კორონავირუსი საქართველოში

რა თანმიმდევრობით აიცრებიან მოქალაქეები COVID-ვაქცინით – ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა თანმიმდევრობით აიცრებიან მოქალაქეები ქვეყანაში COVID-ვაქცინის შემოსვლის შემდეგ. გამყრელიძის თქმით, პირველი სამედიცინო პერსონალი იქნება. 

"ყველაზე მაღალი რისკჯგუფი ჩემი კოლეგები არიან – სამედიცინო დარგის მუშაკები, პირველ რიგში ისინი აიცრებიან. 

შემდეგ შემუშავებული გეგმა არის, რომ უნდა აიცრან მოხუცთა სახლების ბინადარნი. ამის შემდეგ საუბარია, რომ ავცრით ასაკის მიხედვით – 75 წელს ზემოთ, შემდეგ 65 წელს ზემოთ, რადგან ისინი ყველაზე მოწყვლადი ფენა გახლავთ. 

ამის შემდეგ მოდის მოსახლეობის ჯგუფები, სადაც არის თანმხლები დაავადებები, განსაკუთრებით ქრონიკული თანმხლები დაავადებები – დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ფილტვის სიტემის, სასუნთქი სისტემის დაავადებები და ასე შემდეგ". – თქვა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროტოკოლი თვის ბოლომდე დამტკიცდება და გამოქვეყნდება.  

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლის შემდეგ ის პირველი იქნება, ვინც აიცრება, იმიტომ რომ ყველა მიმართულებით არის რისკჯგუფში.

"ამირან გამყრელიძე აიცრება პირველ რიგში, ამირან გამყრელიძე ყველა მიმართულებით არის რისკჯგუფი. ამირან გამყრელიძე ექიმია, ამირან გამყრელიძის წლოვანება სწორედ არის 65 წელს ზემოთ, ამიტომ გპირდებით, როცა შემოვა საქართველოში ვაქცინა, პირველი ავიცრები და გაჩვენებთ, რომ COVID-ვაქცინა ნამდვილად გახლავთ სასარგებლო ადამიანებისთვის". – ამბობს გამყრელიძე. 

ამირან გამყრელიძემ 3 დეკემბერს თქვა, რომ ქვეყანაში ახალ კორონავირუსზე ვაქცინაცია მარტ-აპრილში დაიწყება.

გამყრელიძის თქმით, საქართველოს Covax-თან უკვე აქვს გაფორმებული კონტრაქტი 1 400 000 დოზა ვაქცინის მიღებაზე, თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, რომელი წარმოების ვაქცინას მივიღებთ, იქნება ეს ბრიტანული, ამერიკული, იტალიური, გერმანული, თუ სხვა.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული 46 პაციენტი გარდაიცვალა. დადასტურდა ინფიცირების 824 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 227 ადამიანი. 21 დეკემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 22 628 აქტიური შემთხვევაა.

21 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 209 462 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 184 668 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 140 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები