სვეტას სხვანაირი პირადი ცხოვრება

სვეტა ქართველების რძალია. ორმოცი წლის წინ, სამხედრო სამსახურში წასულ ახალგაზრდა მამაკაცს მოსკოვიდან  ჩამოყვა და თბილისში დასახლდა. მაშინ ქართველებს უყვარდათ რუსებიო, მეუბნება და ჩემს ნაკვთებს გამომწვევად უცქერის. მეც ვაკვირდები. აგრძელებს... საუბარი დავიმსახურე. ”ამას რომ ვამბობ, ვიცი რასაც ფიქრობენ, სახეზე ეტყობათ. დამამცირებელია!” ცდილობს ამიხსნას. ომახიანად. უაქცენტოდ. ხელმოკლედ ცხოვრობდნენ. სვეტას მასწავლებლის ხელფასი კინოში წასასვლელად და პარკში ნაყინის საყიდლად ყოფნიდათ, მითუმეტეს, შვილებზეც არ ზრუნავდნენ. არ ყავდათ. გია ხუთი წლის წინ დაიღუპა. სწორედ მაშინ, მარტოდ დარჩენილმა, წესის აგებისთვის ითხოვა მოძღვარი. პირველი აღსარება იქვე თქვა. ამბობს, ეკლესიამ და მამა სვიმონმა ძალა მომცესო. განსაკუთრებით დიდუბის ღვთისმშობლის ხატი უყვარს. დიდი ხანი არ არის, რაც ეკლესიაში დადის, მაგრამ ყველაფერი მოსწონს რაც ფუნქციურად აკავშირებს მასთან. ხატები, ფრესკები, სანთლები, სეფისკვერი... განსაკუთრებით მეორე სეფისკვერი, სტიქაროსანს რომ მოტყუებით გამოსძალავ და შემდეგ გაუმხელ, მართლა ავადმყოფისთვის კი არ მინდოდაო... მისი პირადი ცხოვრება ეკლესიაა. სახლში ყრუ კედლები და ძველი შუშაბანდი მოხუცის ციხედ იქცეოდა, რომ არა სულიერი დების ნაჩუქარი სასულიერო ლიტერატურა. ტელევიზორი აქვს, თუმცა არც ნანუკა მოსწონს და არც გოგი. დიდუბის ღვთისმშობელი ურჩევნია. მათზე ლამაზია. თავად აირჩია. სვეტა წუხს, რომ მისი განსაკუთრებული სიყვარული, ბევრისთვის სალანძღავი და საქირქილოა. ”იმ დღეს მითხრეს, ვიღაც პატარა ბიჭმა რაღაც წიგნი დაწერა, სადაც.. ვერ გავიმეორებ ისეთები უთქვამს ყოვლადწმინდა მარიამზე, მთელი ღამე ვტიროდი, რაში დასჭირდა? რა დაუშავა?” სვეტა გულწრფელია. ცრემლი მოსდის. მარტოხელა მოხუცი ღვთისმშობელმა იშვილა. მის დედად იქცა. უგებს და წყალობას არ აკლებს. როცა სჭირდება გეტრებს უგზავნის და მოწყენილი ამინდის დროს ისეთ ნუგეშს ჩუქნის ხოლმე.. თან არაფრიდან... რომ მერე გაკვირვებული იწერს პირჯვარს! ბევრჯერ და დიდად. საშინლად აღაშფოთა ვინმე დიასამიძემ... თუ, რაც ქვია. მის პირად ცხოვრებაში შეიჭრა, დედა გაულანძღა. დედა, რომელიც საკუთარი ხელით ჩამოკიდა ლოგინის თავზე, გამოღვიძებულს რომ გამარჯობა ეთქვა. მისი ნამდვილი დედა ხომ სმას გადაყვა... ეს დედა სხვანაირია, ლამაზი და კეთილი. ვიღაც ბიჭი ცდილობს მის ნამდვილ დედას დაამსგავსოს. ჭორებს უვრცელებს, მაგრამ ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ სვეტას არ უნდა მაგინებლებს პირში ბურთი ჩასჩაროს. იმიტომ რომ იცის, ამით ვერაფერს შეცვლის. ”ყველა დამცინის ასეთი სიყვარულის გამო, ფანატიკოსი ხარო. მე არ ვარ ფანატიკოსი! მე ღვთისმშობელი მიყვარს!” სწყინს, მაგრამ არ კრძალავს. ცრემლებს იწმენდს. მისი გაცრეცილი ხალათი საბოლოოდ ადგენს ჭეშმარიტებას. თუ რამეს შეიძლება სიძულვილის ენა დაერქვას, ეს იმ ადამიანთა სიტყვებს, ვინც სვეტას ახალ დედას აბუჩად იგდებს. მაგრამ სვეტა ჭკვიანია. იცის, თუ აიკრძალება, ყველაფერი არაბუნებრივად იქცევა. ჭკვიანები, მისი სულიერ ძმების უგნური სიტყვებისთვის სასჯელს მოითხოვენ. ეს სვეტამ ჯერ არ იცის. მაგრამ იმდენად თავმდაბალიც არ არის, ადამიანთა ერთი ჯგუფი მეორეზე პრივილეგირებულად მიიჩნიოს. ის ხომ მეორე ჯგუფშია.  მის ძმებსაც დაადუმებენ და ჭკვიანებსაც. ასეთია კანონი. სვეტა ჭკვიანებს არ მოსწონთ. უფლება აქვთ. მაგრამ სხვებისთვის მსგავსი არ ემეტებათ. სვეტამ იცის რა არის გამოხატვის თავისუფლება. თავისებურად, მაგრამ ჭკვიანებზე უკეთ. ნუ აკრძალავთ სიძულვილს. უფლებაუნარიანია. სიყვარულს სამინისტრო ვერ უზრუნველყოფს.

კომენტარები