ახალი კორონავირუსის ახალი ვარიანტი

Covid-19-ის ახალი ვარიანტი შვედეთში ამოიცნეს

AFP

ახალი კორონავირუსის ახალი ვარიანტი შვედეთშიც ამოიცნეს. ვირუსის ახალი შტამი დაუდასტურდა ბრიტანეთიდან ჩასულ პირს. ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის ჯანმრთელობის სააგენტო ავრცელებს. 

პაციენტი იზოლირებულია. ახალი შტამის სხვა შემთხვევა შვედეთში ჯერჯერობით არ დადასტურებულა. 

შვედეთმა ამ თვის დასაწყისში ბრიტანეთიდან ჩამოსული მგზავრებისთვის სამოგზაურო შეზღუდვა დააწესა.

25 დეკემბერს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის, ჰანს კლუგეს განცხადებით, ევროპის რეგიონის 8 ქვეყანაში ამოიცნეს COVID19-ის ახალი ვარიანტი VOC-202012/01. მას არ დაუკონკრეტებია ეს ქვეყნები.

კლუგე ასევე  წერს, რომ ეს ვარიანტი, როგორც ჩანს, ვრცელდება ახალგაზრდების ასაკობრივ ჯგუფებში, განსხვავებით წინა შტამებისგან - "სიფხიზლე მნიშვნელოვანია, როდესაც მიმდინარეობს მისი გავლენის განსაზღვრა".

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში, კორონავირუსის ახალი ვარიანტის პირველი შემთხვევა დადასტურდა. შემთხვევა ქალაქ ტურში დაუდასტურდა საფრანგეთის მოქალაქეს, რომელიც ლონდონიდან 19 დეკემბერს ჩავიდა. საფრანგეთის ჯანმრთელობის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი უსიმპტომო იყო და ახლა ის სახლშია, თვითიზოლაციაში. 

25 დეკემბერს იაპონიაშიც გამოვლინდა კორონავირუსის ახალი ვარიანტის 5 შემთხვევა. პირები, რომლებსაც ახალი ვარიანტის კორონავირუსი დაუდასტურდათ, ბრიტანეთიდან ჩავიდნენ. მანამდე, ახალი ვარიანტის შემთხვევები დანიაში, ნიდერლანდებში და ავსტრალიაში გამოვლინდა

ახალი შტამი გამოვლინდა იტალიაშიც.

14 დეკემბერს ბრიტანეთში განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალ შტამი გამოავლინეს და ის 70%-ით უფრო გადამდებია

23 დეკემბერს გაერთიანებულ სამეფოში ამოიცნეს  კორონავირუსის კიდევ ერთი, ახალი, "უფრო გადამდები" შტამის ორი შემთხვევა, აცხადებს ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი, მეტ ჰენკოკი. ორივე შემთხვევა უკავშირება სამხრეთ აფრიკიდან მოგზაურობას, სადაც ამ ახალმა შტამმა შემთხვევათა მკვეთრი ზრდა გამოიწვია. 

კომენტარები