კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: არსებობს ტრენდი, ცუდი და კარგი კლინიკა, ეს არასწორია, უნდა შეიცვალოს

ეკატერინე ტიკარაძე
საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები ხშირად კონკრეტულ კლინიკაში და კონკრეტული ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას ითხოვენ. მისივე თქმით, ეს დამოკიდებულება ძალიან ხშირია და ჯანდაცვის სამინისტრო მის შესაცვლელად მუშაობს. 

ამის შესახებ ტიკარაძემ დღის კურიერში ილაპარაკა. 

"კომპონენტი კარგი და ცუდი კლინიკა, არის საქართველოს ტრენდი, რომელიც ძალიან არასწორი ტრენდია.

ძალიან პოპულარულია საქართველოში  WhatsApp ჩატით გარკვეული ინფორმაციის მიმოცვლა. მე ვარ თითქმის ყველა WhatsApp  ჩატში და, შესაბამისად, ვფლობ პირადად ყველა ამ ინფორმაციას და ვაკვირდები ამ მიმოწერებს. ვერევი მხოლოდ იმ დახმარებაში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ყველა უწყებას ესაჭიროება და იმისათვის, რომ ეს პროცესი იყოს კონტროლზე აყვანილი და გარდა კონტროლისა, ჩვენ მოვახდინოთ დროული რეაგირება. ეს არის ერთ-ერთი მარტივი საშუალება, რომლითაც ჩვენ ვფლობთ გარკვეულ ინფორმაციას. არანაირ მოსმენებზე საუბარი არ არის და ამის არანაირი ინტერესი არ გამაჩნია.

რაც შეეხება კარგ და ცუდ კლინიკას - მე მესმის, რომ ეს ტრენდი და ტრადიცია არსებობს, რომ ძალიან გთხოვთ, გადამიყვანეთ ამ კლინიკაში, ამ სართულზე, ამ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, იქ უფრო საიმედო ხელში ვიქნები, ამ ექიმის რწმენა უფრო მაქვს და ჩემი გამოჯანმრთელების პროცესი უკეთ წარიმართება და ა.შ. ვთვლი, რომ ეს არის ძალიან არასწორი მიდგომა, ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს და ჩვენ უნდა გვქონდეს ერთნაირი რწმენა იმის, რომ საქართველოში, ყველა კლინიკაში უნდა იყოს და აუცილებლად იარსებებს ერთნაირი და უმაღლესი ხარისხის მომსახურების სტანდარტი". –ამბობს ტიკარაძე. 

22 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 21 2526 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 188 408 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 182 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები