ანტისემიტიზმი ეკლესიაში

იციკ მოშე ჟვანიაზე: შემაშფოთებელია საქართველოს ელჩის კომენტარი მეუფე იოანეს განცხადებაზე

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი, იციკ მოშე საკუთარ Facebook-გვერდზე გამოეხმაურა საქართველოს ელჩის ისრაელში, ლაშა ჟვანიას, კომენტარს ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს ანტისემიტურ ქადაგებაზე. იციკ მოშეს თქმით, ლაშა ჟვანია ცდილობს, მიტროპოლიტს ააცილოს პასუხისმგებლობა ანტისემიტურ განცხადებაზე.

"კიდევ უფრო შემაშფოთებლად მიგვაჩნია ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას გამოხმაურება მიტროპოლიტ იოანეს განცხადებაზე. ის გვერდს უვლის მიტროპოლიტის ანტისემიტურ გამონათქვამებს და ცდილობს, მას პასუხისმგებლობა ააცილოს გაუგებარი "განმარტებებით" . – წერს იციკ მოშე.

ბიზნეს პალატის პრეზიდენტი "ისრაელის სახლის" სახელით  მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, შესაბამისი ინსტიტუციების ჩართულობით მოხდეს მოცემულ პირთა განცხადებებზე დროული და ადეკვატური რეაგირება.

"ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერმინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ახლა ყველაზე ცუდი პრობლემის წაყრუება იქნება და ეს შეუძლია, გააკეთოს მან, ვისაც არ ადარდებს ხალხთა იმიჯი. ამიტომ, "ისრაელის სახლი" მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით, შესაბამისი ინსტიტუციების ჩართულობით, მოხდეს ზემოაღნიშნულ პირთა განცხადებებზე დროული და ადეკვატური რეაგირება" . – წერს საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი.

მეუფე იოანემ ებრაელთა თემი "ქრისტიანთა მდევნელად" წარმოადგინა, რომელთაც "დღესაც აქვთ გავლენა სამეფო კარზე". ამასთან, მიტროპოლიტმა იოანემ ისინი "ურწმუნო მოდგმადაც"  მოიხსენია. ქადაგების საპასუხოდ ბასილ კობახიძემ დაწერა, რომ "თავისი ანტისემიტიზმის გასამყარებლად სრულიად გაუკუღმართებულად მოჰყავს ერთი ამბავი წმ. ამბროსი მედიოლანელის ცხოვრებიდან." 

ბექა მინდიაშვილის შეფასებით კი, "ქრისტეს ჯვარცმაში ებრაელი ერის დადანაშაულება, ებრაელთა "ურწმუნო მოდგმად" შერაცხვა არის ქრისტიანობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მორალური, თეოლოგიური და იურიდული დანაშაული, ეკლესიების სამარცხვინო პოზიცია იყო ინსტიტუციონლური ანტისემიტიზმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საფუძველი." 

მეუფე იოანეს ქადაგებას ქადაგებას ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტიც (TDI) გამოეხმაურა.  TDI გმობს საეკლესიო ანტისემიტიზმს და აცხადებს, რომ იოანე გამრეკელის ქადაგება უკიდურესად შემაშფოთებელია. 

ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ კი დაწერა, რომ მეუფე იოანეს კრიტიკა ცილისწამებაა, ებრაელების და სხვა ერების სიყვარული კი მას მეუფე იოანემ გაუძლიერა.

კომენტარები