დაჯახების ოპტიმისტური თეორია

ამ სვეტისთვის თემის შერჩევა გამიჭირდა. არა იმიტომ, რომ საინტერესო ამბები არ იყო, პირიქით, მათი სიმრავლის გამო. რომელ ერთზე შევჩერებულიყავი, არ ვიცოდი: ჩვილ ეგზოპლანეტაზე, რომლის დაბადების მომსწრეები ასტრონომები პირველად გახდნენ; თუ უახლოესი ვარსკვლავის გარშემო აღმოჩენილ წყლის გიგანტურ რეზერვუარზე; ეგებ იმაზე, რომ ფარული მასა სულ უფრო ფარული და საიდუმლოებით მოცული ხდება და მეტ კითხვას ბადებს; თუ იმაზე, რომ მეცნიერები სხვა ვარსკვლავების გარშემო არა მარტო პლანეტების, არამედ უკვე კომეტების აღმოჩენაზეც გადავიდნენ და მრავალი სხვა.

ბოლოს შემთხვევითობა დამეხმარა: ელ-ფოსტაზე მოსულ ერთ-ერთ წერილში იყო ცნობა, რომ NASA-მ დედამიწაზე ასტეროიდების დაჯახების ალბათობა დააზუსტა, რაც ადრე გამოთვლილ სიდიდესთან შედარებით ნაკლები აღმოჩნდა – როგორც ამერიკელები იტყვიან, good news! მართალია, დაჯახება გამორიცხული არ არის, მისი საშიშროება არსებობს: ჩვენ ვიყავით თვითმხილველები იმისა, თუ როგორ დაეჯახა კომეტა პლანეტა იუპიტერს 1994 წელს, 1908 წელს ციმბირში დიდი ზომის მეტეორიტი ჩამოვარდა (ტუნგუსკის მეტეორიტი), მაგრამ შემდგომი დაჯახების ალბათობა ძალზე მცირე იყო, ხოლო დაზუსტებული გათვლებით, ის კიდევ უფრო შემცირდა.

აქ გამახსენდა, რომ მარტო მიმდინარე 2011 წლის განმავლობაში ჩვენ სამჯერ მაინც „გადავურჩით” გლობალურ კატასტროფას: ჯერ მთვარე გვეჯახებოდა, შემდეგ ასტეროიდი, ცოტა ხნის წინ კი კომეტამ ჩაგვიშხუილა სახიფათოსთან ახლო მანძილზე. მაგრამ სამჯერვე „გაგვიმართლა”: როგორც ერთი ცნობილი ქართველი იუმორისტი იტყოდა, ციური სხეულები სამჯერ არ დაგვეჯახა. თუმცა ნუ მოვდუნდებით: წინ კიდევ 2 თვეა, სანამ მშვიდობიანად გადავაგორებდეთ ამ წელიწადს. ეს ყველაფერი, შეიძლება ითქვას, მოსამზადებელი ეტაპია 2012 წლის დასახვედრად. ამ თემაზე გვქონდა ადრე საუბარი ტაბულას ერთ-ერთ ნომერში. ორი რამ არის ნაწინასწარმეტყველევი ამ წლისათვის: ზოგნი იძახიან, რომ მცირე პლანეტა უნდა დაგვეცეს, ზოგნი კი ამტკიცებენ, რომ არაფერიც არ გვეჯახება. ვნახოთ, რომელი აღმოჩნდება სწორი.

ძალიან მიყვარს ფილმი-კატასტროფები. სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე ისეთ კინოებს, როგორებიცაა „დიდი დაჯახება”, „არმაგედონი”, „დღე ხვალის შემდეგ”. პირველ ორ ფილმში საკმაოდ დამაჯერებლადაა ნაჩვენები, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მთელი პლანეტის მასშტაბით დედამიწაზე ციური სხეულის დაჯახებას: კოლოსალური ნგრევა, მასშტაბური ხანძრები, გიგანტური ცუნამი.

ამ აპოკალიფსური ფილმების გამოსვლის შემდეგ, დედამიწის მახლობელი სხეულების მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ერთბაშად ყველას საფრთხის შეგრძნება გაუჩნდა. წამყვანმა სახელმწიფოებმა დაავალეს მეცნიერებს, დაეწყოთ დედამიწის მახლობელი კოსმოსის სისტემატური პატრულირება – პოტენციურად საშიში სხეულების აღმოჩენისა და დაკვირვების მიზნით. სინამდვილეში საფრთხე დღეს იმაზე მეტი არ არის, ვიდრე100 ან 1000 წლის წინ იყო: ეს სხეულები მაშინაც არსებობდნენ. უბრალოდ, ადრე ჩვენ მათ შესახებ არაფერი ვიცოდით, დღეს კი გავიგეთ და სწორედ ამ ცოდნამ გაგვიჩინა გაზრდილი საფრთხის ცრუ შეგრძნება.

