შობა

უკრაინელებისთვის შობის 25 დეკემბერს აღნიშვნა დროის საკითხია – მიტროპოლიტი ეპიფანე

მიტროპოლიტი ეპიფანე

მას შემდეგ, რაც უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია მიიღო, საჯარო გამოკითხვებში რელიგიური კალენდრის ცვლილების საკითხი უკრაინის მოქალაქეებისათვის ერთერთი მთავარი საკითხი გახდა. 

უკრაინელები, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მსგავსად, საეკლესიო დღესასწაულებს იულიანური კალენდრით აღნიშნავენ, რის მიხედვითაც, შობა 7 იანვარს აღინიშნება. 

მედიასთან ამ საკითხზე საუბრისას კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ თქვა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ჯერჯერობით არ არის მზად ამ საკითხის წინ წამოსაწევად და ამისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს, მათ შორის ერთერთი ისაა, რომ უკრაინელების 60% საეკლესიო კალენდრის შეცვლის წინააღმდეგია. 

"ცვლილებების პერიოდი ჯერ არ დაწყებულა. ეს მოხდება, მაგრამ მაშინ, როდესაც უკრაინელი ხალხი გაცნობიერებულად მიაღწევს ამ ეტაპს". – თქვა მიტროპოლიტმა ინტერვიუში. 

ამავდროულად, მიტროპოლიტ ეპიფანეს განმარტებით, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ეკლესიამ უნდა გაითვალისწინოს უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესიის მრევლიც, რომლებიც მოგვიანებით უნდა გადავიდნენ უკრაინის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის წიაღში. 

მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობა შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს. 10 ეკლესია უძრავ საეკლესიო დღესასწაულებს "ახალი კალენდარული სტილით" (შესწორებული იულიუსის კალენდარი) ზეიმობს, ხოლო მოძრავს - "ძველი კალენდარული სტილით" (იულიუსის კალენდარი). ამრიგად, ქრისტეშობას მართლმადიდებელ ეკლესიათა უმრავლესობა დასავლელ ქრისტიანებთან ერთად აღნიშნავს, ხოლო აღდგომას და მასზე მიბმულ დღესასწაულებს, უკვე იმ ექვს მართლმადიდებელ ეკლესიასთან (უკრაინის ეკლესია შესწორებულ კალენდარზე გადასვლის მომხრეა, თუმცა, პოლიტიკური მოტივებით თავს იკავებს), რომელიც იულიუსის კალენდარზე რჩება და შობას 7 იანვარს აღნიშნავს.

25 დეკემბერს შობას კათოლიკე ეკლესია და პროტესტანტული ეკლესიების უმრავლესობა ზეიმობს. სომეხთა სამოციქულო ეკლესია შობას 6 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულთან ერთად აღნიშნავს.

კომენტარები