ატნაშენიები

ნოემბრის დასაწყისში ჯერ ბიძინა ივანიშვილმა გამართა პრესკონფერენცია, შემდეგ თემურ ქეცბაია შეხვდა ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში. ორივე ამბავს ველოდებოდი. მაინტერესებდა, რას იტყოდა კაცი, რომელსაც ქვეყნის მართვა უნდა და კაცი, რომელმაც გასული სეზონი ჩააგდო და გუნდი მაინც კიდევ ოთხი წლით ჩააბარეს. ანუ, მათ მომავალზე უნდა ელაპარაკათ. მომავალზე, საქმეზე და კონკრეტულად. არ გამოვიდა. მათ წარსული გაიხსენეს, ზოგადად ილაპარაკეს სხვის საქმეებზე და ახალიც ვერაფერი გავიგეთ. სამაგიეროდ, კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორ ირკვევა საქართველოში ატნაშენიები.

ატნაშენიების რკვევა ჩვენი ეროვნული საგანძურია და ურთიერთობასთან კავშირი არ აქვს. მხოლოდ ლინგვისტურად არა – შინაარსობრივადაც. ურთიერთობისგან განსხვავებით, ატნაშენიები ირკვევა იქ, სადაც საქმეა საკეთებელი და არავინ იცის ამ საქმის კეთება. ეს ბუნებრივია. და ლოგიკურიც. არ იცი, რაზე ილაპარაკო და რა აკეთო? გაარკვიე ატნაშენია! 

ივანიშვილის სამასკაციან პრესკონფერენციაზე, რომელიც ძალიან წააგავდა სამასკაციან გარიგებულ ქორწილს არაადეკვატური თამადით, უკვე ყველაფერი ითქვა. ამიტომ ამაზე ნუღარ გავჩერდებით. ნაკლები რეზონანსი ჰქონდა საქართველოს ნაკრების მწვრთნელისა და სპორტული ჟურნალისტების დიალოგს. არადა, ეს ხომ შედევრი იყო! რა კითხვები, რა ჟუჟუნა თვალები, რა ერთგულება, რა კდემამოსილება, რა მუხლმოდრეკა, რამდენიმეგზის გაფითრება, დაბნევა ერთი მხრივ და ჟარგონებით გაჟღენთილი, პერიოდულად ძალიან აგრესიული, საკუთარი თავის ქება-დიდებით მოკაზმული მონოლოგი-სადღეგრძელო მეორე მხრივ. რა შეიძლება ამ კომბინაციაში შეიქმნას? არც არაფერი. 

ორი ეპიზოდი გამოვყოთ. ერთი წარსულს ეხება კონკრეტულად და მეორე – მომავალს ზოგადად. პირველი: ქეცბაიამ დადებითად შეაფასა განვლილი ორი წელი, ანუ მეხუთე ადგილი ყველაზე სუსტ ჯგუფში. მეტიც, მან ორჯერ გაიმეორა, რომ ლატვიასთან თბილისში წაგებული მატჩი საუკეთესო იყო ბოლო ათ წელიწადში. ლატვიასთან თბილისში წაგებული თამაში! ღირსეული წაგება სულ გვესმის, მაგრამ ასეთი ღირსეული – პირველად.

მეორე – კითხვაზე, რა წერია ფედერაციასა და მწვრთნელს შორის გაფორმებულ ახალ კონტრაქტში, ანუ რა შედეგი აქვს ნაკრებს დასახული მიზნად, გაისმა ფანტასმაგორიული პასუხი, რომლის შინაარსიც ასეთია – კონკრეტული პირობები კონტრაქტში მითითებული არაა (!), არც ქეცბაია დებს რამე წერილობით პირობას და არც ფედერაცია ითხოვს რაიმეს (!) უბრალოდ: როცა თამაშის შემდეგ გასასვლელისკენ მომავალ ბიჭებს თვალებში ჩავხედავ, მივხვდები, მიღწეულია თუ არა მიზანი (!!!) 

არა, ამ უნიკალურ ხელშეკრულებას გვერდს ასე ადვილად ვერ აუვლით. ჯერ ისაა გასარკვევი, კონკრეტულად რომელიმე ფეხბურთელის (მაგალითად, კაპიტნის) თვალები იქნება ინდიკატორი? მგონი არასწორია ერთ კაცზე ჩამოკიდება, ფეხბურთს ხომ თერთმეტნი თამაშობენ. ანუ საფინალო სასტვენისთანავე მწვრთნელი გასასვლელთან გამაგრდება და ფეხბურთელების ჯამურ მზერას შეისწავლის. ეგ კარგი, მაგრამ ხომ შეიძლება ვინმემ თვალები მილულოს, მეორემ ტრიბუნაზე ნაშას გახედოს ზუსტად მაშინ, როცა მწვრთნელი განმგმირავად გაუყრის თვალს თვალში, მესამეს მოერიდოს და თვალები მორცხვად დახაროს, ხოლო სკოლაში ცუღლუტობით გამორჩეულმა მეოთხემ ზუსტად ისეთი გამოხედვა დაიყენოს, როგორიც მწვრთნელს აწყობს? როგორ არ შეიძლება. მეტიც, ეს ზუსტად ასე მოხდება და ჩვენც ვერ გავიგებთ, წარმატებას მივაღწიეთ თუ თავი არ გამოგვეყოფა არსად.

თუმცა ეს ერთი მხარეა. მეორე მხარე ის გახლავთ, რომ ქართული ჟურნალისტიკა უმძიმეს მდგომარეობაშია. ის ვერ ერევა იმ რესპონდენტებს, რომლებზეც ვილაპარაკეთ. ვერ ერევა კი არა, აქეთ ისმენს ლექციებს და ჭკუის სწავლებას. შევთანხმდეთ, რომ ეს სირცხვილია. თუმცა, პათეტიკურის გარდა, ამას პრაქტიკული დატვირთვაც აქვს – ადამიანები ან არასწორ ინფორმაციას იღებენ, ან ინფორმაციას იღებენ არასწორად. შესაბამისად, ვიღებთ მესამე მხარეს – საზოგადოებას, რომლის   დიდი ნაწილი კმაყოფილია იმ ზოგადობრიობით, რაც ზემოხსენებული ორი შეხვედრიდან გავიგეთ. 

უფრო სწორად იმით, რომ ვერაფერიც ვერ გავიგეთ. 

კომენტარები