ამოტრიალებული ქრისტიანობა

ასე მგონია, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ პრობლემის ჩანასახში და იქ გავაკეთოთ დასკვნები. პირდაპირ ტაბურეტკიანი „მღვდლიდან" ამოცანას ვერ ამოვხსნით. არადა, ეს საქართველოს სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა და მისი ვერ, ან არასწორად ამოხსნა, კატასტროფამდე მიგვიყვანს.

რუსთაველზე რა არ მინახავს, 9 აპრილით დაწყებული და სამარცხვინო სამოქალაქო ომით გაგრძელებული, მაგრამ ასეთი აგრესია და ზიზღი არ მინახავს. ეს ტრაგედიაა. და ამ ტრაგედიას ამძიმებს ის, რომ ეს ყველაფერი ქრისტეს სახელით გაკეთდა.

ადრეც დამიწერია, მაგრამ ეტყობა, ხშირად უნდა ვიმეორო - ქრისტიანობა, ისევე, როგორც სხვა რელიგიები, ქადაგებს სიყვარულს, ურთიერთპატივისემას, შენდობას და ასე შემდეგ. ეს წერია ბიბლიაში. მაგრამ იმისთვის, რომ გაიგო, რა წერია იქ, ბიბლია უნდა წაიკითხო. საყმაწვილო მაინც. ეს არის ქრისტიანობის კონსტიტუცია, რომელიც საქართველოში არ მოქმედებს. ბიბლიამ აქ ძალა დაკარგა. არ შეიძლება ანაფორა ეცვას ადამიანს, ვისაც ვიღაც ეზიზღება, აგინებს, მისდევს, სკამს უქნევს. მაგრამ აცვია. და სხვასაც იგივეს ასწავლის.

ამ კადრების ყურება ჩემთვის ისეთივე მძიმე იყო, როგორც ციხის კადრების.

ჩანასახი კი ის გახლავთ, რომ ბოლო წლები, შეიძლება ათწლეულებიც, ქართული მართლმადიდებლობა სრულიად სხვა მიმართულებით მიდიოდა. ამაზე თითქმის არავინ ლაპარაკობდა. პირიქით, ქართულ ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა პოლიტიკური მხარდაჭერა, გამოხატული სასათბურე პირობებში ყოფნით. პოლიტიკურიც და საზოგადოებრივიც. და შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ - ამოტრიალებული ქრისტიანობა. ყველაფერი პირიქით. ეს კი სახელმწიფოს პრობლემაა და ამ პრობლემის გასაღები ეკლესიაში დევს. საკითხავი ისღაა, ვინმე გამოიყენებს ამ გასაღებს თუ სხვა დაასწრებს და ფანჯრიდან ისვრის. თუ გასაღები ფანჯრიდან გადავარდა, ქართული სახელმწიფო დიდი ხნით მიიძინებს და შეიძლება, ვეღარც გაიღვიძოს.

როგორც ჩანს, იმ აგრესიულ „მღვდლებს" შიგნით არავინ მოსთხოვს პასუხს. რაც ნიშნავს, რომ მომხდარი იქ მისაღებია. და თუ ეს სახელმწიფომაც გაატარა, მაშინ ერთადერთი რამ შემიძლია გისურვოთ - ძილი ნებისა.

კომენტარები