ფიქრი დემოკრატიის პირას

ერთხელ, თბილისის მახლობლად აგარაკზე მყოფ ოჯახში, პატარა, 3–4 წლის გოგოს მშობლები გაუბრაზდნენ. გოგოს ეწყინა და სახლიდან წავიდა. ყველას ეგონა, რომ მეორე ოთახში იჯდა გაბუზული. ის კი ადგა და წავიდა.

ჯერ სახლში ეძებდნენ, მერე ეზოში და მერე პანიკა ატყდა. თან ბნელდებოდა. დიდი ხნის ძებნის შემდეგ, სახლიდან შორს, ტყისკენ, ვიღაცამ თეთრი ლაქა დაინახა, პატარა ადამიანი, რომელიც ძალიან საქმიანად მიდიოდა ტყისკენ და ხელში ცელოფნის პარკი ეჭირა. პარკში ეწყო: პამპერსი, კოვზი და მაწონი...

ადამიანს მომავალზე ფიქრის, ზრუნვის, ანუ წინდახედულობის კოდი დაბადებიდანვე უდევს. სხვა საქმეა, რამდენად უძლებს ეს კოდი დროს და გარემოს. რაც უფრო მეტი „კოდირებულია“ საზოგადოებაში, მით უფრო განვითარებულია ეს უკანასკნელი. მით უფრო კლებულობს ადამიანთა რიცხვი, ვისაც ჰგონია, რომ, მაგალითად, „გვჩიპავენ“.

მთლად ჩვენი ბრალი არაა, მაგრამ საქართველოში ამ მხრივ ვერაა საქმე გადასარევად და ამის ერთ–ერთი უმთავრესი მიზეზი ისევ ის წყეული საბჭოთა კავშირია. ზუსტად მაშინ, როცა ცივილიზებული მსოფლიო ყველაზე სწრაფად ვითარდებოდა, ჩვენ, როგორც საზოგადოებას, გვეძინა. როცა იქ მუდმივად რაღაცას გეგმავდნენ, იგონებდნენ, აკეთებდნენ, ქმნიდნენ, ჩვენ, სამწუხაროდ, პარტიაზე ლექსებს ვწერდით და თვალებმიბნედილები ვმღეროდით ჭაღარა სამშობლოზე. ასე მივეჩვიეთ უსაქმურობას და შესაბამისად, უპერსპექტივობას.

უკვე გაცვეთილი მაგალითი რომ ავიღოთ, ამიტომაც ხდება ის, რომ შეძლებული შვედი ყიდულობს ეკონომიურ მანქანას, ხოლო შეუძლებელი ქართველი – ბენზინის მშთანთქავ დევს. შვედი წინ იყურება, რომ ხვალ დღევანდელზე უკეთესად იცხოვროს, ქართველი კი ირგვლივ, რომ სხვებმა დაინახონ. იქ ბევრი იყურება წინ და მათი ჯამიც, ანუ სახელმწიფო, ვითარდება. აქ ერთმანეთს ვუყურებთ, მერე ყველა ერთად ერთ კაცს ვაშტერდებით იმედით და ველოდებით. რას? კაი ცხოვრებას.

წინ ყურება გაცილებით რთულია, ვიდრე უკან, რადგან მომავლის აწყობას ფიქრი უნდა, ფიქრს კი საქმედ გადაქცევა, ანუ დიდი ენერგიის ხარჯვა. რაც შეეხება წარსულს, მარტივია, შეგიძლია ჭიქა აწიო, ნაცარი გაქექო, ან სულაც წამოკოტრიალდე და ისე გადახედო განვლილ დღეებს.

