ხორცი, ნაგავი და სხვა

ბოლო რამდენიმე თვეა, ერთობ ხშირად ისმის თავისუფალი ბაზრის ლანძღვა. ისმის რამდენიმე სატელევიზიო არხიდან, გაზეთებიდან, ინტერნეტ-გვერდებიდან თუ სოციალური ქსელებიდან. თავისუფალ ბაზარს ბრალდება ყველა ის პრობლემა, სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ხასიათის, რომელიც აწუხებს საქართველოს მოქალაქეთა მნიშვნელოვან ნაწილს. არ მიკვირს, რომ მსგავსი ბრალდებები მოკლებულია ყოველგვარ კონკრეტიკას და მიზნად ისახავს ზოგადად ამ სისტემის დემონიზაციას, რადგან კრიტიკა ხშირ შემთხვევაში მოდის წარუმატებელი ადამიანებისგან, რომელთა ნაწილი თავს „პოლიტიკოსს” უწოდებს, ნაწილი – „სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელს”, ხოლო ნაწილი – „ექსპერტს”. არ მიკვირს, რადგან პრაქტიკულად შემთხვევების 100%-ისას ამ ადამიანებს მიახლოებითი წარმოდგენაც კი არ აქვთ რაზე საუბრობენ. თავისუფალ ბაზარს, რომელსაც ქართულ სინამდვილეში მეტი აგრესიის გენერირების მიზნით აგრეთვე ხშირად მოიხსენიებენ ხოლმე ლიბერალიზმად (ორთოდოქსი ფუნდამენტალისტები), ნეოლიბერალიზმად (ღია თუ ლატენტური სოციალისტები), ველურ კაპიტალიზმად თუ ბენდუნომიკად (ყველაფრის ექსპერტები), ლანძღავს ყველა, ვისაც არ ეზარება ან უბრალოდ სხვაგან ვერსად ხედავს თვითრეალიზაციის გზას.

ამ სტატიის მიზანი არ არის თავისუფალი ბაზრის დაცვა. ეს ძალიან შორს წაგვიყვანდა და ნაკლებად საინტერესო იქნებოდა იმ მკითხველისთვის, ვისაც მაინცდამაინც არ იზიდავს ეკონომიკური სისტემების საკმაოდ მოსაბეზრებელი დეტალები. სტატიის მიზანია, რიგითი ადამიანებისთვის თვალსაჩინო გახადოს თუ რას გულისხმობს თავისუფალი ბაზარი, რა შედეგები მოგვიტანა თავისუფალი ბაზრის მიდგომებმა და როგორ აისახება ასეთი ტიპის მიდგომებიდან ნებისმიერი მცირედი გადახვევა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

ძალიან მოკლედ რომ განვმარტოთ, თავისუფალი ბაზრის აპოლოგეტები მიიჩნევენ, რომ ადამიანების საზოგადოებრივ თანაცხოვრებაში მთავარი და განმსაზღვრელი ფაქტორი არის თავისუფლება. მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს შესწევთ უნარი ესწრაფვონ მაქსიმალურ კეთილდღეობას საკუთარი თავისთვის, ოჯახისთვის, შვილებისთვის, მეგობრებისთვის და სხვა. ადამიანთა თავისუფლებისთვის ყველაზე მეტი საფრთხის შემცველად კი სახელმწიფო სისტემა მოიაზრება. რაც უფრო დიდია სახელმწიფო ბიუროკრატია, მით ნაკლებია მოქალაქეთა თავისუფლება. რაც უფრო მეტად ერევა სახელმწიფო ადამიანებს შორის ურთიერთობებში (გადასახადების, რეგულაციების და სხვა სახით), მით მეტად იზღუდება თავისუფლება. რაც უფრო მეტ ქონებას ფლობს სახელმწიფო, მით ნაკლები რესურსი რჩებათ თავისუფალ ადამიანებს, რათა შეეცადონ საკუთარი მიზნების რეალიზაციას. სწორედ ამ მიზეზების გამო, თავისუფალი ბაზარი გულისხმობს მაქსიმალურად მცირე ზომის სახელმწიფო აპარატს და საჯარო საკუთრებაში არსებული ქონების მაქსიმალურ პრივატიზაციას.

