გვარდიოლას ღამეები

აღარც მახსოვს, როდის არ იყო გვარდიოლა. არადა, სულ ოთხი წელი გავიდა. გავიდა როგორც წამი და დატოვა საუკუნის შთაბეჭდილებები. ზუსტად ამ წამიერმა საუკუნემ დამიკარგა არაბარსელონური ფეხბურთის ყურების ინტერესი, გამომიწერა ყოველკვირეული ბურძგვლა და მოედანზე ახალი წერტილები, ახალი მარშრუტები, სხვა ემოციები მაპოვნინა. ხოსეპ გვარდიოლამ, თავის ბრილიანტებთან ერთად, ფეხბურთი თავიდან შემაყვარა!

ელეგანტურმა კაპიტანმა იოჰან კრუიფის სკოლა გაიარა, კრუიფის მსოფლმხედველობის ამოსავალი წერტილი კი, აი, ეს იყო – ჩემი გუნდი ასი პროცენტით უნდა დაიხარჯოს. სხვა შემთხვევაში ეს არ იქნება ნამდვილი ბარსელონა.

და გვარდიოლამაც გაწურა. გუნდიც და საკუთარი თავიც. გუნდს ერთი თვის წინ შევატყვე და მას გამოსათხოვარ პრესკონფერენციაზე. კაი ხნის ღამენათევებს ჰგავდნენ ორივენი.

რა ღამეები იყო, არა?

მოიგდებდნენ ბურთს და იწყებდნენ ქსოვას. ბარსა ქსოვდა და სხვები დარბოდნენ. ბარსა ქსოვდა და ვერც ამჩნევდა, რომ იქ სხვებიც იყვნენ – სუპერსტარები, რომლებიც დარბოდნენ. თან სულ ტყუილად. ქსოვა თითქოს რა საყურებელია, ამიტომ მუსიკასაც გირთავდნენ. ხან ის მაიმუნი ბავშვი. ხან ის იდუმალებით მოცული კაცი. ხან ის იდუმალებით მოცული მეორე კაცი. ხან ის თმაგაჩეჩილი კატალონიის გერბი. ხან ვინ და ხან ვინ. ქსოვა მუსიკის ქვეშ. ჰოდა, ქსოვრელებს ვეძახდი.

აი, ეგ იყო ღამეები.

ამ ბარსელონამ რაღაც ახალი გამოიგონა. რა – ჯერ არავინ იცის. ეს იყო ქუჩური ფეხბურთის, ჯაზის, იდეალური სტრატეგიის, უმაღლესი მათემატიკის, საათივით აწყობილი ადამიანური ურთიერთობების, ხულიგნობის და სიამოვნების აღებ-მიცემობის ნაზავი. ეს იყო გუნდი, რომელიც ისე იგებდა ყველგან, ყველასთან და ყოველთვის, რომ ერთხელაც არ შემოგაპარებდა ეჭვს. ეს იყო უდიადესი ფეხბურთელების ორკესტრი, რომელმაც ოთხწლიანი თასებით, მედლებით, ოვაციებით სავსე ტური ჩაამთავრა, გაჩერდა და ღრმად ამოისუნთქა.

გვარდიოლას ბარსას გაანალიზებას ჯერ კიდევ დიდი დრო უნდა. ემოციები რომ გაივლის, მერე ნახეთ თქვენ ემოციები და ევრიკას ყვირილი. ეს ოთხი წელი ხომ დაზიპული ეპოქაა და კაცმა არ იცის, რა რევოლუციური სიახლეები შეგვრჩება, როცა ამ ფაილს განვზიპავთ.

თუმცა, სანამ ეს გვიქნია, ფეხზე წამოვუდგეთ და თავი დავუკრათ 41 წლის კაცს, რომელმაც ფეხბურთი ამოატრიალა და სულ სხვა მხრიდან დაგვანახა.

ბრავო, პეპ!

კომენტარები