NATO-საქართველო

ბრაიზა ანაკლიის პორტზე: ბევრს სურს საქართველო ნატოში, ასეთი უკუსვლა საქმეს აფუჭებს

მეთიუ ბრაიზა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, დიპლომატმა მეთიუ ბრაიზამ გადაცემა Пограничная ZONA-ში ანაკლიის პორტისა და Caucasus Online-ის შესახებ ისაუბრა.

"ეს ნავთობსა და გაზს სცდება. ეს ციფრულია. ეს მომავალია. პროექტი, რომელიც აერთიანებს ევროკავშირს და ნატოს სივრცეს სამხრეთ კავკასიასთან და ცენტრალურ აზიასთან, ცენტრში კი თბილისია. ფაქტი, რომ ამ პროექტს საფრთხე ემუქრება და პრივატიზაცია შებრუნებულია, კომპანია, კავკასუს ონლაინი კი, არსებითად, ნაციონალიზებული, ინვესტორებისთვის იმაზე მიუთითებს, რომ მოვლენები არასწორი მიმართულებით ვითარდება ბიზნეს გარემოს და კანონის უზენაესობის კუთხით.

ეს შემაშფოთებელია. ისევე, როგორც ანაკლიის პორტის საკითხი. არ მესმის მიზეზი, თუ ეს არ არის პოტენციურად სიხარბე ან სახელმწიფოს კონტროლის შენარჩუნება, ან რუსეთის ინტერესები. სხვაგვარად არ მესმის, რა ხდება და ეს დამაზიანებელია საქართველოს რეპუტაციისთვის. საქართველო ვაშინგტონში ძალიან ბევრს უყვარს. არავინ ვიცი ჩემს გარშემო, ვისაც საქართველო ნატოში არ სურს, მაგრამ ასეთი უკუსვლა მის საქმეს აფუჭებს".

ივლისში საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ლიცენზირებულ და ავტორიზებულ კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებას აძლევს.

დამტკიცებული კანონით, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას შეუძლია, ლიცენზირებულ კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს. მმართველი, ფაქტობრივად, შეუზღუდავი ძალაუფლებით იქნება აღჭურვილი, კერძოდ:

ა) დანიშნოს ან/და გაათავისუფლოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის დირექტორ(ებ)ი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით სადავო გახადოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ სპეციალური მმართველის დანიშვნამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მათი ბათილობა, თუ აღნიშნული ქმედების ან გარიგების შედეგად ზიანი მიადგა/ზიანი ადგება ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს;

გ) ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირს შეუჩეროს ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა;

დ) ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მმართველობითი ორგანოს სხვა ფუნქციები (გარდა ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის წილის/აქციების განკარგვისა);

კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა. მას ოპოზიცია და ბიზნესსექტორი ეწინააღმდეგება.

რა ინტერესები დგას ამ ინიციატივის მიღმა, წაიკითხეთ აქ.

 

კომენტარები