საწოლები, საცეცები, ვაკის პარკი

როდესაც სკოლიდან ერთ საერთაშორისო ტურნირზე მივდიოდით, ფიზიკის მასწავლებელმა თენგიზ ბიბილაშვილმა მოგვცა რჩევა, რომელიც სამუდამოდ ჩამიჯდა გონებაში. რჩევა იყო შემდეგი: ჯობია პრეზენტაციაში თვითონ ილაპარაკო შენი პროექტის მინუსებზე, ვიდრე ეს მინუსები ოპონენტმა აღმოაჩინოს. ნებისმიერი ნაკლის გამოაშკარავება ჯობია შთაბეჭდილებას, თითქოს ნაკლის დამალვას ცდილობდი.

ოღონდ ერთია რჩევა მოისმინო — მსგავსი რამე ალბათ პოლიტიკოსების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების უმრავლესობასაც ერთხელ მაინც სმენია. მეორეა, გაიაზრო და გამოიყენო — ამისთვის ან სინდისია საჭირო, ან ინტელექტი, ან პრაგმატიზმი მაინც. იმაზე მეტი, ვიდრე სჭირდება ფრაზას „თბილისს საწოლები აკლია".

მნიშვნელობა არ აქვს, რატომ მალავ — გამჟღავნება გეზარება, არ გგონია საჭირო თუ იმედი გაქვს, რომ ვერავინ შეამჩნევს. ყველა შემთხვევაში შედეგი არის ერთი: იქცევი უპატიოსნოდ.

და ეს არ არის ერთი მხარის პრობლემა: უპატიოსნოა მერია, რომელიც სკანდალის აწევის შემდეგაც კი არ ცდილობს არგუმენტების აწონ-დაწონვას და საკუთარ გადაწყვეტილებას თავხედურად გვაჩრის პირში. უპატიოსნოა აქტივისტიც, რომელიც საგულდაგულოდ მიქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს სასტუმრო უშუალოდ ხეებისა და ბუჩქების ადგილას შენდება და არა უშნო რუინების.

სწორედ ეს ტოტალური უპატიოსნება შობს „გაპრავების" ფენომენს. აქ არაა საუბარი „თავისიანების" დაცვაზე კრიტიკოსების გინებით: „ვინც შუშის ხიდს ვერ აფასებთ, ყველანი ბნელი სავოკები ხართ", ან „პატრიარქს ვინც აკრიტიკებს, ყველასი ოჯახი მოვტყან".

საუბარია იმ მოსაწყენ ამბებზე, რომელშიც ბევრი ჩვენგანი ერთხელ მაინც ჩართულა, მაგრამ სხვა რომ ერთვება, ეგრევე პათეტიკურ მონად გვეჩვენება.

აი ხომ შეგხვედრიათ:

— ას ათასად იყიდა ჯიპი!
— მერე სახლში ხო არ მიაქვს?
— კი მაგრამ, რატომ ას ათასად, ამის დედა ვატირე.
— სხვებმა ორას ათასად იყიდეს...
— ორი წლის წინ ნაყიდი იყო წინა ჯიპი, ორი წლის წინ!
— რა იცი მერე ორ წელში რა გაუფუჭდა? იქნებ... ბამპერი... ღვედი... სავარძელი მიდუღებული... იქნებ უცხოპლანეტელები იტაცებდნენ და კაპოტზე სველი საცეცების საზიზღარი კვალი დატოვეს...

აქ, თუ გამპრავებელი მთლად უიმედო არაა, ხვდება, რომ რაც არ უნდა გაფუჭებულიყო, შეკეთება ას ათასზე ბევრად, ბევრად, ბევრად იაფია და საუბარი თურქულ სერიალებზე გადააქვს.

მაგრამ გამპრავებელი შეიძლება მართალიც იყოს. როგორც წესი, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც მართალია. პრობლემა სხვა რამეშია: უმეტეს შემთხვევაში, გამპრავებელი აკეთებს იმას, რაც გასაპრავებელს უნდა გაეკეთებინა. ამიტომაც გვაღიზიანებს და არაჰარმონიულად გვეჩვენება მისი შავი (ან, უფრო, ნაცრისფერი) სამუშაო.