ცხადია, თავისუფალი ბაზარი სრულყოფილი სახით არსად არასდროს არსებულა. მაგრამ 2004 წლიდან, ეკონომიკურ პოლიტიკასთან მიმართებაში საქართველომ ძირითადად თავისუფალი ბაზრის მიდგომები გამოიყენა. ყველა ის პოზიტიური შედეგი თუ წინსვლა, რომლითაც დღეს ვამაყობთ (იქნება ეს საშუალო ეკონომიკური ზრდის ტემპი, ახალი გზები, 24-საათიანი ელ. მომარაგება, ეფექტიანი საჯარო სერვისები, კორუფციის დონის კლება, უცხოური ინვესტიციების შემოსვლა და სხვა) და რომლის დანახვაც პრინციპულად არ სურს ადამიანების გარკვეულ ჯგუფს,ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არის სწორედ თავისუფალი ბაზრის მიდგომების დამსახურება. ყველა ეს სიკეთე იმიტომ არ მიგვიღია, რომ ხელისუფლებაში ზეგონებრივი შესაძლებლობის ანგელოზები გვყავს. ყოველი წარმატების უკან დგას ნაკლები ბიუროკრატია და ნაკლები რეგულაციები, მეტი თავისუფლება და მეტი პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე.

რა ხდება მაშინ, როცა ვივიწყებთ თავისუფალი ბაზრის პრინციპებს და ეკონომიკა, ანუ ადამიანთა საზოგადოებრივი თანაცხოვრება, გადაგვყავს „ხელით მართვის” რეჟიმზე? შევეცდები ამ კითხვაზე საპასუხოდ დღეს აქტუალური რამდენიმე პრობლემა მიმოვიხილო.

ინფლაცია

მაისის ინფლაციამ 14%-ს გადააჭარბა. ფასების ზრდამ შეაწუხა ყველა, მათ შორის ჟურნალისტებიც, და შედეგად, ეს საკითხი დიდხანს არ გაქრა სხვადასხვა მედიის დღის წესრიგიდან. ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, ინფლაციამ გადაასწრო სხვა პრობლემებს და მეორე ადგილი დაიკავა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების „წუხილთა” ჩამონათვალში უმუშევრობის შემდეგ.

თავისუფალი ბაზარი გულისხმობს, რომ ბაზარზე არსებული პროდუქციის ფასები პირდაპირ კავშირშია იმავე ბაზარზე არსებულ ფულის მასის ოდენობასთან. ფასები დგება პროდუქციის და ფულის ურთიერთგაცვლის შედეგად. თუ ბევრია პროდუქცია – მისი ფასი ეცემა. თუ ბევრია ფული – რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მისი ფასიც ეცემა. თუ ადრე 100 ლარით ვყიდულობდით გარკვეული რაოდენობის პროდუქციას, ახლა იმავე რაოდენობის საყიდლად მეტი ფული გვჭირდება. თუ 100 ლარი ბანკში გედოთ, ჩათვალეთ, რომ დღეს ეს უკვე აღარ არის „ის 100 ლარი”. მისი ფასი (მსყიდველუნარიანობა) ნაკლებია.

რა არის ინფლაციის მიზეზი? სახელმწიფოს, ჩვენს შემთხვევაში ეროვნული ბანკის, ჩარევა ფულის ბაზარზე, კერძოდ ფულის მასის ზრდა! სხვა მიზეზი არ არსებობს. როგორც უნდა გაიზარდოს ჩინელების მადა, რამდენი კარტოფილიც უნდა შეისყიდონ სომხებმა, როგორც უნდა გაძვირდეს ნავთობი – ეს ვერ გახდება ინფლაციის მიზეზი.

