ანტისემიტიზმი ეკლესიაში

ისრაელის ელჩისთვის იმედისმიმცემია, რომ მეუფე იოანემ ქადაგება განმარტა და ანტისემიტიზმი დაგმო

საქართველოში ისრაელის ელჩი, რან გიდორი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, იოანე გამრეკელის ქადაგებასა და მის შემდგომ განმარტებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“20 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა, ქუთაის-გაენათის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე იოანე გამრეკელმა ბაგრატის ტაძარში წარმოთქვა ქადაგება, რომელიც სხვადასხვა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა და ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებით შემაშფოთებელია. ამიტომ ჩემთვის იმედისმომცემი იყო 31 დეკემბერს მიტროპოლიტის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული განცხადება, რომელშიც მან განმარტა, რა იყო ნაგულისხმები მის სიტყვაში, კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი პატივისცემა ებრაელი ხალხის მიმართ და დაგმო ანტისემიტიზმი.

ორი ათას წელზე მეტია საქართველო მშობლიური სახლია წარმატებული ებრაული თემისთვის და ჩვენი ქართველი მეგობრები და პარტნიორები ყოველთვის სამართლიანად ამაყობენ იმ ფაქტით, რომ მათ ქვეყანაში ანტისემიტიზმი ფაქტიურად არ არსებობდა. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეს უკანასკნელი განცხადება და ტოლერანტობის გზავნილი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთ თვეზე ნაკლებია დარჩენილი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღემდე (27 იანვარი) და სულ რამდენიმე კვირაა გასული, რაც ისრაელმა - ებრაულმა სახელმწიფომ - გულუხვად გაიღო სახსრები და ასევე გადასცა აღჭურვილობა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისს, რათა დაეხმაროს საქართველოს Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში.

ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ახალ წელს შევხვდეთ ღრმა რწმენით, რომ ქართველებსა და ებრაელებს შორის მეგობრობა ისეთი მტკიცეა, როგორც არასდროს და რომ რომ ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ფანატიზმს ქართულ საზოგადოებაში ადგილი არ აქვს". –წერია ელჩის განცხადებაში.
 

 

კომენტარები