მკვდარი წიგნების საზოგადოება

„როგორც ლენინი ამბობდა, გაზაფხულის პირველი თვე მარტია”.

აბა, როგორ არ იცოდა ამ აგრონომიული სახელმძღვანელოს ავტორმა, რომ ბელადის დასტურის გარეშეც კი, საქმე ისედაც ამგვარად იყო, მაგრამ ყველგან და ყოველთვის ის უნდა გეხსენებინა. როგორც უფალს ახსენებდნენ ხოლმე. თუმცა რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიისას, მგავსი ჩანაცვლება ახალი რელიგიური პანთეონით, ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ, გაჩნდნენ სხვა ღმერთები (მაგ: ლენინი, სტალინი), ნახევარღმერთები (მაგ: ბერია, მოლოტოვი), კერპები (მაგ: ჰიდრო-ჰესი, სილოსი). თქვა პოეტმაც:

„მაშ, დღეს ახალი ზეიმი გველის,

ახალს რწმენაზე დაყრდნობით მტკიცედ

ცრუმორწმუნეთა კვერცხი და პასკაც

და ცრუ აღდგომაც არქივში მივცეთ!”

სხვაგან სად მიადევნებთ თვალს ბომონთა აღზევებას და დაცემას, თუ არა საუკუნის წინანდელ წიგნებსა თუ ჟურნალ-გაზეთებში. აქ – ბიბლიოთეკაში, რომელსაც ამჯერად ეროვნულს, არცთუ ოდესღაც კი საჯაროს უწოდებდნენ, ხოლო იმ ჟამის პერიოდიკის საქმე ცოტა უკეთაა, თითო-ოროლა მკვლევარი ჩაკირკიტებს ხოლმე. აბა, „უფის კოლმეურნეობის კრების ოქმზე” დაწერილ სტატიების კრებულს ვინ გადაშლის. ან რატომ უნდა გადაშალოს. არადა, „ეპოქის სული” თუ რაცაა, ყველაზე მეტად აქედან გამოსჭვივის. წიგნთსაცავების სუნზე, მტვერზე და სხვა მსგავს ამბებზე ალბათ ჩემზე მეტიც გსმენიათ – თუ არ გინახავთ და გიგრძვნიათ. ჰოდა, სუნსა და მტვერს ქვევით არაერთ საოცარ ფრაზას წააწყდებით. ამისთვის კი ბიბლიოთეკის საცავის იმ განყოფილებას უნდა ჩააკითხოთ, წიგნების აკლდამას უფრო რომ მიაგავს. მათი სამარიდან „გამოსახმობად” არავის სცხელა. მეორედ მოსვლა თუ მოხდა, არც მაშინ დაადგებათ უკეთესი დღე ამ გამოცემებს – განგების მარცხენით მოუწევთ დამკვიდრება. სხვა რომ არა, თვითონ აირჩევენ ამას – პოლიტიკური ორიენტაციის გამო.

ერთმა ამგვარ ლაბირინთებში მოხეტიალე კაცმა მირჩია საბჭოთა სამედიცინო ლიტერატურისთვის შემევლო თვალი. მაგალითად – წიგნები ვენერიულ დაავადებათა შესახებ. აქაც ახსენებდნენ ლენინს, ოღონდ არა დღეს თქვენთვის ცნობილი მიზეზის გამო. ისე, მათთვის ტრადიციულად. მერე, აი, რა გინდა სულო და გულო – „...დაიწყებს გაქრობას ვენერული სენები. მაგრამ ამის გაკეთება შეუძლია მხოლოდ სოციალისტურ ნიადაგზე აშენებულ სახელმწიფოს. ეს ნიადაგი საფუძვლად უდევს ჩვენი რესპუბლიკის ამშენებლობას. ჩვენში ვენერული სენები შემცირდება მაშინ, როცა კაპიტალისტური ქვეყნებში ძველებურად იქნება გავრცელებული... ვენერული სენი არის კაპიტალისტური შენობის ჩრდილი” (ვენერული ავადმყოფობანი. ტფილისი. 1925).

არ ვიცი რატომ ეცემოდა კაპიტალისტური ჩრდილი ჯერ კიდევ ყრმა საბჭოთა ქვეყანას და გამოვიდა თუ არა საერთოდ ამ ჩრდილიდან სიჭარმაგის ჩათვლით – მაგრამ სამეცნიერო სტატიებში მსგავსი ენით მეტყველებას ჯერ კიდევ რომ ვერ გადავეჩვიეთ, ფაქტია.

1927 წელს სახელგამმა უფრო „გაუმჯობესებული” წიგნი გამოსცა. მისი სლოგანია: „როსკიპი მთესველი და მასულდგმულებელია ვენერიზმისა” და სხვანი.

საინტერესოა, რომ ავადმყოფობისგან თავის დაცვის სხვა მეთოდებზეც მიუთითებდნენ. ქუთაისში გამოცემულ წიგნში „მოკლე ცნობები ვენერიულ დაავადებათა შესახებ” (1927წ.) ექიმი ა. ვეკუა წერს – „თუმცა ბევრისგან ბევრი საშვალება იქნა ვითომ და გამოგონილი ამისათვის, მაგრამ არც ერთი მათგანი არ გამოდგა სრული გარანტიის მიმცემი... პირველი ადგილი აქ უჭირავს ეგრედ წოდებულ „კანდომებს” (ჩვენებურად განდონებს), რომლის ხმარებაც მამაკაცის მიერ სქესობრივი აქტის დროს სხვებზე უფრო დაიფარავს მას ვენსენის შეყრისგან”.

ციტატებს რა დალევს. თქვენც დაიღლებით და მეც. რა დალევს დარგსაც, ჟანრსაც. წვანან ეს წიგნები საცავის სასაფლაოში. არავის ელიან. მე შევაღვიძებ ხოლმე და მოგიყვებით.

კომენტარები