თავისუფალი ბაზარი გვთავაზობს ხელისუფლების მსგავსი შეცდომებისგან დაზღვევის გზას. და ეს გზა კვლავ ნაკლები სახელმწიფო აპარატი და მეტი თავისუფლებაა. ამ შემთხვევაში – ვალუტის არჩევანის თავისუფლება. თუ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ სხვა ვალუტის გამოყენების უფლება სავაჭრო თუ სხვა სახის ოპერაციების დროს, ეს აზრს დაუკარგავს ეროვნული ბანკის მიერ ახალი ფულის ბეჭდვას, რადგან ლარის გაუფასურების (მსყიდველუნარიანობის დაქვეითების) შემთხვევაში (რაც მოჰყვება ინფლაციას), ყველა ავტომატურად გადაერთვება სხვა ვალუტაზე (დოლარზე, ევროზე). ეს არ ნიშნავს, რომ ინფლაცია აღარ იქნება საერთოდ. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მიერ არჩეული ვალუტის ფასი დამოკიდებული იქნება ევროპის ცენტრალურ ბანკზე (ევროს შემთხვევაში) ან ამერიკის ფედერალურ სარეზერვო სისტემაზე (აშშ დოლარის შემთხვევაში), სადაც, როგორც მინიმუმ, შედარებით მაღალი კვალიფიკაციის ეკონომისტები მუშაობენ (რომლებიც ასევე სცოდავენ, მაგრამ ეს ცალკე სტატიის თემაა).

დასუფთავების გადასახადის მიბმა ელ. ენერგიის გადასახადზე

რამდენიმე დღის წინ შეცვალეს დასუფთავების კომუნალური (საშინელი სიტყვაა) გადასახადის გადახდის წესი. უწინ ამ გადასახადის დაანგარიშება ხდებოდა სულადობის მიხედვით. ახლა კი გადასახადის ოდენობა მიბმული იქნება მოხმარებული ელ. ენერგიის რაოდენობასთან. ამ ცვლილებამ საკმაო აჟიოტაჟი გამოიწვია, facebook-ზე ცვლილების მოწინააღმდეგეთა ჯგუფი გაკეთდა, რამდენიმე გამოკითხვა და საპროტესტო აქციაც მოეწყო. ხელისუფლების მხრიდან დასუფთავების გადასახადის დაანგარიშების წესის ცვლილების არგუმენტაცია საკმაოდ მარტივია – ნაგავს ვერ ავწონით და ვერ გავზომავთ (ძალიან ძვირი დაჯდება), შესაბამისად, რაღაც გაზომვად ერთეულს უნდა მივაბათ. ადრე ეს იყო ბინაში მცხოვრებთა რაოდენობა (და ამ წესს უამრავი პრობლემა ახლდა თან), დღეს ეს არის მოხმარებული დენის რაოდენობა. იმავე ლოგიკით შეიძლება ყოფილიყო მოხმარებული ბუნებრივი აირის რაოდენობა ან შეწონილი ქულა, რომლის დაანგარიშებაც მოხდებოდა მოხმარებული ელ. ენერგიისა და ბუნებრივი აირის რაოდენობებზე დაყრდნობით. აგრეთვე, შესაძლოა, გამოყენებულიყო ბინის ფართი ან მოცულობა. მაგრამ ამას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, რადგან პრობლემა სხვა რამეშია.

ამ შემთხვევაშიც პრობლემა ფასების ზრდა ანუ ინფლაციაა. ფასმა, რომელსაც ჩვენ ვიხდიდით ვაშლში, კიტრში თუ გაკრეჭაში, მოიმატა. მაგრამ, კომუნალური სერვისები ისეთივე საბაზრო პროდუქტებია, როგორც ნებისმიერი სხვა რამ. ფულის ოდენობამ, რომელიც აკუმულირდებოდა ჩვენ მიერ გადახდილი დასუფთავების გადასახადით, ისევე დაკარგა მსყიდველუნარიანობა, როგორც ჩვენს ჯიბეში არსებულმა ლარებმა. ამ გადასახადის პირდაპირი მატება, სავარაუდოდ, უფრო მეტ უკმაყოფილებას გამოიწვევდა და მნიშვნელოვნად დააზარალებდა უკიდურესად გაჭირვებულ მოსახლეობის ფენას. თბილისის მუნიციპალიტეტმა პრინციპში მოძებნა მეტი ფულის აკუმულირების ნაკლებად მტკივნეული გზა ინფლაციის ნეგატიური შედეგის საკომპენსაციოდ.

