ალბათ ყველას გვახსოვს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ვიზიტი კიევში, სადაც ის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, კირილს შეხვდა. მოგეხსენებათ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია გაყოფილია - მრევლის ნაწილი მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაშია, ნაწილი კი უკრაინის ავტოკეფალურ, მართლმადიდებელ ეკლესიას მიაკუთვნებს თავს, რომელსაც პატრიარქი ფილარეტი ხელმძღვანელობს. ეს უკანასკნელი დღემდე იბრძვის მართლმადიდებელ ეკლესიაში ავტოკეფალიის აღიარების მოსაპოვებლად, თუმცა მრავალი მცდელობის მიუხედავად, ყველა სხვა ადგილობრივი ეკლესია, მათ შორის კონსტანტინეპოლი, რუსეთის ეკლესიის გაღიზიანებას ერიდება და ამდენად, გაშუალებულ პოზიციებს იკავებს.
უკრაინაში, კათალიკოს-პატრიარქ ილიას ვიზიტი ცალსახა დასტური იყო იმისა, რომ საქართველოს საპატრიარქო კონკრეტულ საეკლესიო დავაში რუსეთის ეკლესიის მხარეს დგას. მიიჩნევა, რომ კათალიკოსი ილიას ამ დიპლომატიური პოზიციის გამო, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას არ შეყავს საკუთარ იურისდიქციაში ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ამ პოზიციის კიდევ ერთხელ დასადასტურებლად, პატრიარქი ილია მეორე მოსკოვის საპატრიარქოს ადგილობრივ ლიდერს ხელზეც კი ემთხვია. თუმცა მიუხედავად ოფიციალური არ აღიარებისა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ კრემლის კარის იერარქია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საეკლესიო ექსპანსიას ახორციელებს.
ვიზიტის დასრულების შემდეგ, პრესის ყურადღების მიღმა დარჩა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი. პატრიარქმა ფილარეტმა მისივე ეკლესიის წმინდა სინოდის დავალებით, პატრიარქ ილია მეორეს წერილი მისწერა. წერილში ის გაგებით ეკიდება საქართველოს ეკლესიის პოზიციას და ქართველ პირველიერარქს შეახსენებს, რომ ოდესღაც საქართველოც, უკრაინასავით იბრძოდა ავტოკეფალიის მოსაპოვებლად. აღსანიშნავია, რომ წერილში ნახსენები საქართველო-რუსეთის ომისთვის, მსგავსი ობიექტური შეფასება არც ერთ სხვა საპატრიარქოს არ მიუცია.
გთავაზობთ წერილის სახელდახელო თარგმანს:
კიევის პატრიარქ ფილარეტის წერილი, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს
უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს
თქვენო უწმინდესობავ!
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდისა და მთლიანად ჩვენი ეკლესიის სახელით, გულითადად მოგესალმებით უკრაინის მიწაზე!
უძველესი დროიდან ქართველი და უკრაინელი ერი დაკავშირებულნი არიან ძმობისა და მეგობრობის საკვრელნით, განსაკუთრებით კი მართლმადიდებელი რწმენით. ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, საქართველოსთვის ტრაგიკულ, 2008 წლის აგვისტოში, როცა უკრაინამ სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებთან ერთად საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია და მისი ტეროტირიების ოკუპაცია დაგმო.
ქართული და უკრაინული ეკლესიების გზა ერთმანეთს ბევრით ჰგავს. თავის დროზე ჩვენს ორ ეკლესიას საერო ხელისუფლების ჩარევით, აეყარათ პატივი და არაკანონიკურად შეუერთდნენ რუსეთის ეკლესიას. ქართული და უკრაინული ეკლესიებისთვის მეოცე საუკუნე იქცა ავტოკეფალიის მოპოვებისა და აღიარებისთვის ბრძოლის არეალად. გასული საუკუნის ბოლოს ჩვენი ელესიები კვლავ დაზარალდნენ მოსკოვის საპატრიარქოს ქმედებებით, რომელიც საკუთარი პოლიტიკური გეგმების განსახორციელებლად პროვოცირებდა და მხარს უჭერდა საეკლესიო განყოფას უკრაინასა და საქართველოში.
ამასთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (კიევის საპატრიარქო) გმობს იმ მხარდაჭერას, რომელსაც მოსკოვის საპატრიარქო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოცენებულ საეკლესიო სტრუქტურებს უცხადებს. ამ საყოველთაოდ ცნობილ და უდავო ფაქტს ვთვლით კიდევ ერთ დადასტურებად იმისა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ეკლესიათშორის ურთიერთობებში მოქმედებს არაგულწრფელად, კანონებს ამოფარებული პოლიტიკური ინტერესებითა და ამ კანონების იქ დარღვევით, სადაც ეს, მისი აზრით, მომგებიანია.
ჩვენ გვესმის იმ გარემოებათა სირთულე, რომელშიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იმყოფება და რომლებიც ჯერ-ჯერობით არ იძლევიან საშუალებას ჩვენს ეკლესიებს შორის სრული ერთობა დამყარდეს. მაგრამ ჩვენ ასევე ვუწყით განსაკუთრებული კეთილგანწყობისა და ძმური ურთიერთობების შესახებ მართლმადიდებელი ქართველებისა, კიევის საპატრიარქოს მიმართ. რაშიც არაერთხელ დარწმუნდნენ ჩვენი მომლოცველები ივერიის სიწმინდეთა მოლოცვისას - რომელიც ღვთისმშობლის წილხვედრია. თქვენი უწმინდესობის სახით, ამ თბილი დამოკიდებულების გამო ჩვენ მადლობას ვუხდით სრულიად საქართველოს ეკლესიას. ჩვენ გვწამს, რომ შორს არ არის დრო, როცა საქართველოს და კიევის საპატრიარქოები ერთი ევქარისტიული ბარძიმის გარშემო შეიკრიბებიან.
თქვენო უწმინდესობავ!
მე ყოველთვის განსაკუთრებული სითბოთი ვიხსენებ ჩვენს უწინდელ შეხვედრებს, ერთობლივ გარჯას მართლმადიდებლობის სასარგებლოდ და ასევე ყოველთვის გიხსენიებთ ჩემს ლოცვებში. ვიმედოვნებ, თქვენცმოიხსენიებთ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასა და ჩვენს ღვთივსათნო ერს.
ვიმედოვნებთ, თქვენი ვიზიტი უკრაინაში, მისცემს საშუალებას საქართველოს ეკლესიას უფრო უკეთ გაიგოს ის პრობლემები, რომელთან შეჯახებაც უწევს მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინაში.
გისურვებთ ჯანმრთელობას, მრავალჟამიერ სიცოცხლეს, შეწევნითა ღვთისაითა კეთილმსახურებას და მოძმე ქართველ ერს - მშვიდობასა და აყვავებას!
ქრისტესმიერი სიყვარულით
ფილარეტი
პატრიარქი კიევისა და რუს-უკრაინისა
უკრაინის პატრიარქ ფილარეტის წერილი ილია მეორეს
tbl.ge/hq0
დაკოპირდა




