ხანძარი

საგანგებო: რაჭა-ლეჩხუმში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო. 

"მეხანძრე-მაშველებთან ერთად ის ონჭევი-წოლას კერის ქრობას შეუერთდება. რეგიონში აღნიშნული კერის გარდა, დარჩენილია 2 კერა: ჩქუმში ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ხოლო ლაილაშში გრძელდება ხანძრის ქრობა. ამ ლოკაციებზე ცეცხლი ქვედა საფარს უკიდია და მეხანძრე-მაშველები ინდივიდუალური სპეცტექნიკით აგრძელებენ სამუშაოებს".– წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის: 

ხანძარი წყალტუბოში, სოფელ ზარათსა და ხონში, სოფელ ძეძილეთში ლიკვიდირებულია.

ხანძარია ხარაგაულში, სოფელ ნადაბურსა და ჭიათურაში, სოფელ ნავარძეთში. სოფლებში მობილიზებული არიან მეხანძრე- მაშველები და მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.

აჭარაში, ქედაში, სოფელი ბზუბზუში ხანძარი ჩააქრეს. უწყების ინფორმაციით, დარჩენილია რამდენიმე მცირე მხრჩოლავი კერა და მიმდინარეობს მათი დამუშავება.

წალენჯიხაში, სოფელ ჯაღირაში, ხანძარი ასევე ლიკვიდირებულია. სალოკალიზაციო სამუშაოები გრძელდება ჯვარში, სოფელ მუჟავში, წალენჯიხაში, სოფელ სქურში და მარტვილში, სოფელ ბალდაში. საგანგებოს ინფორმაციით, სამივე სოფელში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

მათივე ცნობით, დილის შემდეგ ხანძრის შესახებ შეტყობინება შევიდა აბაშიდან, სოფელ წყემიდან - ცეცხლი ქვედა საფარს უკიდია. უწყების ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია როგორც სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, ასევე, მეხანძრე-მაშველების ქვეითი შემადგენლობა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში, კასპში, რკონის ხეობაში იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი, ბუჩქები და ხეები. ხანძარი დასახლებული პუნქტიდან 11 კილომეტრის დაშორებითაა. მობილიზებულია შესაბამისი ავტო ტექნიკა, ასევე მეხანძრე-მაშველთა ქვეითი ჯგუფები.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს - თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე". – წერია განცხადებაში.

კომენტარები