დავითგარეჯის საქმე

"ამ მთავრობის უკანონო პატიმარი და ბრალდებული" – ივერი მელაშვილის წერილი ციხიდან

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულმა ივერი მელაშვილმა ციხიდან წერილს გამოგზავნა.  წერილს რადიო თავისუფლება ავრცელებს. 

წერილში, მელაშვილი წერს, რომ მან პირადად გამოსცადა ივანიშვილის მთავრობისა და მართლმსაჯულების უსამართლობა და ქვეყანაში ყველა სახელმწიფო უწყება და ინსტიტუცია ერთი კაცის ნებას ემორჩილება. 

მელაშვილი წერილში ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. 

"ჩემს წილად საკუთარ მაგალითზე გამოვცადე თქვენი მთავრობისა და მართლმსაჯულების უსამართლობა - ამიტომაც ვზივარ ციხეში. მაგრამ უფრო მთავარი სხვა რამეა. ჩემ წინააღმდეგ აღძრული საქმე ემსახურება ორ მიზანს: წინასაარჩევნო ტრიუკის ჩატარებას, პოლიტიკური ოპონენტების გასაშავებლად, ბინძური და უღირსი მეთოდით და საქართველოს პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობების გაფუჭებას, ჩვენი მტრის - რუსეთის ფედერაციის საამებლად. ეს ორივე მიზანი უკიდურესად საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის.

არ მგონია, რომ ჩემი მოლოცვა მნიშვნელოვანი იყოს თქვენთვის, მაგრამ მაინც მინდა გისურვოთ, რომ მალე, მოესწროთ ყოველივეს, რასაც იმსახურებთ: სიკეთისთვის-სიკეთეს, მადლისთვის-მადლს, სიყალბისთვის- სიყალბეს, ბოროტებისთვის-ბოროტებას, სიძულვილისთვის-სიძულვილსა და რისხვას და ა.შ."

მელაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც ეხმაურება. 

"ის, რა შედეგიც ამ განვლილ არჩევნებში დაიდო, დიდწილად ჩვენს საზოგადოებაში, ამ დუხჭირ და უპერსპექტივო გარემოში დამკვიდრებული ნიჰილიზმის შედეგია. მავანი სპეციალურად ამკვიდრებს ასეთ გარემოს, ვინაიდან კარგად ესმის, რომ უიმედო მასის მართვა იოლია". 

მელაშვილი წერილში საკუთარ თავს "ამ მთავრობის უკანონო პატიმარსა და ბრალდებულს" უწოდებს. 

"გისურვებთ, ამოიკვეთოთ უიმედობა! კრიტიკულად შეხედეთ დაპირებებსა და ტყუილებით გაჯერებული ანგარიშებს. გააანალიზეთ პერსპექტივები, ნუ შეგაშინებთ სიახლეები და თამამად მიიღეთ გადაწყვეტილებები. გადაწყვეტილებების მიღება - ეს მთავარია, რაზედაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვთქვათ უარი. ეს საჭიროა იმისათვის, რომ ვიყოთ არა მხოლოდ მასა, არამედ თავისუფალი ხალხის საზოგადოება, რომელიც თავად იღებს გადაწყვეტილებებს და საზღვრავს თავის მომავალს.

კეთილი სურვილებით და მომავლის იმედით,

ამ მთავრობის უკანონო პატიმარი და ბრალდებული

ივერი მელაშვილი”

30 ნოემბერს, 214 თავდების მიუხედავად, სასამართლომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ექსპერტთა კომისიის დაკავებული თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა.

პროცესის პარალელურად სასამართლოს შენობასთან სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა.

27 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია გაიმართა. მხარდამჭერების თქმით, აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იმიტომ გაიმართა, რომ იქ "მუშაობენ ადამიანები, რომლებიც მრავალწლიანი თანამშრომლობის მიუხედავად, ძალიან სამარცხვინოდ, უბრალოდ არ აწვდიან დაკავებულების ადვოკატებს მასალებს, რომლებიც უდავოდ გამოდგება იმისთვის, რომ დამტკიცდეს მათი უდანაშაულობა".

საპროტესტო აქციების პარალელურად ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის უფლებადამცველები მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, სურვილის შემთხვევაში, თავდებად დასდგომოდნენ კომისიის დაპატიმრებულ წევრებს. უფლებადამცველების ინფორმაციით, დაკავებულების თავდებში ჩადგომას 214 ადამიანი დასთანხმდა. ასევე, ადვოკატები საქმეზე ბიძინა ივანიშვილისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვასაც ითხოვენ. ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში უშუალოდ იყო ჩართული საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

კომენტარები