გავიხსენოთ ახლო პოლიტიკური წარსული. ჩვენ ვამბობდით: კარგი ადამიანია ეს, კეთილი, ჭკვიანი, სამშობლოზე გადაყოლილი, მოდი ავირჩიოთ და თუ არ გამოდგა, გავაგდოთ. ამ მიდგომამ არ გაამართლა და ამას პირველივე ”არ გამოდგაზე” უნდა მივმხვდარიყავით, თუმცა არ გვეცალა - გაგდებულს ვლანძღავდით და ახალს ვეთაყვანებოდით. სამწუხაროა, მაგრამ ბოლომდე დღესაც ვერ ვხვდებით, რომ ერთი, ათი ან სულაც ათასი კაცი ჩვენს მომავალს ვერ მოაწყობს. ეს თითოეული ჩვენგანის პირადი საქმეა.

დემოკრატიული თვალსაზრისით რომ ბოლო არჩევნები დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო, ყველანი ვთანხმდებით. თუმცა ისიც ფაქტია, რომ კვლავ ემოციებით ვიხელმძღვანელეთ, ისევ ვეჩხუბეთ ერთმანეთს, ისევ დაგვავიწყდა რა არის თავმოყვარეობა და მოხდა იგივე, რაც აქამდე ხდებოდა - ხალხმა ვინმე კი არ აირჩია, მთავრობა შეცვალა; ის კი არ მიიღო, რაც უნდოდა, ის გაუშვა, რაც აღარ უნდოდა; საზოგადოება ერთი მხარის გამარჯვებისთვის კი არა, მეორის დამარცხებისთვის იბრძოდა. ჩვენ კვლავ ერთი წამიც კი არ დაგვიტოვეს დასაფიქრებლად. ჩვენ ისევ პროტესტი მივიღეთ, ოღონდ ამჯერად არც სისხლი დაღვრილა და არც ჩაი.

თუ ქართული პოლიტიკის მოკრძალებულ ევოლუციას მივყვებით, ვნახავთ, რომ ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ წერტილში ვართ. ვართ იქ, სადაც ემოციებს ემშვიდობებიან.

დემოკრატიის შემდგომ განვითარებაზე ლაპარაკი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ მომავალ არჩევნებზე ტელევიზორებზე კი არ ვიქნებით აკრული ახალი ფარული ჩანაწერების მოსასმენად, არამედ წყნარად გადავშლით საარჩევნო პროგრამებს, ყურადღებით ჩავიკითხავთ თითოეულ პუნქტს, გავაანალიზებთ, რეალურია თუ არა ეს პროექტები, მოვისმენთ კანდიდატების გეგმებს, გავიხსენებთ მათ წარსულსაც, მივიღებთ გადაწყვეტილებას და ყუთში კონვერტს ჩავაგდებთ. ეს თითქოს უფრო მარტივია, ვიდრე თავ-პირის მტვრევა, აქციები და შიმშილობები. მაგრამ არა, ეს ბევრად რთულია.

ამიტომ დღეიდანვე უნდა თვლა იმას, თუ რა იქნება ხვალ, ზეგ და მაზეგ. ჩვენ იმ პატარა გოგოს ვგავართ, რომელსაც ინსტინქტმა უკარნახა პირველადი საჭიროების ნივთების ტყეში წაღება და რომელსაც, ასაკიდან გამომდინარე, იმაზე აღარ უზრუნია, რა იქნებოდა მერე, როცა მაწონი გათავდებოდა. ჩვენ პოლიტიკური, სახელმწიფოებრივი ჭადრაკის თამაშს ვიწყებთ. ბოლო 25 წელიწადში პირველი, ყველასთვის ნაცნობი სვლები უკვე გავაკეთეთ, ფიგურებიც დავკარგეთ და პოზიციაც არ გვაქვს იდეალური, მაგრამ ამ პარტიის მოგება კიდევ შეგვიძლია. ამისთვის წინ უნდა ვიყუროთ. ამისთვის საზოგადოებამ უნდა დაიწყოს იმის კეთება, რაც, სულ ცოტა, საუკუნეა არ უკეთებია – იფიქროს.

 

 

კომენტარები