კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: მიზანშეწონილია მათი აცრა, ვინც უკვე გადაიტანა COVID-19 – ჩვენს გეგმაშიცაა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, მიზანშეწონილია იმ მოქალაქეების აცრა, ვინც უკვე გადაიტანა COVID-19. მისივე თქმით, ვინაიდან, ბოლო კვლევების მიხედვით, ინფექციის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი 6-8 თვე ნარჩუნდება, პრიორიტეტია გასული წლის პერიოდში ინფიცირებული მოქალაქეების აცრა.

"ინფექციის გადატანის შემდეგ, პირველი კვლევები როგორც ამბობს, რჩებათ იმუნიტეტი მინიმუმ 6-7-8 თვე, მაგრამ ამ ადამიანების ვაქცინაციაც არის მიზანშეწონილი და ჩვენს გეგმაში არის ესეც, ანუ ვინც გადაიტანა. 

რა თქმა უნდა, ვინც გადაიტანს ამას თებერვალში, მარტში, ის არ იქნება აუცილებელი, მაგრამ ვინც შარშანდელ თებერვალში ან მარტში გადაიტანა, ან აპრილში უფრო რეკომენდებული იქნება, რომ აიცრას. უნდა აცრათ მოზრდილი მოსახლეობის 60% და მაშინ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მომავალი ახალი წელი ჩვენთვის იქნება ბევრად უფრო თავისუფალი, ბევრად უფრო ძველებური". – თქვა გამყრელიძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 41 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 2 766 ადამიანი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 769 ტესტი. 

28 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 222 143 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 206 313 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 418 კი გარდაიცვალა.

კომენტარები