საშტატო განრიგი, წლიური ბალანსი

აგვისტოში ქართული კლუბები ტრადიციულად დაემშვიდობენ ევროპას. თუმცა ეს ისეთი ნაღვლიან-პორნოგრაფიულ-ტოტალიზატორული დამშვიდობება არ ყოფილა, როგორც წინა წლებში – ცოტა გამოვფხიზლდით.

აგვისტოს ბოლოს დაიწყო ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში. ქართველები ჯგუფიდან გავიდნენ. როგორ? რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენი გუნდი ევროპის საუკეთესო 12 ნაკრებს შორისაა და შეიძლება მეოთხედფინალშიც გავიდეს. საქართველო რომ მეთხუთმეტედ მონაწილეობდეს ამ ტურნირში, აუცილებლად გავაკრიტიკებდი თამაშის ხარისხის გამო, მაგრამ ეს დებიუტია, ახლა ვიწყებთ სწავლას. ხო ყველას გვახსოვს, სულ რამდენიმე წლის წინ როგორ გვიგებდნენ რეიკიავიკის „ბურგერ კინგის” ბუთხუზა თანამშრომლები. ამიტომ წერტილი დავსვათ – ლიტვაში წარმატებით გამოვედით.

სექტემბრის დასაწყისში კი ქართულმა სანაკრებო ფეხბურთმა მორიგი სილები აილაწუნა და ერთხელაც მოიჭრა თავი. ტაბულა ჯერ კიდევ ივლისში წერდა, რომ ქეცბაია და მისი გუნდი ვერც ფეხბურთს თამაშობს, აღარც შედეგი უვარგა და ამიტომ სასწრაფო ზომებია მისაღები. ამისთვის კინაღამ ანათემაზე გადაგვცეს. მეგონა, ქეცბაიას ეგზალტირებული თაყვანისმცემლები ახლა მაინც მიხვდებოდნენ, რომ საქმე ცუდადაა, მაგრამ არა – ზედიზედ წავაგეთ ხორვატებთან, ისრაელთან, პოლონეთთან, ლატვიასთან, მალტასთან (ეს წაგება იყო) – გულშემატკივართა უმრავლესობა კი ძველებურად იმეორებს, რომ მწვრთნელი არაფერ შუაშია. მეტიც, მას შედეგი აქვს (?) ძალიან უცნაურია. ცოტა სასაცილოც.

თუმცა ამ წერილის მიზანი არც დამნაშავეების ძებნაა და არც მათი დახვრეტა. იმაში, რაც ბოლო დღეებში მოხდა, ქეცბაიაც დამნაშავეა, „ფეხბურთელებიც”, ისინიც, ვინც ხორვატიაში წაგების შემდეგ მათ ტაშს უკრავდა აეროპორტში, ფეხბურთის ფედერაციაც და ზოგადად, ფეხბურთის მასიური უცოდინრობაც.

და სადაა გამოსავალი – ქეცბაია წავიდეს და სხვა მოვიდეს? ნაკრების წევრებს ბურთის გაჩერება ვასწავლოთ? დაველოდოთ იმ ლომების წამოზრდას, რომლებმაც პირველ სექტემბერს პირველი ტაიმი 0:6 წააგეს? არა, არა და არა.

ზაფხულში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრის შემდეგ, როცა ფორტუნამ ესპანეთი, საფრანგეთი, ბელარუსი და ფინეთი შემოგვახეთქა, საქართველოში სრული სერიოზულობით დაიწყო მსჯელობა, შეგვიძლია თუ არა ბრაზილიაში მოხვედრა. არაადეკვატურობა – აი, მთავარი პრობლემა! პრობლემა გამოწვეული იმით, რომ სისულელეებზე ვოცნებობთ მაშინ, როცა ხელში ერთი დაბალი კოზირიც კი არ გვიჭირავს.

ამიტომ, ჯერ ადეკვატურები უნდა გავხდეთ და ერთხელ და საბოლოოდ ვაღიაროთ – ქართული ფეხბურთი ძალიან დაბალი, სამარცხვინო დონისაა. შესაბამისად, მოთხოვნაც მინიმალური უნდა იყოს, ანუ ბრაზილიაში წასვლაზე კი არა, ჯგუფში ბოლო ადგილზე არგასვლაზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენ არ გვივარგა ჩემპიონატი, კლუბები, ვეტერანი ფეხბურთელები, ახალგაზრდა ფეხბურთელები, ლეგიონერები, მწვრთნელები, მსაჯები, ფეხბურთის მმართველები, გულშემატკივრები, სპორტული მედია. არ გვაქვს სტადიონები, საბავშვო აკადემიები, ზოგადად ინფრასტრუქტურა. ხვალ გვექნება ეს ყველაფერი? არ ვიცი. ზეგ? არც ეგ ვიცი. ეს არავინ იცის, რადგან ამაზე არავინ ფიქრობს. რატომ? ეგეც უცნობია.

როდესაც რაღაცას აკეთებ, უნდა იცოდე: რას აკეთებ, როგორ აკეთებ და რამდენ ხანში აკეთებ. სამწუხაროდ, არც ერთი არ ვიცით. არ არსებობს გეგმა. ქართული ფეხბურთი ოცი წლისაა და ერთხელაც არ სცოდნია, რა ელის ხვალ. ის დღევანდელი დღით ცხოვრობს და ლპება!

ჰოდა, შევეშვათ ფანტაზიორობას, კერპთაყვანისმცემლობას, ლანძღვა-გინებას, მსხვერპლშეწირვას, სადღეგრძელოებს, 13 მაისზე წკმუტუნს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მოვთხოვოთ – გაკეთდეს გრძელვადიანი, ვთქვათ, ათწლიანი გეგმა, რომლის მიზანიც იქნება 2022 წელს ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა. ამ გეგმაში ზუსტად უნდა იყოს გაწერილი, რა გაკეთდება ყოველდღიურად. ძალიან დეტალურად. იქ დღესვე უნდა ჩაიწეროს, რა მოხდება 2015 წლის 12 სექტემბერს, დილის 10 საათზე. და როცა ეს გვეცოდინება, საქმეც გამოვა.

რასაკვირველია, ეს ძალიან ძვირი პროექტი იქნება. საუბარია ასეულობით მილიონებზე, რომლითაც სრულად მოვაწყობთ ინფრასტრუქტურას, ჩამოვიყვანთ მცოდნე მწვრთნელებს, მენეჯერებს, აგენტებს, დიეტოლოგებს, ფიზიოებს და დავიწყებთ იმ თაობის თავიდან ბოლომდე აღზრდას, რომელიც ფეხბურთს ითამაშებს.

ფული არ გვაქვს? კი ბატონო. მაშინ არც ფეხბურთი გვექნება.

კომენტარები