თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი

"მილიარდ 100 მილიონ ლარზე მეტი" – საკრებულომ დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის მოცულობა განისაზღვრა მილიარდ 50 მილიონი ლარით, რომელსაც 2021 წლის იანვარში 50 მილიონი ლარი დაემატება. სულ კი, მომავალი წლის ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონ ლარზე მეტი იქნება.

თბილისის ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის თქმით, 2021 წლის ბიუჯეტი იმ გამოწვევებს პასუხობს, რაც ქალაქისთვის "კრიტიკულად მნიშვნელოვანია", როგორც ჯანდაცვის და სოციალური, ისე ინფრასტრუქტურული მიმართულებით.

2021 წლის ბიუჯეტის მესამედი ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს მოხმარდება. მათ შორის, საბინაო პროგრამების მიმართულებით, დაახლოებით, 60 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტიდან 425 მილიონი ლარი გამოიყოფა. მომავალ წელს დაგეგმილია რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. მათ შორისაა, ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, ვაკის პარკის რეაბილიტაცია, ვაკის პარკის კასკადისა და შადრევნის აღდგენის სამუშაოები, ჭაბუა ამირეჯიბისა და ყიფშიძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა, ზღვის უბნის პარკის მოწყობა, რისთვისაც 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ასევე, ახალი პარკი ვარკეთილის ხევში, რისთვისაც ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარამდე გამოიყოფა.

2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების გარდა, თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.

კომენტარები