კორონავირუსი საქართველოში

ქსნის პენიტენციური დაწესებულების ერთი პატიმარი Covid-19-ით გარდაიცვალა

მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ თქვა, რომ ქსნის პენიტენციური დაწესებულების ერთი პატიმარი კორონავირუსით გარდაიცვალა. მისი თქმით პატიმარი სიმპტომების აღმოჩენისთანავე სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„გვყავს გარდაცვლილი პატიმარი. მასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაჟღერებული იყო სპეციალური პენიტენციური დაწესებულების მიერ პირველ იანვარს გაკეთებულ განცხადებაში. როგორც კი სიმპტომები დადასტურდა, გადაიყვანეს სამოქალაქო კლინიკაში და სამოქალაქო კლინიკაში უკვე მეშვიდე დღეს უფრო დაუმძიმდა მდგომარეობა. როგორც არის გათვალისწინებული  პრაქტიკით, მოხდა აქტირება. ეს არ არის მარტო ჩვენთან, პრაქტიკით ხშირად ხდება ამ საფუძვლით ადამიანის აქტირება. სამოქალაქო კლინიკაში გარდაიცვალა. ეს იყო ქსნის დაწესებულების პატიმარი". - თქვა მან.

5 იანვარს ცნობილი გახდა, რომ N5 პენიტენციურ (ქალთა) დაწესებულებაში მყოფ 329 ბრალდებულ/მსჯავრდებულს ახალ კორონავირუსზე PCR-ტესტი ჩაუტარდა, საიდანაც 23 პატიმარს ვირუსი დაუდასტურდა. 

პენიტენციური სამსახურის ცნობით, არცერთ მათგანს Covid-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არ აქვს და თავს კარგად გრძნობენ. უწყების ცნობით, ისინი დაწესებულების დანარჩენი ნაწილისგან იზოლირებულად, საკარანტინო სივრცეში მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ არიან. 

პენიტენციური სამსახურის ცნობით, დაწესებულების თანამშრომლები სამუშაოზე ინდივიდუალური დამცავი საშუალებით არიან აღჭურვილები და კვირაში ერთხელ PCR-ტესტი უტარდებათ, 72 საათში ერთხელ კი – სწრაფი ტესტი. 

უწყების ცნობით, ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების ტესტირება 31 დეკემბერს დაიწყეს. ქალთა პენიტენციური დაწესებულების გარდა, ტესტირება ჩაუტარდათ N11 (არასრულწლოვანთა) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 22 მსჯავრდებულს. ყველა პასუხი უარყოფითი იყო.

"მინდა ყველა დაგამშვიდოთ. პენიტენციურ სისტემაში ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს, როგორც ექვემდებარებოდა აქამდე...არავითარი საფუძველი აჟიოტაჟის არ არსებობს. ჩვენ 9 ათასამდე ადამიანისა და მათი ოჯახების წინაშე ვართ პასუხისმგებლები. არავითარი საფუძველი შეშფოთების არ არსებობს". - თქვა ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა.

6 იანვრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ინფიცირების 233 879 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 223 276 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 666 კი გარდაიცვალა.

გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 800 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 20 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 489 პაციენტი. 

კომენტარები