რად გვინდა ასტრონომია

ადამიანს ყოველთვის აინტერესებდა სამყარო, რომელშიც ის ცხოვრობს. ეს დაუცხრომელი და უსაზღვრო ცნობისმოყვარეობა მისი ერთ-ერთი თვისებაა. ამას მოწმობს როგორც წერილობითი ისტორიული წყაროები, ასევე დამწერლობამდელი არქეოლოგიური ძეგლები. შეიძლება ითქვას, სამყაროს შეცნობა ჰომო საპიენსის ბუნების განუყოფელი ნაწილია – ის ვერ შექმნიდა ცივილიზაციას და ტექნოლოგიებს, რომ არა ეს დაუშრეტელი ლტოლვა.

გადაჭარბების გარეშე შეიძლება ვთქვათ, რომ მობილური და ინტერნეტი, დისტანციური მართვის პულტი და თანამედროვე აბაზანა, რომელთა გარეშეც დღეს არსებობა ვერ წარმოგვიდგენია, სწორედ იმის შედეგია, რომ ადამიანს აინტერესებდა, თუ რას წარმოადგენს სამყარო, როგორ შეიქმნა, რა მოელის მომავალში და რა ადგილი უკავია კოსმოსში. ამ ცოდნის დაგროვებასა და განვითარებაში კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი ასტრონომიას უკავია. ასტრონომიული ცოდნა, რომელიც, ერთი შეხედვით, შორსაა პრაქტიკული გამოყენებისაგან, სინამდვილეში მჭიდრო კავშირშია ჩვენს ყოველდღიურობასთან, თუმცა ჩვენ ამას ვერ ვაცნობიერებთ. ასე იყო ყოველთვის.

კალენდარი და დროის აღრიცხვა ასტრონომიული დაკვირვებებით შეიქმნა. მათემატიკის დიდი ნაწილი ასტრონომიული კვლევების შედეგია. ტრიგონომეტრია და ლოგარითმი ასტრონომებმა გამოიგონეს. კალკულუსი – თანამედროვე მეცნიერებისა და ინჟინერიის საფუძველი – ისააკ ნიუტონმა ასტრონომიული გამოთვლებისთვის შექმნა. ასტრონომიას იყენებენ ნავიგაციაში გემების, თვითმფრინავებისა და კოსმოსური ხომალდების მართვისას. ასტრონომებს უხდებათ დიდი

მოცულობის გამოთვლების წარმოება, რამაც კომპიუტერების განვითარებას დაუდო საფუძველი. კეპლერისა და ნიუტონის კანონების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა კოსმოსის ათვისება, რომელზეც დღეს დამოკიდებული ვართ: ვინმეს წარმოგიდგენიათ თავი მობილურის, ინტერნეტის, ამინდის პროგნოზის გარეშე? ამ დროს, ეს გენიოსი მეცნიერები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რას მოუტანდა კაცობრიობას მათი აღმოჩენები.

რადიოასტრონომიამ რადიომიმღებების განვითარებასა და სატელიტური კომუნიკაციის ინდუსტრიას ჩაუყარა საფუძველი. ასტრონომების მიერ შემუშავებული გამოსახულების დამუშავების ტექნიკა ამჟამად მედიცინაში გამოიყენება და პაციენტის შინაგანი ორგანოების დისტანციური შესწავლის საშუალებას იძლევა. ასტრონომიას სულ უფრო ზუსტი და მაღალი დონის ინსტრუმენტები სჭირდება, ეს კი ელექტრონიკის, მექანიკური ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერების შემდგომ განვითარებას გამოიწვევს, რაც კვლავ აისახება ჩვენს ყოველდღიურობაში.

მეოცე-ოცდამეერთე საუკუნეების მეცნიერული და ტექნოლოგიური მიღწევები დამყარებულია ნივთიერებისა და ენერგიის შესახებ ფიზიკის ფუნდამენტური კანონების ცოდნაზე. ამავე დროს, ნეიტრონულ ვარსკვლავებზე, ზეახლებსა და შავ ხვრელებზე დაკვირვებით შესაძლებელია ნივთიერებათა შესწავლა ისეთ ექსტრემალურ პირობებში (დიდი სიმკვრივე, მაღალი ტემპერატურა, ძლიერი გრავიტაცია), რომელთა მიღება დედამიწის პირობებში ჯერჯერობით შეუძლებელია.

სამყაროში ჩვენი ადგილის განსაზღვრისას კი ასტრონომია უმთავრესია. გეოცენტრული სისტემა ჰელიოცენტრულმა შეცვალა, შემდგომ აღმოჩნდა, რომ არც მზეა სამყაროს ცენტრში და არც ჩვენი გალაქტიკა. პლანეტური სისტემა ურიცხვია, ხოლო ათიოდე წლის წინ გაკეთებულმა აღმოჩენამ სამყაროს აჩქარებით გაფართოების შესახებ მეცნიერები საგონებელში ჩააგდო.

მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ასტრონომიის წვლილი მეცნიერული აზროვნების განვითარებაში.

