, სასამართლო, შსს, სუს-ი) ხომ დიდი ხანია თავისი ნებისა და ხუშტურების მოწინააღმდეგეთა მიმართ სადამსჯელო ინსტანციებად აქციაო, რომლებიც ყოველგვარი ღირსების და პროფესიული ღირებულებების უგულებელყოფით, მზად არიან ნებისმიერი ბინძური დავალების შესასრულებლადო;- პუტინის კაციაო.

მის მიერ დაქვემდებარებული მთელი სახელისუფლებო პირამიდა არ აკლებს მცდელობას, რომ ქვეყანამ უარი თქვას ევროკავშირის წევრობასა და ნატოსთან ინტეგრაციაზე და გეზი აიღოს რუსეთსა და მის შვილობილ ევროაზიური კავშირისაკენო. ამისთვის სჭირდებათო საქართველოს ეკონომიკის დაქცევა, ხალხის გაღარიბება და დაძაბუნება, განათლების სისტემის მოშლა, რადგან ღარიბი და უსწავლელი, ამასთან, ნიჰილიზმით შეპყრობილი მასა უფრო იოლი სამართავიაო;- ნებისმიერი ყალბი, უღირსი, ბინძური მეთოდების გამოყენებით ებრძვის ოპოზირიურ პარტიებს და ოპოზიციურ მასმედიასო.

ყველა მტრად გაიხადა, ვინც კი მის მიდგომებს ეწინააღმდეგება და არც დაპატიმრებებს ერიდება, ყალბი ბრალდებებითო;- ხელისუფლება გაუტკბა და მისი გახანგრძლივების მიზნით არჩევნების გაყალბებასაც არ ერიდებაო. ყველანაირ ფოკუსს, ტყუილს და უკადრებელს იკადრებს ამ მიზნითო. 

აბა, რა გითხრათ, ჩემს წილად საკუთარ მაგალითზე გამოვცადე თქვენი მთავრობისა და მართლმსაჯულების უსამართლობა- ამიტომაც ვზივარ ციხეში. მაგრამ, უფრო მთავარი სხვა რამეა. ჩემს წინააღმდეგ აღძრული საქმე ემსახურება ორ მიზანს: წინასაარჩევნო ტრიუკის ჩატარებას, პოლიტიკური ოპონენტების გასაშავებლად, ბინძური და უღირსი მეთოდით და საქართველოს პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობების გაფუჭებას, ჩვენი მტრის- რუსეთის ფედერაციის საამებლად. ეს ორივე მიზანი უკიდურესად საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის". - წერს მელაშვილი. 

მელაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც ეხმაურება. 

"ის, რა შედეგიც ამ განვლილ არჩევნებში დაიდო, დიდწილად ჩვენს საზოგადოებაში, ამ დუხჭირ და უპერსპექტივო გარემოში დამკვიდრებული ნიჰილიზმის შედეგია. მავანი სპეციალურად ამკვიდრებს ასეთ გარემოს, ვინაიდან კარგად ესმის, რომ უიმედო მასის მართვა იოლია". 

მელაშვილი წერილში საკუთარ თავს "ამ მთავრობის უკანონო პატიმარსა და ბრალდებულს" უწოდებს. 

"გისურვებთ, ამოიკვეთოთ უიმედობა! კრიტიკულად შეხედეთ დაპირებებსა და ტყუილებით გაჯერებული ანგარიშებს. გააანალიზეთ პერსპექტივები, ნუ შეგაშინებთ სიახლეები და თამამად მიიღეთ გადაწყვეტილებები. გადაწყვეტილებების მიღება - ეს მთავარია, რაზედაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვთქვათ უარი. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ვიყოთ არა მხოლოდ მასა, არამედ თავისუფალი ხალხის საზოგადოება, რომელიც თავად იღებს გადაწყვეტილებებს და საზღვრავს თავის მომავალს.

კეთილი სურვილებით და მომავლის იმედით,

ამ მთავრობის უკანონო პატიმარი და ბრალდებული

ივერი მელაშვილი”

30 ნოემბერს, 214 თავდების მიუხედავად, სასამართლომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ექსპერტთა კომისიის დაკავებული თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა.

პროცესის პარალელურად სასამართლოს შენობასთან სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა.

27 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია გაიმართა. მხარდამჭერების თქმით, აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იმიტომ გაიმართა, რომ იქ "მუშაობენ ადამიანები, რომლებიც მრავალწლიანი თანამშრომლობის მიუხედავად, ძალიან სამარცხვინოდ, უბრალოდ არ აწვდიან დაკავებულების ადვოკატებს მასალებს, რომლებიც უდავოდ გამოდგება იმისთვის, რომ დამტკიცდეს მათი უდანაშაულობა".

საპროტესტო აქციების პარალელურად ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის უფლებადამცველები მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, სურვილის შემთხვევაში, თავდებად დასდგომოდნენ კომისიის დაპატიმრებულ წევრებს. უფლებადამცველების ინფორმაციით, დაკავებულების თავდებში ჩადგომას 214 ადამიანი დასთანხმდა. ასევე, ადვოკატები საქმეზე ბიძინა ივანიშვილისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვასაც ითხოვენ. ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში უშუალოდ იყო ჩართული საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

კომენტარები