ამნისტია

მამა გურამი: ნილს ბორის დამატებითობის პრინციპია, მთავრობა და ეკლესია ამავსებლებია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ამნისტიის შესახებ კანონის განხილვა გაიმართა. სხდომას ესწრებოდა საპატრიარქოს წარმომადგენელი, მამა გურამ ოთხოზორია. მან თქვა, რომ პატრიარქის იუბილეზე მისთვის საჩუქარი იქნებოდა უვადო პატიმრებისათვის სასჯელის შემსუბუქების საკითხის განხილვა.

"ეს არ არის კანონის დარღვევა. არსებობს უზენაესი კანონი. რუსთაველი ამბობს "ქმნა მართლისა სამართლისა". არის სამართალი, რომელიც ქაღალდში ეტევა, მაგრამ არის სამართალი, რომელიც ქაღალდში არ ეტევა. სწორედ, ამ ქრისტიანულ  მიდგომაზე დგას ევროპის სამართალი, ამერიკის კონსტიტუციაც ამაზეა აშენებული, მუხლებზე ჩოქვით და ქრისტესადმი ლოცვით შეიქმნა ამერიკის კონსტიტუციაც და სამართალიც". – თქვა მან.

მან სურვილი გამოთქვა შეიქმნას კომისია, რომელიც ამ საკითხს განიხილავს. გარდა ამისა, მან შეაქო მთავრობა და თქვა, რომ 2012 წლის შემდეგ დიდი ნაბიჯები გადადგმული და "ადამიანი გახდა მიზანი".

"ეკლესიის ასეთი დამოკიდებულება, მოთხოვნა, თითქოს მთავრობასთან ან პარლამენტთან და საბოლოო ჯამში ხალხთან მოდის წინააღმდეგობაში, რომ, დავუშვათ, პარლამენტი ითხოვს არაფერი არ შეეხოს, მეოთხედის შემსუბუქებაც, მოძალადეებს, ყაჩაღობაზე, მკვლელობაზე და თითქოს, ეკლესია ამ მიმართულებით წინააღმდეგობაში მოდის. სინამდვილეში წინააღმდეგობა კი არ არის, ნილს  ბორს აქვს ასეთი დამატებითობის პრინციპი, ეს ამავსებლებია, ეს არის ორი დამოკიდებულება, ზრუნვა, მეთოდი ადამიანის გამოსწორებისა, რაც მიზანია და დარწმუნებული ვარ, ჩვენი სახელმწიფო შედგა ამ მიმართულებით. მე პირადად ვარ მომსწრე, 7 წელია, საპატიმროებში დავდივარ და როგორი დამოკიდებულებაა პატიმრების მიმართ. მე არ ვყოფილვარ, მაგრამ ალბათ ევროპის ქვეყნებს შეშურდებოდათ". – თქვა მან.

 იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ ამნისტიის შესახებ კანონის მოქმედების არეალი, შესაძლოა, გაფართოვდეს და გარკვეულ დანაშაულებზე სასჯელის არა სრულად, არამედ ნაწილობრივ შემსუბუქება, კერძოდ, მისი განახევრება ან მეოთხედით შემცირება მოიცვას.

პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი პირველი მოსმენით უკვე მიიღო.

კომენტარები