რა, სად, როგორ

ასეთი ექსპერიმენტის ჩატარებას გთავაზობთ - შედით ნებისმიერ საშუალოზე დიდ ორგანიზაციაში, სადაც უნდა მოგემსახურონ, გიპასუხონ, რჩევა მოგცენ და ორ სხვადასხვა თანამშრომელს ერთი და იგივე კითხვა დაუსვით. ასეც შეიძლება - ამ ორგანიზაციაში ჯერ დარეკეთ, მერე იმეილი გააგზავნეთ და მერე მიბრძანდით. მერწმუნეთ, გამაოგნებელ შედეგებს მიიღებთ და ძალაუნებურად კიდევ ერთხელ დაფიქრდებით სალი კლდეებისა და სამოთხის კომბინაციაზე.

მნიშვნელობა არ აქვს, რა პროფილის ორგანიზაციაში გაქვთ საქმე - პასუხების 99 პროცენტი განსხვავებული იქნება. ხანდახან, რადიკალურადაც. თქვენ, ბუნებრივია, დაიბნევით, ეცდებით გაარკვიოთ, რა უნდა იყოს მომდევნო სვლა, როგორ მოიქცეთ, მაგრამ აქ უკვე ეს ჩვენი პატივცემული მომსახურეები ძალიან ღიზიანდებიან და იბუტებიან. შეიძლება ხმა აღარ გაგცენ, ზედაც აღარ შემოგხედონ, გაგლანძღონ, დაგწყევლონ.

რითი ვერ გაიგეთ, რას გეუბნებიან? როგორ, ამ ხალხის განსწავლულობასა და პროფესიონალიზმში ეჭვი გეპარებათ? ვის უბედავთ! ერთმა გითხრათ ზევით ადი და მეორემ ქვევით ჩადიო? რა არის აქ გაუგებარი, ადი და ჩადი რა, გაინძერი ცოტა. ახვედით და ჩახვედით და მაინც ვერ მიიღეთ პასუხი? ესე იგი, არც ხართ არაფრის ღირსი და ახლავე გაეთრიეთ აქედან! უტვინოები ესენი...

25 დეკემბერს, შობა დღეს, რომელიც თან არის შობა და თან არა (არ შეგეშალოთ და ვინმეს არ ჰკითხოთ რატომ ხდება, რომ მთელი მსოფლიო ამ დღეს ზეიმობს და ჩვენ მაინცდამაინც რუსულ მამა ეკლესიაზე ვართ ჩაბმული გიორგი პავლოვის მადლით), რამდენიმე ადგილას ვიყავი საქმეზე. ერთი კომპანიიდან წინა დღეებში შეტყობინებები მომდიოდა, ამას თუ არ იზამთ, იმას გიზამთო. დავრეკე და - უკაცრავად, ეს თქვენ არ გეხებოდათო. მოვიდა დღე, რომლითაც იმ კომპანიიდან მემუქრებოდნენ და ის მიქნეს, რასაც მპირდებოდნენ, მომსახურება შემიწყვიტეს. მივედი და კაპასმა თოჯინამ მითხრა:

- რა სისულელეა, გენაცვალე, როგორ არ გეხებოდათ ეგ ამბავი, ეგ ყველას ეხება.

- კი მაგრამ, თქვენმა თანამშრომელმა მითხრა, რომ არ მეხება.

ამაზე კინაღამ სილა გამარტყა და ქართული სერვისის ლოზუნგი ამაკრა სახეზე - მე რა ვიცი, ვინ რა გითხრათ.

გამოვედი. მეგობრები შემხვდნენ. იქვე შევედით ფასტფუდში. მე შევუკვეთე ჩიზბურგერი, კარტოფილი, ფანტა და მაიონეზი. მომიტანეს: ჩიზბურგერი, კარტოფილი, კოკა-კოლა და კეჩუპი.

მერე კიდევ ერთ დიდ ორგნიზაციაში მივედი რაღაცის გასარკვევად. ფასტფუდის იმ თანამშრომელივით არაადეკვატური და ყურადღებაგაფანტული ნამდვილად არ ვარ, მაგრამ რა ვქნა - კონსულტანტი ნახევარი საათის განმავლობაში მელაპარაკებოდა, გამოიყენა ყველა უცხოური სიტყვა, რაც კი იცოდა, დაწყებული შკაფით და დამთავრებული რებრენდინგით, მაგრამ ვერაფერი გამაგებინა. რამდენჯერმე ჩავეკითხე, კდემამოსილი სახით შევახსენე, რომ უბრალოდ მაინტერესებს, ეს ასე უნდა გავაკეთო თუ ისე. არ მიპასუხა. და ის იყო, გაღიზიანებას იწყებდა, გავეცალე.

და ვაი თქვენი ბრალი, თუ რამე ტელეფონით გაქვთ გასარკვევი! აქ უკვე ეგზოტიკა და ენითაუწერელი წიაღსვლები გელით. აქ შეიძლება ძალიან დიდხანს ელოდო ოპერატორს დარემიქსებული მრავალჟამიერის ფონზე, მერე ვინმემ ალო გითხრას და უცებ გაითიშოს. ან სადმე გადაგრთოს, იქ გალოდინონ კიდევ დიდხანს და იქ გაითიშოს. ან გადაგრთოს, მერე იმან გადაგრთოს, მერე უკან გადმოგრთონ, მერე ისევ, წინ - უკან, წინ - უკან და ბოლოს გითხრან, რომ ოფისში უნდა მიხვიდე. ოფისში, სადაც არავინ არაფერი იცის სწორად.

გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ ისეთ ქვეყანაში გეცხოვროთ, სადაც თითო ორგანიზაციაში ორმა კაცმა მაინც იცის რამე ერთნაირად და ზუსტად. თუმცა ჯერ ის გვაქვს გასარკვევი, როდისაა ეს ახალი წელი.

 

კომენტარები