COVID-19-ის ახალი ვარიანტი

კლუგე: COVID19-ის ახალი ვარიანტი ევროპის რეგიონის 8 ქვეყანაში ამოიცნეს

ჰანს კლუგე
WHO

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის, ჰანს კლუგეს განცხადებით, ევროპის რეგიონის 8 ქვეყანაში ამოიცნეს COVID19-ის ახალი ვარიანტი VOC-202012/01.

მას არ დაუკონკრეტებია ეს ქვეყნები.

ჰანს კლუგე წერს, რომ აუცილებელია არსებული დამცავი ზომების გაძლიერება, დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება. მისივე თქმით, ჯანმო განაგრძობს მონიტორინგს.

კლუგე ასევე  წერს, რომ ეს ვარიანტი, როგორც ჩანს, ვრცელდება ახალგაზრდების ასაკობრივ ჯგუფებში, განსხვავებით წინა შტამებისგან - "სიფხიზლე მნიშვნელოვანია, როდესაც მიმდინარეობს მისი გავლენის განსაზღვრა".

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში, კორონავირუსის ახალი ვარიანტის პირველი შემთხვევა დადასტურდა. შემთხვევა ქალაქ ტურში საფრანგეთის მოქალაქეს დაუდასტურდა, რომელიც ლონდონიდან 19 დეკემბერს ჩავიდა. საფრანგეთის ჯანმრთელობის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი უსიმპტომო იყო და ახლა ის სახლში თვითიზოლაციაშია

25 დეკემბერს იაპონიაშიც გამოვლინდა კორონავირუსის ახალი ვარიანტის 5 შემთხვევა. პირები, რომლებსაც ახალი ვარიანტის კორონავირუსი დაუდასტურდათ, ბრიტანეთიდან ჩავიდნენ. მანამდე, ახალი ვარიანტის შემთხვევები დანიაში, ნიდერლანდებში და ავსტრალიაში გამოვლინდა

ახალი შტამი ასევე გამოვლინდა იტალიაში.

14 დეკემბერს ბრიტანეთში განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალ შტამი გამოავლინეს და ის 70%-ით უფრო გადამდებია

23 დეკემბერს გაერთიანებულ სამეფოში ამოიცნეს  კორონავირუსის კიდევ ერთი, ახალი, "უფრო გადამდები" შტამის ორი შემთხვევა, აცხადებს ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი, მეტ ჰენკოკი. ორივე შემთხვევა უკავშირება სამხრეთ აფრიკიდან მოგზაურობას, სადაც ამ ახალმა შტამმა შემთხვევათა მკვეთრი ზრდა გამოიწვია. 

კომენტარები