ო, ენავ ჩემო...

რატომაც არა? – მცირე ბიზნესის პატრონსაც არ ეკრძალება ზოგჯერ პერსონალთან შეხუმრება. მით უმეტეს, როცა პატრონს ჭაღარის სიდარბაისლე ამშვენებს, პერსონალს კი ჯანსაღი მიმზიდველობა. ჰოდა, მარკეტის ეს მფლობელიც კვიმატი ღიმილით მიმართავს სანდომიან გამყიდველს: „აი, გოგო, შენ ხომ ხარ მეგრელი?..”

არა, წონადი არგუმენტის გარეშე არ ხდება ეს ამბავი: შუახნის მამაკაცს ხელში ქართული ბეჭდური პრესის ფლაგმანი უჭირავს, გაზეთი ალია, რომლის პირველ გვერდს ამშვენებს გულშიჩამწვდომი სათაური: „როლანდ ახალაიამ 16 წლის ასაკში თხა გააუპატიურა!”.

აღწერილი სცენა არაფერს ამტკიცებს, ისევე როგორც თბილისური მითი ორდიპლომიან ტაქსისტებზე. უბრალოდ, ნახსენები გაზეთისა და სათაურის არცთუ ყველაზე ცუდი გამოყენება იყო. ტრაგედიის დვრიტა კი სხვაგანაა: ადვილი, ძალიან ადვილი დასაჯერებელია, რომ გაზეთ ალიას მესვეურებს მართლაც ჰგონიათ, თითქოს თხის გაუპატიურება შესაძლებელია!

მე კი გეტყვით, რომ ეს სრულიად შეუძლებელი ამბავია.

რაო, საზოგადოებას აღშფოთება და მღელვარება დაეტყო? ყველაზე ჭკვიანებმა და განათლებულებმა YouTube-ისკენ გაიწიეს, რომ ახლავე ცხვირში მატაკონ ცნობილი კადრები ძმები ტავიანების ფილმიდან „მრისხანე მამა” ან, უფრო სწორად, „მამა-ბატონი”? ნაკლებად ჭკვიანები და გაუნათლებლები მზად არიან ახლავე ატეხონ გნიასი თემაზე „სანამდე აღწევს ’გამპრავებელთა’ უტიფრობა”?

მე კი ჯიუტი ვარ და მაინც ვამტკიცებ, რომ თხის გაუპატიურება შეუძლებელია.

მიზეზი კი სრულიად აშკარაა: თხას ვერ მივუყენებთ „პატივის”, „ღირსების”, „ნამუსის” და მსგავს კატეგორიებს. მე არ ვლაპარაკობ იმაზე, შეესაბამება თუ არა სათაურის შინაარსი სინამდვილეს: ჯერ ერთი, ეს ჩემი საქმე არ არის; მეორეც, იმან იკითხოს, ვინც ცილისწამების დეკრიმინალიზაცია მოითხოვა და მოახდინა. ყურადღებას სხვა იქცევს: ქართული ბეჭდური პრესის ფლაგმანში პირველ გვერდს უზრუნველყოფენ ადამიანები, რომლებსაც „გაუპატიურება” ეიაკულაციის ევფემიზმი ჰგონიათ... ახლა ეს დავწერე და ვიფიქრე, ნეტა ალიას რედაქტორს უცხო სიტყვათა ლექსიკონი თუ აქვს-მეთქი.

მაგრამ ამასაც მე ვერ ვიდარდებ. რადგან ჩემი სადარდებელი ის რვა თუ ცხრა წელია, რომლის განმავლობაში ქართველმა ხალხმა ენის შესწავლის შანსი დაკარგა. არა, ქართული ენისა კი არა – საერთოდ ენისა, რადგან ენა, მოგეხსენებათ, კომუნიკაციის საშუალებაა. კომუნიკაცია კი, მოგეხსენებათ, ერთობ მნიშვნელოვანია არჩევნების წინ...

აი ეს ბიჭიც – გაბადრული გადმოდის მანქანიდან და შეკრებილებს მიმართავს: „ვიცი, ვიცი, აქ მსოფლიოში საუკეთესო ხალხი ცხოვრობს!” – რეპორტიორის სიზუსტით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ ჟამთააღმწერელი უთუოდ ასე გამოითვლიდა ასობით მსგავსი ფრაზის საშუალო არითმეტიკულს. ბიჭს კი დავუფასოთ: დღის განმავლობაში მესამედ თუ მერვედ თქვა, მაგრამ ინტონაციას უშუალობა არ დაუკარგავს.

რა საერთო აქვს ამ ღიმილიან ფრაზას ალიასა და სხვა ორგანოების ჰედლაინებთან? – ის, რომ არც ერთ მათგანს არ მოაქვს ინფორმაცია, არამედ მგრძნობიარე წერტილებს ეძებს, ასე ვთქვათ, სტიმულირებისთვის.

