ფორმა 100

პოლიკლინიკა სავსეა ხალხით. ცვალებადად მოღრუბლულები ჭარბობენ. რეგისტრაციას ნახევარი საათია ველი. პირველად ვუღრმავდები ლეგენდარული ქართული რიგის შინაგან სემანტიკას. ყველა გურჯთველის ოცნება, რომელიც ვერა და ვერ ახდა ნაციონალურ დონეზე, სწორედ რიგში ხორციელდება. აქ ყველა ერთი უსინდისოსა და უსაქმურის წინააღმდეგ „ქალბტონოერთიმომხედეეაბაა“ ხმის დიაპაზონით ერთიანდება. უსაქმური „ფორთოჩკაში“ ზის, აყოვნებს და კიდევ ენას ატლიკინებს! „არაგაიგერამითხრა?! არაგაიგე?!“ ისმის ხმები  - და ყველა მაშინვე თანხმდება, რომ მთქმელი უსინდისოა. ისიც კი, ვინც ვერ გაიგო. წავიდა, როგორც იქნა! სინდიოფალა წავიდა! სწორედ ასე უწოდა რეგისტრატორმა გამხდარ, ანჩხლ ქალბატონს. შემდეგ როგორც იქნა მოვიდა! ჩემი რიგი მოვიდა! მონუმენტური ქალბატონი ქვითარს მაძლევს. "შემდეგ'ი!"  რიგი გრძელია. უფრო სწორედ, რიგი სფერულია. ჯანმრთელობის ცნობაში ოცდაათი ლარი გადავიხადე. უკან მომრჩა ვნება, სახელად „გადაიხდი 100 ლარს - ჯიბეში გიდევს“ და შევუდექი ქვითარზე მისტეპლერებული ინსტრუქციის გაცნობას. ამაყი ვარ, ყველა პროცედურა პირნათლად დავიცავი. თუმცა ინსტრუქციას ვერაფერი გავუგე. გამვლელი ექთანი ცდილობს დახმარებას. „ჯანმრთელობის ცნობა გინდა? რად გინდა?“ თვალებში მიყურებს და ჩემს მიღმა ვიღაცას უყვირის. როცა ვთხოვ ამიხსნას რა უნდა გავაკეთო ჯანმრთელობის ცნობის ასაღებად და თან ჩემი რედაქტორის მკაცრ გაფრთხილებას ვიხსენებ დაგვიანებებთან დაკავშირებით, ექთანში სიბრალული იღვიძებს „ასეთი პატარა... და გამუშავებენ?“ - ცალი თვალით უკვე გასცნობია წიგნაკში ჩაწერილ პირველად ინფორმაციას მომუშავე ბავშვზე. "ყელყურცხვირით დაიწყე, ახლოა" მომაძახა და გაიფრიალა. ჯანმრთელობის ცნობის ასაღებად ტრამვატოლოგის, ნევროპათოლოგის, ნარკოლოგის, ფსიქიატრის, ყელ-ყურ-ცხვირისა და თვალის ექიმის გასინჯვა ყოფილა საჭირო. მათ მიერ წიგნაკში ჩაწერილი დასკვნები ოჯახის ექიმმა ცნობაში უნდა გადაიტანოს, შემდეგ კი მთავარმა ექიმმა პოლიკლინიკის ბეჭდით დაადასტუროს. როცა ტრამვატოლოგმა გაუსინჯავად ჩაწერა - ჯანმრთელია, - გავოცდი. როცა ყველა დანარჩენმა ნარცისული ღიმილით,„მომაწოდედედიკოს“ ან „მომაწოდევაჟკაცოს“ დაყოლებით გამომაცხადა აბსოლუტურად ჯანმრთელად - დავიბენი. ხოლო, როცა ოჯახის ექიმმა სასხვათაშორისოდ განმიცხადა ფსიქიატრი შემდეგ ჩაწერს შენი გასინჯვის შედეგებსო და ცნობაში „ვარგისია“ მიჯღაბნა - აღვშფოთდი. „ყველას 10 წუთში აძლევთ ჯანმრთელობის ცნობას?!“ ესღა აღმომხდა. სულ ტყუილად. არც კი შემიმჩნია. დღეს ჩემი უჯანმრთელესობის ვარგისიანობის შესახებ ინფორმაცია წმინდა პეტრეს სახელობის ორდენს გადაეგზავნა გერმანიაში. ორი სამედიცინო ბეჭდით დამშვენებული. პოლიკლინიკიდან დაბრუნებულს ერთი ანცი კითხვა არ მასვენებს „ქრთამს რომ იხდი, რამდენ წუთში გიკეთებენ?“

კომენტარები