გარემო

ადამიანის პლაცენტაში პირველად აღმოაჩინეს მიკროპლასტმასი

ადამიანის პლაცენტაში პირველად აღმოაჩინეს მიკროპლასტმასის ნაწილაკები, რაც ექსპერტების შეფასებით, "უკიდურესად შემაშფოთებელი ფაქტია." 

მიკროპლასტმასის გავლენა ნაყოფის ჯანმრთელობაზე არ არის ცნობილი, თუმცა, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ის, შესაძლოა, შეიცავდეს ნივთიერებებს, რომლებსაც პოტენციურად ნაყოფის განვითარებადი იმუნური სისტემის დაზიანება შეუძლია. ნაწილაკები დედებმა, სავარაუდოდ, ჩასუნთქვით ან საკვებით მიიღეს. 

ნაწილაკები აღმოაჩინეს ოთხი ჯანმრთელი ქალის პლაცენტაში, რომლებსაც ნორმალური ორსულობა და მშობიარობა ჰქონდათ. მიკროპლასტმასის დეტექცია მოხდა როგორც პლაცენტის დედის მხარეს, ასევე ნაყოფის მხარეს და ასევე, მემბრანაში, რომელშიც ნაყოფი ვითარდება. 

თუ გავითვალისწინებთ, რომ მკვლევრებმა თითოეული პლაცენტის მხოლოდ 4%-ის ანალიზი ჩაატარეს, მიკროპლასტმასის სრული რაოდენობა უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, ვიდრე აღმოჩენილი ათეულობით ნაწილაკი. გაანალიზებული ნაწილაკები წარმოადგენდა პლასტმასს, რომელიც იყო შეღებილი ლურჯად, წითლად, ნარინჯისფრად ან ვარდისფრად და მისი წარმომავლობა სავარაუდოდ კოსმეტიკას, საღებავებს, საკვებს ან პირადი ჰიგიენის ნივთებს უკავშირდება.

მიკროპლასტმასის ზომა საშუალოდ 10 მიკრონი იყო (0.01მმ), რაც ნიშნავს, რომ საკმარისად მცირე ზომისაა, რომ სისხლის მიმოქცევის სისტემაში თავისუფლად გადაადგილდეს. ნაწილაკებმა, შესაძლოა, ნაყოფის სხეულებში შეაღწია, მაგრამ მკვლევრებმა ამის შეფასება ვერ შეძლეს. 

"ეს კიბორგი ბავშვის ყოლასავითაა, რომელიც აღარ შედგება მხოლოდ ადამიანის უჯრედებისგან, არამედ ბიოლოგიური და არაორგანული ერთეულების ნარევია. დედები შოკში იყვნენ". – განაცხადა რომის სან ჯიოვანის მეანობისა და გინეკოლოგიის ცენტრის დირექტორმა, ანტონიო რაგუზამ. 

კვლევაში, რომელიც ჟურნალ Environment International-ში გამოქვეყნდა, მკვლევრებმა დაასკვნეს:  "ნაყოფის განვითარებაში პლაცენტის არსებითი როლის გამო მასში პოტენციურად სახიფათო პლასტმასის ნაწილაკების არსებობა შემაშფოთებელი ფაქტია. საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება, რათა შევაფასოთ იწვევს თუ არა მიკროპლასტმასი იმუნურ რეაქციას და გამოყოფს თუ არა ტოქსიკურ დამაბინძურებლებს, რომელიც ნაყოფს დააზიანებს." 

მათივე თქმით, მიკროპლასტმასის პოტენციური უარყოფითი გავლენა, შესაძლოა, იყოს ნაყოფის ზრდის დაყოვნება. 

 

 

კომენტარები