სანამ პროსტიტუციის პრობლემაზე დაიწყებთ წერას, შეჩერდით! თქვენ უკვე გააფუჭეთ სტატია. რადგან სხეულით ვაჭრობა, თავისთავად არ არის პრობლემა. აგიტანთ თუ არა „პროსტიტუციის პრობლემაზე“ დაწერის ვნება, უნდა იცოდეთ, რომ შესაძლოა კლიშეს მსხვერპლად იქეცით. ეთიკური პრობლემების გარდა, იქ სხვა პრობლემები, რომელიც შეგვეძლო ჯადოსნური კანონით მოგვეგვარებინა, არ არსებობს. და თუ თქვენ არ გყავთ არც ერთი აქტიური მხარე, სტატია მკვდარია. შეეშვით. როგორც ნათელი გახდება, გაუთავებელი ბრძოლა პროსტიტუციის ლეგალიზების მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს შორის უბრალოდ წყლის ნაყვაა. რადგან ვერც ლეგალიზება შეცვლის რამეს, იქ სადაც აკრძალულია და ვერც კრიმინალიზება, იქ სადაც ლეგალიზებულია.
გამოთქმა - კანონი აუარესებს, მარადიულად იქნება სწორი ამ კონტექსტში. პროსტიტუცია არის ბიზნესი, რომელსაც ვერასდროს გააკონტროლებ, თუ ათჯერ იმაზე მეტს არ დახარჯავ მის გამოვლენასა და დასჯაში, ვიდრე ამოიღებდი საშემოსავლო გადასახადის დაკისრების შემთხვევაში. იკითხავთ - ნუთუ ეს არ არის სტატიის თემა? ის თემა, რომელზეც შენ არ დაწერე? პასუხია, არა. ეს არ არის სტატიის თემა. ნებისმიერ თემას სჭირდება აქტუალობა. სტატიამ რაღაც უნდა უთხრას ვიღაცას და არა უბრალოდ დაასკვნას, რომ სინამდვილეში სათქმელი არც არაფერი იყო, მითუმეტეს მაშინ, როცა ამაზე არავინ საუბრობს.
მაშ ასე - თუ არ დანებდებით და წერას მაინც აგრძელებთ, შევეცდები გადაგაფიქრებინოთ, რადგან თქვენც ჩემსავით ხელში არაფერი შეგრჩებათ და ეს რამდენიმე დღეს იმსხვერპლებს. ხოლო როგორც გახსოვთ, ჩვენ, ჟურნალისტებს, ფულს სტატიებში გვიხდიან.
საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს პროსტიტუციას. აკრძალულია ე.წ ბუნაგის მოწყობა, ანუ ორგანიზებული პროსტიტუცია და „გარე ვაჭრობაც“. ხმამაღალი და მორალისტური მუხლები ფიქრზე დაწესებულ აკრძალვას უფრო გავს, ვიდრე პრაქტიკულ ზომებს. სწორედ ამიტომ, ისინი არ მუშაობენ. ყველამ ვიცით სად არის უახლოესი ბორდელი - მაგრამ ის კვლავ ფუნქციონირებს და არა იმიტომ რომ კორუფცია არსებობს.... ჭკვიან კანონმდებლებს უნდა ეფიქრათ, რომ თუ ფულის აღებაზე ვერ წაასწარი, ვერც ერთ ბორდელს ვერ დახურავ. დანაშაულის დამადასტურებელი ფაქტები კი თითქმის ყოველთვის იქნება არასაკმარისი, როგორც წესი კლიენტურას დიდად არ ახარებს სამართალდამცავებთან თანამშრომლობა. რადგან ვერავინ, ვერასდროს, ვერავის აუკრძალავს სექსს და მითუმეტეს ვერასდროს გააკონტროლებს, ხდება ფასით თუ უფასოდ. სექსი არ არის ნარკოტიკი, რომელსაც ამოიღებ - ის დაკავშირებულია ქმედებასთან და არა ნივთმტკიცებასთან. ლოგინში დაწესებული რეგულაციები კი არასდროს მუშაობდა. ამას თვით ყველაზე უფრო მღვდლებიც კი მიხვდნენ.
მაგალითია ჩემი მეგობარი გოგო, რომელსაც რამდენიმე წლის წინ, პოლიციასთან პრობლემები მხოლოდ იმიტომ შეექმნა, რომ სამართალდამცავის გემოვნების ინდიკატორით გამომწვევად ეცვა. სექს მუშაკად მიიჩნიეს. პოლიციის ამ აბსურდული და სულელური ღონისძიების გამო, აღკვეთეს რა მისი საზოგადოების განმხრწნელი საქმიანობა, რამდენიმე შეკურთხების თანხლებით, ნათია დიდი ხნის განმავლობაში არ გამოდიოდა სახლიდან. აი რეალური პრობლემა. ნათიას ვერაფერი დაუმტკიცეს, ან როგორ უნდა დაემტკიცებინათ, მართლაც რომ მოესურვებინა სავაჭროდ დგომა?
კახა კეპულაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომის“ ხელმძღვანელი, რომელიც სექს მუშაკებთან დიდი ხანია მუშაობს, ამბობს, რომ ის არ იცნობს ქვეყანას, რომელსაც ეს პრობლემა კანონის მეშვეობით ჰქონდეს მოგვარებული.
