კორონავირუსი საქართველოში

EMC ბაზრობებზე: მოვაჭრეთა არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება ამძაფრებს უსამართლობის განცდას

ფორმულა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმაურება თბილისში, ლილოსა და ვაგზლის ღია ბაზრობების მოვაჭრეთა მიერ ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის წინააღმდეგ გამართულ პროტესტს და საქართველოს მთავრობასა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ მოვაჭრეთა მიმართ საქმიანობის გაგრძელების ხელშეწყობისა და სოციალური დაცვის მეტად ქმედითი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს.

"კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები განსაკუთრებით მძიმედ აისახა ბაზრობებზე დასაქმებულ ადამიანებზე, რომელთა შემოსავლის ერთადერთ წყაროს, ხშირად ყოველდღიური ნავაჭრი შეადგენს. მთავრობის მიერ ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვების შემსუბუქების დაანონსების მიუხედავად, მუშაობის გაგრძელების უფლება, დიდი სავაჭრო მოლებისგან განსხვავებით, ღია ბაზრობებზე დასაქმებულ მოვაჭრეებს მცირე ვადითაც არ მიეცათ.

მიუხედავად იმისა, რომ, დახურული სივრცეებისგან განსხვავებით, ღია ბაზრობები ვირუსის გავრცელების შედარებით დაბალ რისკებთანაა დაკავშირებული, კითხვის ნიშნებს აჩენს ბაზრობების დახურვის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება. ამგვარი არათანმიმდევრული მიდგომებით გარემოვაჭრეთა არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება ამძაფრებს უსამართლობის განცდას და მოქალაქეებს სოციალური პროტესტისკენ უბიძგებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც  სოციალური დახმარებების ბუნდოვანი პოლიტიკა მოვაჭრეების დიდ ნაწილს სრულიად დაუცველს ტოვებს არსებული ეკონომიკური კრიზისის წინაშე". – ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მოუწოდებს:

  • ღია ბაზრობების ადმინისტრაციებისა და მოვაჭრეთა მონაწილეობით იმსჯელოს მიღებული გადაწყვეტილების მართებულობაზე და მიიღოს ყველა ზომა მათი ეკონომიკური საქმიანობის თუნდაც დროებითი აღდგენის შესაძლებლობებზე.
  • ღია ბაზრობებზე დასაქმებული პირების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით გაამარტივოს ერთჯერადი დახმარებების გაცემის პროცედურა და ის ხელმისაწვდომი გახადოს თვითდასაქმებულთა დიდი ჯგუფებისთვის.
  • ჩაერთოს მოვაჭრეებს, ღია ბაზრობების ადმინისტრაციებს და მთავრობას შორის გამართულ მოლაპარაკებებში და მუნიციპალური სამსახურების მობილიზების მეშვეობით უზრუნველყოს დაწესებული რეგულაციების აღსრულების მხარდაჭერა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყანაში დიდი სავაჭრო მოლები რეგულაციების დაცვის მოთხოვნით გაიხსნა. ობიექტებმა მუშაობა 2 იანვრისჩათვლით განაახლეს.​ მათ მომხმარებლების მიღება 07:00-დან 19:00 საათამდე შეუძლიათ. 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 972 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 737 პაციენტი. 24 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 216 843 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 194 705 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 276 კი გარდაიცვალა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. 

კომენტარები