რამდენიმე ხნის წინ, აბასთუმნის ობსერვატორიის სასტუმროს ჰოლში ჟურნალებს და ფლაიერებს ვათვალიერებდი, რომელთა შორის იყო ბროშურა სათაურით „მგლები”, სადაც ამ ცხოველზე მოკლედ იყო მოთხრობილი. იქ ეწერა, რომ 15000 წლის წინ ადამიანმა მგელი მოიშინაურა და ასე გაჩნდა ძაღლი – მისი უერთგულესი მეგობარი. ამ დროს მომიახლოვდა სასტუმროს ერთ-ერთი მცხოვრები, შუახნის მამაკაცი და აღშფოთებულმა მითხრა: „ნახეთ, რა სისულელეები წერია ამ ბროშურაში – ძაღლი მგლისგან წარმოიშვაო. ეს ხომ სრული სისულელეა! ჩვენ ხომ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ძაღლიც, მგელიც, ადამიანიც ღმერთმა შექმნა”. როგორც ჩანს, ამ ადამიანს მეცნიერებისა და მისი მეთოდების შესახებ არაფერი გაეგებოდა. მას სიცოცხლე ვერ წარმოუდგენია მობილურისა და ავტომობილის გარეშე და ვერცკი ხვდება, რომ ყველას მასავით რომ ეაზროვნა, ეს ნივთები, უბრალოდ, არ იარსებებდა.

მე გამიჭირდება იმის შეფასება, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა რამდენ პროცენტს შეადგენენ ასეთი ადამიანები, არც გამოკითხვა ჩამიტარებია და არც ამასთან დაკავშირებულ კვლევებს ვიცნობ (თუკი არსებობს), მაგრამ ყოველდღიური ცხოვრებისეული გამოცდილება მკარნახობს, რომ ეს პროცენტი არცთუ მცირე უნდა იყოს. და თუ ეს ასეა, ფრიად დამაფიქრებელია. ეს ადამიანები ყოველდღიურად, ყოველ ნაბიჯზე იყენებენ მეცნიერების მიღწევებს და მათ გარეშე

ცხოვრებაც არ შეუძლიათ, მაგრამ როდესაც ევოლუციის თეორიაზე ან სამყაროს წარმოშობაზე ჩამოვარდება ლაპარაკი, ისინი მეცნიერებას ცალსახად უარყოფენ.

ისიც მართალია, რომ მეცნიერებიც ხშირად უშვებენ შეცდომებს. ასე მაგალითად, შარშან ნოემბერში გავრცელებული სენსაციური ცნობა ნეიტრინოების ზე-სინათლის სიჩქარით მოძრაობის შესახებ არ დადასტურდა, რითაც აინშტაინის თეორია „გადარჩა”. თუმცა ის რომ მცდარი აღმოჩენილიყო, მის ადგილს სხვა თეორია დაიკავებდა. შეცდომები ჩვეულებრივი მოვლენაა, უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, ჭეშმარიტებისკენ გზა შეცდომებზე გადის. მეცნიერება პატიოსანია – ის აღიარებს თავის შეცდომებს და არ ეშინია ღია, უპასუხო შეკითხვების. „ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა”, – განაცხადა აინშტაინმა და თავის მიერ შემოღებულ კოსმოლოგიურ კონსტანტაზე უარი თქვა. თუმცა რამდენიმე წლის წინ კოსმოლოგიური კონსტანტა კვლავ „დააბრუნეს”, ასე რომ, აინშტაინის აღიარება თავად აღმოჩნდა მცდარი. შეიძლება მიღწევა შეცდომაზეც იყოს დამყარებული. ქრისტეფორე კოლუმბმა ინდოეთი ეძება და ამერიკა აღმოაჩინა ისე, რომ თვითონაც არ იცოდა. ასეთი მაგალითი უამრავია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ და ვსარგებლობთ მეცნიერების ურიცხვი რეალური შედეგით.

21-ე საუკუნეში საზოგადოების განათლებისა და განვითარების დონე სხვა საზომებით იზომება, ვიდრე მე-20-ში, როდესაც ის წერა-კითხვის ცოდნით განისაზღვრებოდა. არც კომპიუტერის ქონა და ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობაა საკმარისი. იმასაც დავაკვირდი, რომ, ჩემდა გასაკვირად, ინფორმაციის საყოველთაო მისაწვდომობაც (რაც ინტერნეტმა მოიტანა) არ ყოფილა ადამიანთა ზოგადი განათლების დონის ამაღლებისა და თანამედროვე აზროვნების დამკვიდრების სრული გარანტია. ეს მხოლოდ მეცნიერული, მათ შორის, ასტრონომიული ცოდნის გავრცელებითაა შესაძლებელი. ადამიანი, რომელსაც არა აქვს ფართო წარმოდგენა მეცნიერულ მიღწევებზე, ისეთივე შეზღუდულია, როგორც ის, ვინც არ იცნობს ისტორიას, ლიტერატურას, მუსიკას ან მხატვრობას, როგორიც იყო ის, ვინც მეოცე საუკუნეში წერა-კითხვა არ იცოდა. სამყაროს შესახებ ახალი აღმოჩენები ინტელექტუალურ ცხოვრებას ამდიდრებენ.

დღევანდელ მსოფლიო ბაზარზე, კონკურენტუნარიან ერს ფართო სამეცნიერო განათლება ესაჭიროება. ქვეყნის განვითარების დონე, ეკონომიკურ ინდექსებთან ერთად, მეცნიერების, მათ შორის, ასტრონომიის, დონითაც განისაზღვრება.

 

P.S. 4 ივლისს საინფორმაციო წყაროებმა გაავრცელეს ცნობა, რომ CERN-ში აღმოაჩინეს ჰიგსის ნაწილაკი (ჰიგსის ბოზონი). ეს დიდი მოვლენაა მეცნიერებაში. ამ აღმოჩენით დადასტურდა თანამედროვე თეორია ელემენტარული ნაწილაკების შესახებ – ე.წ. სტანდარტული მოდელი.

 

კომენტარები