რუსეთი

რუსი ოპოზიციონერის, სობოლის, წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს

ლიუბოვ სობოლი
FT

რუსეთში ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის ადვოკატის და ოპოზიციონერის, ლიუბოვ სობოლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე გახსნეს

25 დეკემბერს პოლიციამ სობოლის სახლი გაჩხრიკა და მისი კომპიუტერები და მობილურები წაიღო, ლიუბოვ სობოლი კი დაკითხვაზე წაიყვანეს.

ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის დირექტორმა ივან ჟდანოვმა თქვა, რომ გამომძიებლებმა სობოლის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს  "ძალადობის გამოყენებით ან მისი გამოყენების მუქარით" განხორციელებული დანაშაულისთვის, მას შემდეგ, რაც მან ზარი დარეკა ФСБ-ს აგენტის კარზე, რომელმაც ნავალნის მოწამვლა სცადა. 

21 დეკემბერს მას შემდეგ, რაც ნავალნიმ კონსტანტინ კუდრიავცევთან საუბარი გაავრცელა, სობოლი სხვა აქტივისტებთან და ჟურნალისტებთან ერთად ცდილობდა მის ნახვას. მაშინ კარი არავინ გაუღო. სობოლის ინფორმაციით, უშიშროების აგენტი სახლში იყო.

ის ადგილზევე დააკავეს. მაშინ სობოლის დაკავების მიზეზად პოლიციაში განაცხადეს, რომ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა იჩივლეს.

21 დეკემებერს ნავალნიმ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მან ფედერალური უშიშროების სააგენტოს თანამშრომელს, კონსტანტინ კუდრიავცევს დაურეკა, თავი რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანაშემწედ გააცნო და საკუთარ მოწამვლაზე კითხვები დაუსვა. 

ნავალნიმ  ФСБ-ს თანამშრომლებს აპლიკაციის გამოყენებით დაურეკა, რომელიც ნომრის შეცვლის საშუალებას იძლევა, რათა ზარის მიმღებს ჰგონებოდა, რომ სამსახურებრივი ФСБ-ს ნომრიდან ურეკავდნენ.

ალექსეი ნავალნი კუდრიავცევს 45 წუთს ესაუბრა. ნავალნიმ მას ჰკითხა, რა მოხდა, რა შეცდომები იყო დაშვებული, "რატომ მოხდა ტომსკში ნავალნისთან სრული ჩავარდნა". კუდრიავცევი თვლის, რომ ოპერაცია კარგად იყო დაგეგმილი. ოპერაციის წარუმატებლობა მან გარემოებათა დამთხვევით ახსნა. მისი აზრით, ნავალნი ვერ გადარჩებოდა, პილოტს სწრაფად რომ არ დაესვა თვითმფრინავი, ხოლო სასწრაფო დახმარების ექიმებს სიმპტომების შეფასების შემდეგ ატროპინი არ შეეყვანათ მის ორგანიზმში. საუბრისას ის, ასევე, ასახელებს ოპერაციის დანარჩენ მონაწილეებს, თავის უფროსს სტანისლავ მაკშაკოვს, მეცნიერ-ტოქსიკოლოგსა და ნოვიჩოკის სპეციალისტს, ასევე ივან ოსიპოვს, ალექსეი ალექსანდროვს. კუდრიავცევის თქმით, მოწამვლის შემდეგ სამხილების გაქრობაში ФСБ-ს აგენტებს სატრანსპორტო პოლიცია დაეხმარა. საუბრის სრული ჩანაწერი The Indider-მა გამოაქვეყნა.

ნავალნის ჩანაწერს უკვე გამოეხმაურნენ რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურში (ФСБ) და მას ყალბი უწოდეს. ФСБ-ში განაცხადეს, რომ ნავალნის ვიდეოს მიზანი მათი დისკრედიტაციაა და ამის უკან უცხოური დაზვერვა დგას.

პუტინის სპიკერი, დმიტრი პესკოვი ნავალნის "განდიდების მანიით შეპყრობილს" უწოდებს.

როგორ გამოიძია ალექსეი ნავალნიმ საკუთარი მკვლელობის მცდელობა ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ტაბულას სტატიაში.

კომენტარები