ასე შემუშავდა NASA-ს პროგრამები, რომელთა მიხედვითაც მუდმივად წარმოებს ასტეროიდებისა და კომეტების მონიტორინგი, როგორც დედამიწის ზედაპირიდან, ისე თანამგზავრების საშუალებით. ხდება მათი ორბიტების განსაზღვრა და დედამიწასთან შეჯახების ალბათობის გამოთვლა. ეს მონაცემები ქვეყნდება NASA-ს ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

სხვათა შორის, ხშირად გაიგონებთ შეთქმულების თეორიებს, თითქოს NASA-მ იცის ციური სხეულის მოახლოების შესახებ – მაგალითად, 2012 წელს რომ უნდა დაგვეჯახოს – მაგრამ ამას საზოგადოებას უმალავს (სავარაუდოდ, პანიკის თავიდან აცილების მიზნით). NASA-მ რომც შეინახოს საიდუმლოდ ასეთი ინფორმაცია, ჩვენკენ მომავალი ციური სხეული მოყვარული ასტრონომების მახვილ მზერას არ გამოეპარება. ამის დასტურია ცოტა ხნის წინ ჩავლილი ელენინის კომეტა. ის რუსმა მოყვარულმა ლეონიდ ელენინმა აღმოაჩინა ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ეს კომეტა ჩვენგან თითქმის ნახევარ მილიარდ კილომეტრზე იმყოფებოდა და ძალზე მკრთალი იყო. ასე რომ, მსგავსი რამის დამალვა ყოველგვარ აზრს მოკლებულია.

ასტეროიდები სხვადასხვა ზომისაა. რაც უფრო დიდია ის, მით უფრო მასიურია (სიმკვრივე ყველას მეტ-ნაკლებად ერთნაირი აქვს) და, ცხადია, დაჯახების შემთხვევაში დიდი ზიანის მოყენება შეუძლია. ყველაზე დიდი ასტეროიდების დიამეტრები რამდენიმე ასეული კმ-ია და ისინი ჩვენგან ძალზე შორს იმყოფებიან – მარსსა და იუპიტერს შორის ასტეროიდების სარტყელში. დედამიწის მახლობელი ასტეროიდები ბევრად მცირეა: რამდენიმე კილომეტრიდან რამდენიმე მეტრამდე დიამეტრის.

გლობალური კატასტროფის გამოწვევა 1კმ-ზე უფრო დიდი ზომის ასტეროიდებს შეუძლიათ. შეფასებულია, რომ მათი რიცხვი 1000-მდე უნდა იყოს. აქედან NASA-ს თანამგზავრმა NEOWISE-მა 900-ზე მეტი აღმოაჩინა. ეს სატელიტი, სხვა ხელსაწყოებისგან განსხვავებით, ინფრაწითელ გამოსხივებას ზომავდა. ინფრაწითელი გამოსხივება ასტეროიდების შემთხვევაში უფრო ზუსტ ინფორმაციას იძლევა მათ სიდიდეზე, ვიდრე ჩვეულებრივი ხილული სინათლე. ამ დაკვირვებების შედეგად მათი ზომები უფრო დაზუსტდა – ვინაიდან დაჯახების ალბათობა ზომაზეა დამოკიდებული, მისი სიზუსტეც გაიზარდა.

NEOWISE-ის მონაცემებზე დაყრდნობილმა გამოთვლებმა აჩვენა, რომ დედამიწის მახლობელი არც ერთი დიდი ზომის ასტეროიდი საფრთხეს არ წარმოადგენს, უახლოესი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მაინც.

მართალია, გლობალური არმაგედონი არ გვემუქრება, მაგრამ მცირე მასშტაბის დაჯახებებისგან ნაკლებად ვართ დაზღვეული. 100 მეტრიდან 1კმ-მდე ციურ ლოდებს, რომელთა რაოდენობა 20 ათასამდეა, შეუძლიათ ლოკალური ზიანის მიყენება დაჯახების ადგილას, ან ცუნამის გამოწვევა ოკეანეში ჩავარდნის შემთხვევაში. თუმცა მათი ჩამოვარდნის ალბათობაც ძალზე მცირეა. 100 მეტრამდე ციური „კენჭების” რაოდენობა მილიონს უნდა აღწევდეს, თუმცა ისინი იმდენად პატარებია, რომ ხელსაწყოები ვერ ხედავენ.

ასტეროიდებს „უყვართ” „ოჯახებად” ცხოვრება: ხშირად ჯგუფდებიან და ერთად მოგზაურობენ მზის გარშემო – ერთგვარი ციური ბოშები არიან. მათი ოჯახები უფრო „დემოკრატიულია”, ვიდრე დიდი პლანეტებისა, სადაც ერთი მთავარი „დიქტატორის” გარშემო, წესრიგის მკაცრი დაცვით, მოძრაობენ მასზე ბევრად მცირე ზომის თანამგზავრები. ასტეროიდებში კი მოძრაობები უფრო ქაოტურია, რის გამოც ხანდახან „კონფლიქტშიც” შედიან ერთმანეთთან და ეჯახებიან, როგორც ბილიარდის ბურთები. ასე ერთმანეთს მოძრაობის მიმართულებას უცვლიან და შეიძლება ნაწილებადაც დაიშალონ.

ითვლება, რომ სწორედ ასეთი ურთიერთდაჯახების შედეგად, დაახლოებით 100 მილიონი წლის წინ, ერთ-ერთმა ასტეროიდმა გეზი იცვალა, კიდევ 35 მილიონი წელი იხეტიალა და ბოლოს დედამიწას შეასკდა. ასე გადაშენდნენ დინოზავრები, რომელთა ნაკვალევიღა შემოგვრჩა სათაფლიაში. ჩვენ ჯერჯერობით მათი ბედი არ გვემუქრება.

კომენტარები