რა განასხვავებს მათ? – ის, რომ ჰედლაინები მიზანს აღწევს... არა, კვლევა არ ჩამიტარებია, სამაგიეროდ, სახარება წამიკითხავს და ნაყოფის მიხედვით განვსჯი.

რატომ ხდება ასე?

ბიჭს ბევრი სხვაც შეუძლია. მაგალითად, მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე მნიშვნელოვანი სიტყვის თქმაც. ამის საფუძველზე ვინმე სოკორმა ის დაახასიათა, როგორც ახალგაზრდა დემოკრატიების ყველაზე ბრწყინვალე პოლიტიკური ლიდერი. ჩვენ კი, ქართველ ხალხს, რვა წლის განმავლობაში მოგვეცა ამგვარი დასკვნის საფუძველი?

არა, იმას არ მოგახსენებთ, რომ ხელისუფლება მუდამ ენას გვიჩლიქავდა, თითქოს ბავშვები ვყოფილიყავით – უმეტესად ვართ კიდეც. მე იმას ვამბობ, რომ პოლიტიკის გაშუქება, სააზროვნო მასალის მოწოდება ხდებოდა ასეთი უცვლელი სქემით: ჯერ შემთხვევითად აღებული კადრები და ციტატები, მერე კი ვიღაც-ვიღაცების აღფრთოვანებული და რუსების ცალყბა ან სულაც ბოღმიანი შეფასებები. იდეითა და დანიშნულებით ეს სქემაც უბრალო სტიმულატორია, ოღონდ შესაბამის ეროგენულ ზონას ვერ პოულობს ხალხის ცნობიერებაში.

„საქართველო არასოდეს ყოფილა NATO-სთან ასე ახლოს!” – ისმის საინფორმაციო ეთერიდან, ამასობაში კი ნიკოფსიიდან დარუბანდამდე შეუმჩნევლად ყვავის და ვითარდება ილიკოსა და ილარიონის საკადრისი პოლიტიკური დისკურსი: „დეიკარგონ იქით, ჩვენი გულობიზა რუსეთს ვინ დაეჯახება!”. იქნებ უფრო კვალიფიცირებულად აეხსნა ხოლმე ვინმეს ამ ხალხისთვის, რომ გრძელ გზაზე მხოლოდ ია-ვარდი არ გვხვდება, არამედ ნარიცა და ეკალიც უხვადაა.

არ დავიღლები მტკიცებით, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერ გამოიზარდა ერთი (თუნდაც ერთი) პოლიტიკური მიმომხილველი („ექსპერტების” წამიერ ჩართვებს არ ვგულისხმობ – ვერ გავარკვიე, რა უფრო განსაზღვრავს საბოლოო შედეგს, რესპონდენტის უმარილობა თუ მონტაჟის უხეირობა), ვერ დამკვიდრდა პოლიტიკურ გზაზე შემხვედრი დაბრკოლებების გულწრფელი და საქმიანი აღწერა, სამაგიეროდ, უამრავი ფული იხარჯებოდა უგვან შოუებზე და ამასაც არ ვიტყოდი, ეს ფული ხელისუფლების ცვლასთან ერთად უეცრად რომ არ გამქრალიყო...

ოდესღაც იყო კომუნიკაციის ერთადერთი და დროთა განმავლობაში ძალადაკარგული ენა. ჟანეტა არჩვაძისა და მარკ რივკინის დუდუნზე გვეღვიძებოდა და გვეძინებოდა. 1980-იანი წლების ბოლოდან ნელ-ნელა შემოიპარა სხვა, მჭახე და მდაბიო ხმა: ტელეეკრანზე გამოჩენილ გაუპარსავ ტიპებს, მიტინგებზე აჟღერებულ მეგაფონსა და უგემოვნოდ დაკაბადონებულ გაზეთებს შემოჰქონდათ ახალი სუნთქვა... „აი, შეულამაზებელი სიმართლე – თურმე როგორ გამოიყურება!” – გადაწყვიტა ხალხმა და დღემდე ამ აზრზე რჩება.

ახლა, სწორედ ახლა არის დრო, როცა საღმა აზრმა გამოხატვის ახალი და ქმედითი ფორმა უნდა იპოვოს – ისეთი, რომელიც აქამდე არავის გამოუყენებია საქართველოში. თუ ვერ იპოვის, ვერც დამკვიდრდება. ფორმის არსებითი მნიშვნელობა ჩვენ, ქრისტიანებს, ღმერთმა ჩაგვაგონა – ის განკაცდა...

კომენტარები