რუმინეთი

რუმინეთის პარლამენტმა პროდასავლური კოალიციური მთავრობა დაამტკიცა

რუმინელმა დეპუტატებმა დაამტკიცეს ცენტრისტული მემარჯვენე, პროდასავლური კოალიციური მთავრობა, რომელსაც სათავეში უდგას ყოფილი ფინანსთა მინისტრი ფლორინ ციტუ, რომელმაც პირობა დადო, რომ კორონავირუსის კრიზისს და მის მიერ გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებს გაუმკლავდება.

ახლად არჩეულ პარლამენტში 260-მა დეპუტატმა მისცა ხმა ციტუს კაბინეტის დამტკიცებას, 186 კი წინააღმდეგი იყო.

"ჩემს მთავრობას ორი მთავარი მიზანი ექნება: ჯანმრთელობის კრიზისის გადალახვა და ეკონომიკის სწორ მდგომარეობაში დაბრუნება", - თქვა ციტუმ პარლამენტის ორივე პალატის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

ციტუს, რომელიც ფინანსთა მინისტრი იყო ეროვნული ლიბერალური პარტიის (PNL) მთავრობაში, აქვს აშშ-ს აიოვის უნივერსიტეტის ეკონომიკის დიპლომი.

6 დეკემბრის არჩევნების შემდეგ, PNL-მა შექმნა ცენტრისტი მემარჯვენეების ალიანსი ახლად შექმნილ USR-PLUS ალიანსთან (ლიბერალურ-პროგრესული გადაარჩინე რუმინეთის ერთობის პარტიის (USR) და ცენტრისტული ლიბერალური თავისუფლების, ერთობის, სოლიდარობის პარტიის (PLUS) ალიანსი) და ცენტრისტულ მემარჯვენე რუმინეთში უნგრელების დემოკრატიული ალიანსის პარტიასთან (UDMR) ერთად. 

მაშინ, როდესაც PNL-მ არჩევნებზე 25% აიღო, კომუნისტური პარტიის მემკვიდრემ, მემარცხენე, სოციალდემოკრატიულმა პარტიამ (PSD), არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა, დაახლოებით, 30%, მაგრამ პარტნიორები ვერ ნახა მთავრობის შესაქმნელად. არჩევნების დროს სოციალდემოკრატიულ პარტიაში ამბობდნენ, რომ არჩევნების შედეგებით ნათელია, რომ მოსახლეობას სურს, ორბანი თანამდებობიდან გადადგეს. 

აღსანიშნავია, რომ შედეგების გამოცხადებიდან მალევე გადადგა პრემიერმინისტრი ლუდოვიკ ორბანი PNL-დან და მხარი დაუჭირა პრეზიდენტ კლაუს იოჰანის მხარდაჭერილ კანდიდატ ციტუს.

ახალმა მთავრობამ წარმოადგინა რეფორმის პროგრამა სასწრაფოდ საჭირო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასაჩქარებლად, კორუფციული ჯანდაცვის ქსელის რეფორმირებისა და სასამართლო სისტემის გასაძლიერებლად, რომელიც PSD-ს მხრიდან წლების განმავლობაში პოლიტიკური ზეწოლის მიზანი იყო.

ციტუს მთავრობამ ასევე უნდა აღადგინოს კორონავირუსის პანდემიის შედეგად მეტად დაზიანებული რუმინეთის ეკონომიკა. კორონავირუსით ქვეყანაში 604 251 ადამიანი დაინფიცირდა და 14 766 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანა ვაქცინაციის პროგრამას 27 დეკემბერს იწყებს.

რუმინეთი ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. მოსახლეობის დიდი ნაწილი სამუშაო ადგილების საძებნელად დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მიდის. მმართველი პარტიის მთავარ წინასაარჩევნო დაპირებას ევროკავშირთან უფრო ახლო ინტეგრაცია წარმოადგენდა.

ამ არჩევნებზე ამომრჩეველთა მხოლოდ 32% მივიდა.

აღსანიშნავია, რომ რუმინეთის პარლამენტში პირველად შევიდა ულტრამემარჯვენე პარტია ალიანსი რუმინეთის ერთობისათვის (AUR), რომელმაც ხმათა 9% მიიღო.

კომენტარები