მუნიციპალური სერვისები სხვაც ბევრი არსებობს. მოსალოდნელია თუ არა მათზე ფასის მატება? სავარაუდოდ კი. გამოსავალი – ინფლაციის მოთოკვაა და ამის შესახებ ზემოთ უკვე დავწერე.

ხორცის ფასი

საქონლის ხორცი გაძვირდა. იმდენად გაძვირდა, რომ უამრავი ადამიანი უბრალოდ ვეღარ ახერხებს მის ყიდვას. ცხადია, ეს ადამიანები არ დარჩებიან ცილების გარეშე და ჩაანაცვლებენ საქონლის ხორცს სხვა პროდუქტებით, მაგალითად, ქათმით. მაგრამ რატომ ვაიძულებთ დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს უარი თქვან საქონლის ხორცზე?

ბუნებრივია, ამ შემთხვევაშიც გარკვეული როლი ითამაშა ინფლაციამ. მაგრამ გადამწყვეტი იყო სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის მიზნით გლეხებზე საქონლის სასაკლაოებზე დაკვლის ვალდებულების დაკისრება. თითქოს მანამდე ძალიან ბევრი მოქალაქე დაგვეღუპა საქონლის ხორციდან ინფიცირებით. რატომ შევქმენით ეს სისტემა? იმიტომ, რომ ამას ითხოვს ჩვენგან ევროკავშირი. რატომ ითხოვს? იმიტომ, რომ არანაირი სურვილი არ აქვს გაფართოვდეს საქართველოს ხარჯზე და, შესაბამისად, რაც შეიძლება მეტი მოთხოვნები უნდა წამოგვიყენოს, რომ მაქსიმალურად გააჭიანუროს ჩვენი „დაახლოების” პროცესი.

თავისუფალი ბაზრის პრინციპები გვეუბნება, რომ სახელმწიფოს საქმე არ არის სურსათის ან ნებისმიერი პროდუქტის ხარისხის კონტროლი. ეს არის კერძო პასუხისმგებლობის საკითხი. შეუძლებელია, რომელიმე სახელმწიფო მოხელეს (სურსათის უვნებლობის ინსპექტორს) უფრო ადარდებდეს, რას შეჭამს რომელიმე ადამიანი, ვიდრე თავად ამ ადამიანს. ასეთი სისტემები არ მუშაობს არათუ საქართველოში, არამედ გერმანიაშიც კი, სადაც ბოლო კვირებში ათობით ადამიანი დაიღუპა e-coli-ს ბაქტერიით და მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო სურსათის უვნებლობის სახელმწიფო სისტემამ ამის არათუ პრევენცია ვერ მოახდინა, არამედ დღემდე ზუსტად ვერ გაარკვია საიდან მოვიდა ეს ბაქტერია.

თავისუფალი ბაზრის მიდგომები გვასწავლის, რომ ნებისმიერი სახელმწიფო ჩარევა ბაზარზე, იქნება ეს რეგულაციების შემოღება თუ ინსპექტირება – აძვირებს ბიზნეს-ხარჯებს, ზრდის პროდუქციის თვითღირებულებას და, შესაბამისად, ფასს. საუბარი იმაზე, რომ ხორცზე ფასის ზრდა მონოპოლიური სისტემის ბრალია, აბსურდია (სასაკლაოს ხარჯი 1 კილოგრამზე მხოლოდ 1 ლარია, ფასი კი რამდენიმე ლარით გაიზარდა). მსგავსი „კეთილშობილური” ზრუნვა ადამიანებზე, უპირველეს ყოვლისა, ურტყამს ყველაზე გაჭირვებულ ფენას. და სწორედ ასეთი გაჭირვებული ადამიანები დარჩნენ დღეს საქონლის ხორცის გარეშე.