იურისტებს, მწერლებს და ფიზიკოსებს არ უნდა უწევდეთ ვაკის პარკის ისტორიულ რუკებში ქექვა და გარკვევა, სად როდის რამდენი ცემენტი ესხა და რამდენი ბუჩქი იყო დარგული. მერიას უნდა ჰქონდეს მზად პრეზენტაციები, სადაც თვალსაჩინოდ, ლამაზად და მოწიწებით (დიახ, მოწიწებით) იქნება ყველაფერი ახსნილი და ნაჩვენები. გაბრაზებული სევდია ან სევდიანი ფიქრია (ან თუნდაც გაბუტული გიგი) პრეზენტაციას არ ანაცვლებს. ერთ სლაიდსაც კი არ ანაცვლებს. კორუფციასა და ნეპოტიზმს აქ გადავახტეთ (ცალკე კვლევები და სტატიები სჭირდება), მაგრამ ესეც არ დავივიწყოთ.

ექიმებისგან, პოეტებისგან და ვიზაჟისტებისგან არ უნდა ვიგებდეთ, რესტორანი ბუდაპეშტი, თავის ინფრასტრუქტურიანად, ორას მეტრს იკავებდა თუ ორიათას რვაასს. თავად მწვანე აქტივისტებს უნდა ჰქონდეთ გარკვეული ზუსტად, ერთი ნაგებობის მეორით ჩანაცვლებას აპროტესტებენ, ძველი ნაგებობის აღდგენას ითხოვენ, თუ რუინების მოშორებასა და მათ ადგილას ხეების დარგვას. და, ძალიან გთხოვთ, არ დამიწყონ ბერეტიანმა „ხე არის ევროპა", „ხე არის სამოქალაქო საზოგადოება" ამხანაგებმა, რომ მათგან ზედმეტს ვითხოვ. სირცხვილია, როდესაც აქციების დაწყებიდან ერთ კვირაში პირველად ვნახულობთ სადაო ადგილის სურათებს და გვიწევს გაკვირვება, რომ ედემის ბაღის მაგივრად კადრში საზიზღარი ნანგრევებია. დიახ, სირცხვილია იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასტუმრო რესტორანზე დიდია და მეტი სართული აქვს.

აი სწორედ იმიტომ, რომ მე, როგორც მოქალაქეს, როგორც ინფორმაციის მიმღებს, არცერთი მხარე პატივს არ მცემს — სწორედ იმიტომ, რომ მიყურებენ, როგორც დასაბოლებელ ან ასაგდებ მასას: მე არ ვაპირებ არც სასტუმროს პროექტის გულშემატკივრობას და შემდგომ გარკვევას მის ნაკლოვანებებსა და უპირატესობებში. და არ ვაპირებ არც აქციებზე სიარულს, სადაც პოსტ ფაქტუმ ამიხსნიან (მხოლოდ იმიტომ, რომ რესტორნის არსებობა უკვე „გაბაზრდა") რომ „აუ, სად რესტორანი და სად სასტუმრო, რეებს ადარებ".

და ბოლოს: დიახ, ქალაქს სჭირდება მწვანე სივრცეები. არა, ჰაერს არამხოლოდ წყალმცენარეები აუმჯობესებს. არა, პარკები არამხოლოდ ჰაერის სისუფთავისთვის არსებობს. დიახ, სიმწვანე სჭირდება სოციალისტურ ქალაქსაც, ლიბერტარიანულსაც და კლანურ-ფეოდალურსაც. ხოლო საზოგადოება, რომელსაც არ აღიზიანებს დედაქალაქის თავზე დადგმული ნახევარი მთის ხელა კერძო სახლი (სადაც მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობს), არის უთავმოყვარეო. მიუხედავად იმისა, რამდენი მილიონი გადაიხადა სახლის ამშენებელმა და რამდენად მოგვწონს ბაზრის კანონები.

კომენტარები