KINGY

...მოულოდნელად შუქი მოვიდა. სასწაული იყო, მაგრამ მოვიდა. მაშინ ქართულ ენერგეტიკაში სასიამოვნო სიურპრიზები არ უყვარდათ – იდეალურ შემთხვევაში, ღამის თორმეტზე ქრებოდა და დილისკენ მოდიოდა. ამას გრაფიკი ერქვა. აქ კი თითქმის პირველი იყო და აინთო. შუქი აინთო და, თქვენ წარმოიდგინეთ, თამაშიც დაიწყო – მანჩესტერ სიტი საუთჰემპტონს ხვდებოდა მეინ როუდზე. იმ საღამოს მასპინძლების შვიდმა ნომერმა ორი გოლი შეაგდო ხუთ წუთში, აქედან ერთი ყველას გვახსოვს – ბურთი მიიღო, რაღაც იცეკვა, მცველების ნაწილი ტანით მოატყუა, ნაწილი მოძრაობით, ვიღაც ჰოთ დოგის საყიდლად გაუშვა სტადიონის გვერდით და მეკარეს მსუბუქად გადააფარა საბანი…

ქინქი! ჩემი ქინქი! ჩვენი ქინქი!

მეორე დღეს მთელი თბილისი და მთელი ინგლისი გიორგი ქინქლაძეზე ლაპარაკობდა. ჩვენ სულ ვლაპარაკობთ მასზე იმიტომ, რომ ეგეთი ნიჭიერი არასდროს არავინ გვყოლია. ვინმეს ყოლია საერთოდ? არ ვიცი, ნიჭების დატოლება არ გამოდის, მაგრამ თუ ოდესმე ეს შეჯიბრი გაიმართება, საქართველო გიოთი უნდა გაიზომოს.

ჩვენ ტოლები ვართ და მთელმა მისმა კარიერამ ცხვირწინ ჩამიარა.

მახსოვს მრეტებში.

მახსოვს დინამოში.

მახსოვს ნაკრებში.

მახსოვს სიტიში.

მახსოვს სარბიელის გარეკანებზე.

მახსოვს დერბიში.

მახსოვს იაგუარში.

არ მახსოვს აიაქსში და მერე, „რუსეთებში“.

ერთადაც გვითამაშია რამდენიმე წლის წინ, აწ გარდაცვლილ ირაოზე. იყო ქარი და თოვდა. აქეთ ჩვენ და იქით ქინქი, აჩისთან ერთად. აი, ეგ მახსოვს. თითქმის არ დარბოდა, მაგრამ ბურთი ყველაზე ხშირად ჰქონდა. მუხლის სიმაღლე პასებს აკეთებდა, მილიმეტრებში გაზომილს. როგორც გვარდიოლა. ან ფინტს გიკეთებდა, ვერ იგებდი – რას. როგორც მესი. ჰო, მესის ჰგავდა.

KING KINKY-მ, როგორც მას ინგლისში ეძახდნენ, რამდენიმე წელიწადში ყველას აჩვენა, როგორი უნდა იყოს იდეალური ფეხბურთელი და როგორი არ უნდა იყოს ფეხბურთელი. ამასაც ნიჭი უნდა.

ენითაუწერელი სილამაზის გოლები გაჰქონდა. ხანდახან ვერც გაჰქონდა, მაგრამ ენითაუწერელი სილამაზე რჩებოდა. ამიტომაც აღიარეს მეოცე საუკუნის სიტის ლეგენდად და ამიტომაცაა დღემდე ოაზისის ფრონტმენის, ლიამ გალაჰერის საყვარელი ფეხბურთელი.

ამიტომაც გაფითრდა თბილისში ჩამოსული შოტლანდიელი გულშემატკივარი, რომელთან საუბრისასაც გვერდით ქინქლაძემ ჩაგვიარა, გაჩერდა, მოგვესალმა და გზა გააგრძელა. თავიდან გვეგონა, რომ ცუდად გახდა, მაგრამ მერე გაირკვა, რომ ათი წლით ადრე გლაზგოდან მანჩესტერში დადიოდა ჩვენი ბიჭის სანახავად. „ეს ქინქი იყო? მართლა ქინქი იყო? ყველას მოვუყვები შოტლანდიაში, რომ ხელი ჩამომართვა!“ – პატარა ბავშვივით დახტოდა ხანში შესული კაცი.

ჰოდა, მე მინდა გიოს მადლობა ვუთხრა. მარტო იმიტომ კი არა, რომ ამხელა სიამოვნება გვაჩუქა. იმიტომაც, რომ მისი დახმარებით, იმ საზიზღარ წლებში, იშვიათი გრძნობა გაგვიჩნდა – სიამაყე. კი, ყველას გვეწყინა, რომ თავისი ტალანტი ქართულად გაანიავა, რომ ამსტერდამის აიაქსის ისტორიაშიც არ შევიდა, რომ ზღაპარი ძალიან მალე დამთავრდა. მაგრამ ეს პატარა ზღაპარი იმდენად მაგარი იყო, რომ ვერ ვივიწყებ. როგორც თქვენ, ის შოტლანდიელი, გალაჰერი, ინგლისელები და ყველა, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს.

ქინქის ფარფატის დავიწყება შეუძლებელია.

 

 

 

 

კომენტარები