ამ სფეროსთან კავშირში მყოფი პრობლემები მე ხუთად დავთვალე:
1. დაავადებების გავრცელების მაღალი რისკი პროსტიტუციით დაკავებულ ადამიანებში
2. დანაშაულის მაღალი რისკი
3. საშემოსავლო გადასახადის გადაუხდელობა
4. არასრულწლოვნები
5. ტრეფიკინგი
1. კახა ამბობს, რომ პრეზერვატივის გამოყენება მისთვის ნაცნობმა თითქმის ყველა სექს მუშაკმა დიდი ხნის წინ ისწავლა. კახას ნაცნობთა რაოდენობა კი ძალიან დიდია. სამმაგის შეთავაზების შემთხვევაშიც კი, ქართველი სექს მუშაკები უფლებას არ დართავენ კლიენტს სექსუალურ კავშირში კონდომის გამოყენების გარეშე შევიდეს. შესაბამისად, დაავადების გავრცელების საშიშროება „თანადგომის“ დამსახურებით ნაკლებია. სტატიის ერთი პრობლემა თკვენ უკვე დაკარგეთ, მაგრამ ამისთვის მინიმუმ კახასთან რამდენიმე საათიანი საუბარი გახდა საჭირო.
2. დანაშაულის მაღალი რისკი ამ შემთხვევაში თეორიული ცნებაა. რამდენადაც სტატისტიკა „დანაშაული სექს მუშაკებში“ არსად მოიძებნება. ჩვენ მხოლოდ ვარაუდების ფართო ჰორიზონტი გვეშლება თვალწინ. ცხადია, ამგვარ დასკვნას მას შემდეგ აკეთებ, რაც შენთვის ხელმისაწვდომ ყველა „საჭირო“ პირს ურეკავ და მათგან პასუხს ელოდები. ესეც დამატებითი დრო, - არაფერში. მას შემდეგ რაც აღმოაჩენთ, რომ ვერავინ დაგეხმარებათ, შეგიძლიათ მონახოთ „ჭკვიანური გამოსავალი“ - მიხვიდეთ რამდენიმე სექს მუშაკთა და გამოსძალოთ ინფორმაცია მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. შემდეგ დაწეროთ გულისამაჩუყებელი სტატია. ამით თკვენ შექმნით თემას, რომელზეც ამ დრომდე 12481419411294191 ადამიანმა დაწერა მინიმუმ მოთხრობა, მაქსიმუმ წიგნი.
3. დაუბეგრავობაზე ნაწილობრივ ზევით ვისაუბრე. აბსოლუტურად ვეთანხმები იმ აზრს, რომ ნებისმიერი ვაჭრობიდან ფული ბიუჯეტში უნდა შედიოდეს. დავუშვათ ამისთვის საჭიროა ლეგალიზება. მივაღწევთ კი შედეგს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საპატრიარქოსა და გუშინ ბორდელიდან დაბრუნებული ანზორების "მორალურ" ქადაგებებს ყურად არ ვიღებთ? როგორ დავადგინოთ ვინ არის სექს მუშაკი და ვინ უბრალოდ გამომწვევად ჩაცმული ნათია? როგორ დავადგინოთ, სად აქვს ადგილი სექსით ვაჭრობას და სად ერთობიან უბრალოდ მეგობრები? რამდენი დავხარჯოთ ამისთვის? რამდენი გამოძიება ვაწარმოოთ? შესაბამისად - ვის დავაკისროთ გადასახადი? ფაქტია - ჩვენ ამით ვერაფერს მივაღწევთ, გარდა იმისა, რომ „საველე პირობებში“ მომუშავე კახა კეპულაძეს, რომელსაც პრეზერვატივების უფასოდ გადაცემა დასჭირდება ადრესატებისთვის, ამის საშუალება აღარ მიეცემა. ისინი უბრალოდ დაემალებიან კანონს. მნიშვნელობა არ აქვს როგორს.
ლეგალიზების შემთხვევაში ბორდელები, რომლებიც ისურვებენ გადაიხადონ გადასახადი (ამის მოტივაცია მათ უბრალოდ არ აქვთ) დააწესებენ მაღალ ფასებს, მიიღებენ მხოლოდ ლამაზ და „გლამურ“ გოგოებს, გაჭირვებული მომხმარებლები კი კვლავ იქ წავლენ, სადაც ჩვეულებრივ დადიოდნენ. . ამ და სხვა აზრის გამო - იქამდე, სანამ ვინმე არ ალაპარაკდება ლეგალიზების აუცილებლობაზე, თქვენ არ მოგეცემათ საშუალება დაწეროთ სტატია. კი ბატონო, გაქვთ საშუალება დაწეროთ კიდევ ერთი „ჩემი სევდიანი მეძავების გახსენება“ რომელსაც არავინ წაიკითხავს, რადგან თქვენზე უკეთესი უკვე დაიწერა. მაგრამ კრიმინალიზების პირობებშიც კი, პრობლემა არ არსებობს - ბორდელები ბორდელობენ, სექს მუშაკები, სექს მუშაკობენ.
არასრულწლოვნების პრობლემაზე ვერ დაწერთ - აღმოაჩენთ თუ არა მსგავს შემთხვევას, დარეკეთ პოლიციაში. კონკრეტული ბავშვის მიმართ, როგორ დიდადაც არ უნდა გეჩვენებოდეთ ის, ხორციელდება ძალადობა.
ტრეფიკინგი კი უკვე აღარ არის პროსტიტუციის თემა. ტრეფიკინგის თემაა.
მორალი: ნუ გახდები კლიშეს მსხვერპლი. დაზოგე დრო და რედაქტორის ნერვები.
პ.პ.ს ბოდიშს ვიხდი "სექს მუშაკის" სინონიმების გამოუყენებლობის გამო, რომელმაც შესაძლოა ტექსტი დაამძიმა. მათი გამოყენება არაკორექტულიაო, გამიგია.
პ.პ.პ.ს ნუ დამადანაშაულებთ გულგრილობაში.
პროსტიტუციის "პრობლემები"
tbl.ge/loo
დაკოპირდა




