ყიფო

ბოლო დროს საქართველოს ნაკრებზე და მთლიანად ქართულ ფეხბურთზე რამდენიმე არცთუ საქებარი წერილი დავწერე. ვიცი, ბევრს არ ესიამოვნა, ზოგმა ზედმეტად კრიტიკული ხარო, მითხრა – ზოგმაც, დაუნახავობა დამაბრალა...

შეიძლება მართალიცაა ვინც ამბობს – ამაზე მეტი დღეს არ შეგვიძლია, ესაა ჩვენი მაქსიმუმიო! უბრალოდ, აქ შესაძლებლობის ზღვარის საზომის პრობლემა დგება.

ჩემი და ჩემზე უფროსი თაობის გულშემატკივართა “უბედურება” ისაა, რომ განგებამ ჩვენ სტადიონზე მიშა მესხის, სლავა მეტრეველის, მურთაზ ხურცილავას, დათო ყიფიანის, ვლადიმერ გუცაევისა და ათობით სხვა ვარსკვლავის ნახვა გვარგუნა და საფეხბურთო გემოვნებაც მათი ოსტატობით ტკბობისას ჩამოგვიყალიბდა...

ადრეც ყოფილა ჩავარდნის პერიოდები. ბოლოს და ბოლოს, “დინამო” სულ ორჯერ შესწვდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონობას, თასი კი პირველად მხოლოდ მეექვსე ცდიდან მოიპოვა!

მაგრამ მაშინ იყო თამაშის განუმეორებელი, ქართული სტილი, თანდაყოლილი ტექნიკა, ბრძოლისუნარიანობა და იმედი, რომ ხვალ დღევანდელზე უკეთესი შედეგიც მოვა...

ჩემი საფეხბურთო მეხსიერება “ლოკომოტივზე” გამართული მატჩებით იწყება. ანუ, იმ თაობის გამოჩენიდან, რომელსაც დათოს, ვოვას, მანუჩარის “დინამო” ჰქვია. ყველა ჩამოთვლილ ლიდერს თავისი უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ქართული ფეხბურთის ლეგენდის შექმნაში და მათ მიერ “პირადად” მოგებული მატჩებისა თუ შეჯიბრებების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

რეკონსტრუირებული “დინამოს” სტადიონის გახსნიდან მოყოლებული, 1983 წლამდე თბილისში გამართული არც ერთი თამაში არ გამიცდენია და წარუმატებლობის შემთხვევაშიც, სულმოუთქმელად ველოდი მომდევნო შეხვედრას, რადგან ვიცოდი, რომ მორიგი დღესასწაულის მოწმე გავხდებოდი.

არ მინდა ვინმეს დამსახურება გავუფერმკრთალო, მაგრამ პირადად მე “დინამოს” სტადიონზე დათო ყიფიანის სანახავად დავდიოდი, ტელევიზორსაც ამ “საფეხბურთო არისტოკრატის” ხათრით ვუყურებდი და ამაზე ლამაზი მოგონებები არაფერზე არ დამრჩენია!
პირველად იგი კიროვის ბაღში ვნახე – ჩემთვის უდიდეს საფეხბურთო ავტორიტეტებს ქართლოს სვანიძესა და ლევან ჭაჭიაშვილს ესაუბრებოდა. ბიძაჩემმა ბახვა ჯაყელმა მითხრა, ეს ბიჭი მალე “დინამოს” სული და გული იქნებაო და აკი ასეც მოხდა!

ახლა ხშირად გაიგონებ, დათო ნებისმიერ ევროპულ გრანდს დაამშვენებდაო. მართალია, თუკი რომელიმე ქართველ ფეხბურთელს შეეძლო მორგებოდა უცხო გარემოს და საკუთარი თვითმყოფადი ელეგანტურობით დაეჩრდილა იქაური ვარსკვლავები, ეს, პირველ რიგში, ყიფიანზე ითქმის.

რომელი მატჩი თუ ეპიზოდი გავიხსენო? მილანში ფაკეტის გაბითურება თუ მოსკოვის “სპარტაკისთვის” თბილისში მოგებულ-წაგებულ
თამაშებში (3:1, 2:4) გატანილი ულამაზესი გოლები?! 50-მეტრიანი საგოლე პასების დაუსრულებელი რიგი თუ ლონდონსა და დიუსელდორფში მოწყობილი ფეიერვერკები, საცირკო ჟონგლიორსაც რომ შეშურდებოდა?! მაშინაც კი, როდესაც საუკეთესო ფორმაში არ იყო, დათო ჩვეული არტისტულობით ახერხებდა ერთი-ორი ისეთი საფირმო ილეთის შესრულებას, რომელიც ტრიბუნებს ექსტაზში აგდებდა და საერთოდ ავიწყებდა მინდორზე მიმდინარე მოვლენებს...

თუმცა, არსებობს მეორე მხარეც. რა დასამალია და, დათოს ტალანტი ბოლომდე გამოუყენებელი დარჩა. იგი ვერაფრით ვერ ათამაშდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში, სადაც ლიდერობას არ აცლიდნენ. ლობანოვსკიმ მონრეალის ოლიმპიადაზე დატოვა თადარიგში, ბესკოვმა საერთოდ არ წაიყვანა ესპანეთის მუნდიალზე და იქ გავრილოვი და ფეხმოტეხილი ბურიაკი იახლა...

მერე იყო მადრიდში მიღებული უმძიმესი ტრავმა, ანხელის მიერ ფეხის მოტეხვის სანაცვლოდ საავადმყოფოში მირთმეული ცისფერი მიხაკების თაიგული. ბოლოს კი, 1983 წელი და მეხივით გავარდნილი ცნობა – დათო მიდისო! არ დაგიმალავთ და ამან გაორებული გრძნობა დამიტოვა. დღევანდელი გადასახედიდან, ვხვდები, რომ ყიფომ ზუსტად შეარჩია წასვლის მომენტი, მაგრამ მაშინ ეს ღალატად აღვიქვი! “დინამოსა” და ფეხბურთის კი არა, ჩემს ღალატად, რადგან უმისოდ ვერც მშობლიური კლუბი წარმომედგინა და ვეღარც დიდუბეში წასვლის მიზეზს ვხედავდი...

...18 ივნისს დათო ყიფიანი 60 წლისა გახდებოდა. ზემოთ საფეხბურთო საზომი ვახსენე. ბრაზილიელთათვის ეს პელეა, არგენტინელთათვის – მარადონა, ჩემთვის – ყიფიანი...

ამიტომაც ვარ ასე მომთხოვნი დღევანდელი თაობის მიმართ და ვიქნები იქამდე, სანამ ახალ ყიფიანს არ ვნახავ...


კომენტარები