გამოსავალი კვლავ სახელმწიფოს ნაკლები ჩარევა და მეტი თავისუფლებაა. არსებობენ ადამიანები, რომელთაც სურთ ხორცის გაყიდვა და ადამიანები, რომელთაც სურთ ამ პროდუქტის ყიდვა. ის, თუ რა ხარისხის პროდუქციის გაცვლა მოხდება ამ ორ მხარეს შორის და რა ფასად, არის მხოლოდ ამ ადამიანების გადასაწყვეტი. და თუ ერთი მხარე დაზარალდება – 1. ეს იქნება მხოლოდ მისი პასუხისმგებლობა (და არა სხვა გადასახადის გადამხდელების, რომელთაც საკუთარი ფულით უნდა შეინახონ სურსათის უვნებლობის სახელმწიფო სისტემა); 2. მას ყოველთვის ექნება უფლება პასუხი აგებინოს მეორე მხარეს. ესეც რომ არ იყოს, სურსათის უვნებლობა ძალიან პირობითი ცნებაა და ჩვენ, ადამიანები, ხშირად შეგნებულად მივირთმევთ გემრიელ, მაგრამ არაჯანსაღ საკვებს. შესაბამისად, ზედმეტ წონაზე და ათეროსკლეროზულ დაავადებებზეც თავად ვაგებთ პასუხს.

სახალხო დაპატიმრებები

ახალ ამბებში, ყოველდღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს მაინც, ვუყურებთ როგორ აპატიმრებენ ადამიანებს, რომელთაც მიითვისეს სახელმწიფოს (ანუ ჩვენი) ფული ან არამიზნობრივად, პირადი სარგებლის მიღების მიზნით გამოიყენეს ის. რომელიღაც კომპანიის მფლობელებმა მესიმინდეობის აღორძინების მიზნით სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სახსრებით შეიძინეს სპეციალური ჯიშის სიმინდის თესლი, ხოლო შემდეგ მისგან გამოხადეს სპირტი, გაყიდეს და ნახეს მნიშვნელოვანი მოგება. „იაფი დაზღვევის” პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი საბიუჯეტო თანხები არასწორად განკარგეს სადაზღვევო კომპანიებმა. რამდენიმე კომპანიამ თუ ინდივიდუალურმა მეწარმემ მიითვისა ასევე სახელმწიფოს მიერ კეთილი მიზნებისთვის გამოყოფილი „იაფი კრედიტი”. ერთი შეხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეფექტიანად მუშაობენ სამართალდამცავი სტრუქტურები, ხოლო „საბჭოთა ქართველმა” ვერ შეიგნო სასჯელის გარდუვალობა კორუფციული ქმედების შემთხვევაში.

სინამდვილეში კი პრობლემის საწყისი კვლავ სახელმწიფოს ბაზარზე ჩარევაა. სახელმწიფოს საქმე არ არის სოფლის მეურნეობის განვითარება, ხელმისაწვდომი დაზღვევის შექმნა, იაფი ფულის ბაზარზე გაჩენა ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით (იაფი კრედიტის პროგრამა სწორედ ამას ისახავდა მიზნად) ან ინგლისურის და „კომპიუტერის” სწავლება. სახელმწიფოს მხრიდან ბაზარზე ნებისმიერი ასეთი ინტერვენცია აპრიორი გულისხმობს სახელმწიფო მოხელეებსა და მოქალაქეებს შორის ახალი კონტაქტების გაჩენას და/ან სახელმწიფო ხარჯების კერძო ხელში გადასვლას. ორივე შემთხვევაში ჩნდება ნიადაგი (რომელიც მანამდე არ არსებობდა) კორუფციული ქმედებისთვის. შედეგი? არაეფექტიანად დახარჯული თანხები და მორიგი სანახაობა ახალ ამბებში.

თუ რამე გვასწავლა საბჭოთა გამოცდილებამ და განსაკუთრებით საქართველოს ისტორიის უკანასკნელმა წლებმა, ეს არის თავისუფალი ბაზრის უპირობო უპირატესობა სახელმწიფოს მიერ მართულ ეკონომიკასთან. ხოლო, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ხელოვნური მცდელობა სიტუაციის გაუმჯობესებისა, მთავრდება მდგომარეობის გაუარესებით პირველ რიგში იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც ისედაც ყველაზე მეტად უჭირდა.

კომენტარები