რეიდები, ცოცხები და უპატრონო ვასიკო

ბოლო დღეებში ბევრჯერ შემხვდა რეიდების ცოცხებთან შედარება ან სხვა გზით გამართლება: „სჯობს რეიდებით ვებრძოლოთ კრიმინალს, ვიდრე „ცოცხებით““ ან „კრიმინალი თუ არ მოგწონთ, რეიდებს რას ერჩით“ და მსგავსი.

ამის საპასუხოდ ერთი კონტრარგუმენტი ლიდერობს: შევარდნაძის დროს არ გაამართლა და ახლაც არ გაამართლებს. ეს აზრი არაა ურყევი ჭეშმარიტება, რადგანაც შევარდნაძის დროს ძალიან ცოტა რამე თუ „ამართლებდა“. გზების დაგებაც კი არ ამართლებდა: იმდენად ცუდად აგებდნენ, რომ ჯობდა არ დაეგოთ. ერს ახსოვს ეგრეთწოდებული „ლატკები“ და აჩმასავით ფენებად გადახსნილი ასფალტი.

ამდენად, თუ რამე „შევარდნაძის დროს არ ამართლებდა“, არ ნიშნავს, რომ ამის კეთება საჭირო არაა. მაგრამ ეს ალბათ ერთადერთია, რაც რეიდების დასაცავად შეიძლება ითქვას და ისიც უფრო ლოგიკის გავარჯიშებაა, ვიდრე რეიდების სარგებლიანობის მტკიცება.

ჯობია თუ არა რეიდები „ცოცხებს“? ალბათ იმდენადვე, რამდენადაც ჩიხტიკოპი ჯობია შაურმას: დამოუკიდებელი და არაშედარებადი რაღაცეებია. შესაძლოა ერთი არაა იმდენად დრამატული, როგორც მეორე, მაგრამ მათ შორის არჩევანი არც დგას.

უკეთ რომ გავერკვეთ, ჯერ ჩამოვყალიბდეთ, ზუსტად რა იგულისხმება „ცოცხებში“. გასაგებია, რომ „ცოცხი“ სიმბოლოა: როდესაც ადამიანები ამბობენ „აღარ გვინდა ცოცხები“ ან პირიქით „ცოცხები ალალია ამათზე“, არ გულისხმობენ მხოლოდ იმ ცნობილ წინასაარჩევნო კადრებს, სადაც ყვითელი საყოფაცხოვრებო ნივთებია გამოყენებული. ცოცხებს ისინიც კი ახსენებენ ხოლმე, ვისთვისაც „ცოცხების კადრები“ დადგმულია.

ფართო გაგებით, „ცოცხები“ სახელმწიფოს მხრიდან არალეგიტიმური — უკანონო, გაუმართლებელი, არაპროპორციული, წესდებით არ-განსაზღვრული — ძალადობაა. ვიწრო გაგებით: ასეთივე ძალადობა, ოღონდ მხოლოდ ციხეში. რატომ გახდა სიმბოლო სწორედ ცოცხი, საინტერესოა, მაგრამ ამ თემას სცდება.

ამცირებს თუ არა რეიდები არალეგიტიმურ ძალადობას ციხეში ან მის გარეთ? ციხის შიგნით, გარეთ მიმდინარე რეიდები საერთოდ არაფერს ცვლის: ძალადობის ალბათობა არც იზრდება, არც იკლებს. გარეთ: რეიდები ნიშნავს, რომ პოლიციას უფრო ხშირად აქვს რიგით მოქალაქეებთან შეხება აუცილებლობის გარეშე. ეს არათუ ამცირებს, არალეგიტიმური ძალადობის გახშირების საუკეთესო (ცუდი გაგებით) წინაპირობაა. 

ძალადობას რომ თავი დავანებოთ: რეიდების დროს ძირითადი რესურსი იხარჯება ისეთ ამბებზე, როგორიცაა ნარკოტიკებზე შემოწმება. არადა ნარკომომხმარებლებთან ზედმეტად მკაცრი მიდგომა იყო ერთერთი მწვავე ბრალდება წინა ხელისუფლების მიმართ. ეს პრობლემა, ფაქტიურად, არალეგიტიმური ძალადობის ნაწილად განიხილებოდა. ამჟამინდელი ხელისუფლება რომ კიდევ უფრო „ჩაციკლულია“ ნარკოტიკებზე, ვიდრე წინა, ხელისუფალთა გამოსვლებმაც და „კაზანტიპიდან“ გამოჟონილმა ამბებმაც აჩვენა.

მოკლედ, სანამ უბანში „მოტასავე“ უცნაურად ჩაცმული ვასიკო ჯერ პოლიციის ყურადღებას მიიპყრობს, შემდეგ განყოფილებაში გაყვება და მოფსავს, სადღაც სხვაგან მშვიდად დააუთოებენ, გაძარცვავენ და დაჭრიან ადამიანებს, რომლებისთვისაც ვასიკოს ცხოვრებაში არაფერი დაუშავებია.

იმისთვის, რომ კრიმინალმა იკლოს, თანაც ისე, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა არ გახშირდეს, სულ სხვა ამბები უნდა მოხდეს. სახელმწიფომ უნდა დაარწმუნოს მოქალაქეები, რომ კანონის დაცვაში პრინციპულია. გამოცდილებამ უნდა აჩვენოს, რომ ადგილზე გამოძახებული პოლიცია თავის საქმეს გააკეთებს: მოძალადეს დააკავებს, იქნება ეს ქმარი, უბნელი თუ მეზობელი, და არ წავა სიტყვებით „ქართველები არ ხართ, თქვენი ჭირიმე“. დაამტკიცოს, რომ დააკავებს ნებისმიერ დამნაშავეს, ვისი ნათესავი ან ახლობელიც უნდა იყოს, და ზევიდან ზარის შემდეგ არ გამოუშვას.

როდის იქნება ასეთი პრინციპული პოლიციის ყოლა შესაძლებელი? მაშინ, როდესაც საზოგადოებას ეყოფა ძალა ვიღაცის ახლობლის დამჭერი პოლიციელი დაიცვას: ზემდგომს არ გააგდებინოს და არ „დააჩმორებინოს“. მაშინ, როდესაც სახელმწიფო და საზოგადოება ერთნაირი სტანდარტით მიუდგება მსახიობს, მომღერალს, მინისტრის ბიძაშვილს და უპატრონო ვასიკოს: მაშინ აღარ დაგვჭირდება არც ცოცხები, არც რეიდები. 

კომენტარები