კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: დღესასწაულის დროს ცოტა ადამიანი მივიდოდა ტესტირებაზე, შემთხვევების კლება ამიტომაა

თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების კლება გამოწვეულია იმით, რომ დღესასწაულების დროს ბევრად ნაკლები ადამიანი გაიტესტა და ეს ინფექციის რეალურ კლებას არ ნიშნავს.

"ბოლო 2 დღის განმავლობაში ჩვენ შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი გვაქვს არა ჭეშმარიტი კლების საფუძველზე, არამედ, იმის გამო, რომ დღესასწაულების პერიოდში, ძალიან ცოტა ადამიანი მივიდოდა ტესტირებისთვის და გადაავადებდა ამას ხვალამდე.

ვფიქრობ, რომ მომდევნო კვირის განმავლობაში გარკვეული მატება გვექნება, არა იმის გამო, რომ რეალურად მატებაა, არამედ იმიტომ, რომ მეტი შემთხვევა გამოვლინდება. ტესტირების შედეგად ​დადებითობის მაჩვენებელი ​კვლავაც რჩება 11%-ის ფარგლებში. ჩვენი მიზანია, ეს მაჩვენებელი შემცირდეს 5%-მდე და ჩამოვიდეს დაბლა. სწორედ ამის შემდეგ გვექნება საფუძველი ვთქვათ, რომ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი იკლებს და იმის შანსი, რომ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მივიღებთ ახალ პიკს, იქნება ნაკლები".- ამბობს გაბუნია. 

მისივე თქმით,  მომდევნო კვირას შემთხვევების მომატება მოსალოდნელია, რადგან ფართო ტესტირება იგეგმება. 

გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 417  შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 31 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 2 469 პაციენტი.  გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში 2 795  ტესტი ჩატარდა, მათ შორის 1 868 კვლევა ანტიგენის ტესტით და 927 PCR ტესტით.

3 იანვრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში ინფიცირების 229 169 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 220 442 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 603 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 6 098 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები