კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: თუ შეზღუდვებს გავაგრძელებთ იანვრის ბოლომდე, გვექნება 1571 ყოველდღიური შემთხვევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში არსებული შეზღუდვების გაგრძელებით, იანვრის ბოლოს კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 1571 იქნება. გამყრელიძის თქმით, ეს მაჩვენებელი აერთიანებს ტესტირებით გამოუვლენელ და გამოვლენილ შემთხვევებს.

"თუ ჩვენ, დაახლოებით, ამ ტიპის შეზღუდვებს გავაგრძელებთ იანვრის ბოლომდე, რაც დღეს მოქმედებს ქვეყანაში, იანვრის ბოლოსთვის გვექნება 1571 ყოველდღიური შემთხვევა, ეს შემთხვევების რაოდენობა იქნება, რასაც იჭერს სისტემა და რასაც ვერ იჭერს. რასაც დაიჭერს, ეს იქნება, დაახლოებით, 800-900, რასაც ვერ დაიჭერს, იქნება, დაახლოებით, 600-700". – თქვა გამყრელიძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 41 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 2 766 ადამიანი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 769 ტესტი. 

28 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 222 143 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 206 313 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 418 კი გარდაიცვალა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

რა შეზღუდვები მოიხსნა 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით   წაიკითხეთ აქ.

კომენტარები