ჰამასი რუსთაველზე

სახალხო კრების აქცია თბილისში. 22 მაისი, 2011
ჰამასი, იგივე ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა, დაფუძნდა 1987 წელს ღაზის სექტორში, როგორც მუსლიმური საძმოს ერთ-ერთი ფრთა.
სახალხო კრება, იგივე წარმომადგენლობითი სახალხო კრება, დაფუძნდა 2010 წელს საქართველოში, როგორც რამდენიმე კვაზიპოლიტიკური პარტიის, არასამთავრობო ორგანიზაციისა და ცნობადი სახის გაერთიანება.

ჰამასის პირვანდელ დანიშნულებას საქველმოქმედო საქმიანობა წარმოადგენდა. ის მხოლოდ მოგვიანებით იქცა ტერორისტულ ორგანიზაციად და, ამავდროულად, პოლიტიკურ პარტიად.

სახალხო კრება დასაწყისში შეიკრიბა მაქსიმალურად დიდი ოდენობით მხარდამჭერების მობილიზების მიზნით და ითხოვდა ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს. ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის იდეამ მოგვიანებით წამოიწია წინა პლანზე.

ჰამასის გაცხადებული მიზანია ისრაელის სახელმწიფოს, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ერთადერთი ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფოს, განადგურება და მის ადგილას ერთიანი ისლამური პალესტინის შექმნა.

სახალხო კრების უნიჭოდ დაფარული მიზანია საქართველოს, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ერთადერთი ლიბერალურ-დემოკრატიულ ფასეულობებზე
ორიენტირებული სახელმწიფოს განადგურება და მისი დაბრუნება რუსული იმპერიის წიაღში.

ჰამასის წევრები საპროტესტო აქციაზე ღაზის სექტორში. 15 მაისი, 2011
 ჰამასის მთავარი დამფინანსებლები არიან საუდის არაბეთში მცხოვრები კერძო პირები და ირანის სპეცსამსახურები. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ირანიდან ფინანსური სახსრები ჰამასის ხელში ხვდება ირანში მცხოვრები პალესტინელი ექსპატრიატების გავლით.
სახალხო კრების მიერ დაგეგმილი რევოლუციისთვის რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გამოყოფილ ხარჯებს განკარგავდნენ რუსეთში გადახვეწილი გელბახიანი, ხაჩიშვილი, დუმბაძე. 

ჰამასი, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, არ არის შეზღუდული საერთაშორისო შეთანხმებებითა და კონვენციებით. პირიქით, ჰამასის ლიდერები და მათი მიმდევრები, როგორც თანამედროვე გარემოში მოქმედი პირები, საკმაოდ კარგად იცნობენ ამ შეთანხმებებსა და კონვენციებს, და იყენებენ მათ საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ.

სახალხო კრება არ აღიარებს ცივილური ქცევის წესებს, ხოლო მისი მთავარი ლიდერი, გამომდინარე მრავალწლიანი საპარლამენტო გამოცდილებიდან, საკმაოდ ოსტატურად იყენებს არსებულ საკანონმდებლო ბაზას საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ (ტფუ ტფუ ტფუ...).

ჰამასი ხშირად მიზანმიმართულად არღვევს შეიარაღებული კონფლიქტებისთვის საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს. მეტიც, ჰამასის ქმედება, როგორც წესი, ისეთ პირობებში აყენებს ტერორიზმთან მებრძოლ მხარეს ან ანტიტერორისტული ოპერაციის შემსრულებელს, რომ ის იძულებულია ან დაარღვიოს რომელიმე ზემოხსენებული პრინციპი ან არაეფექტური პასუხი გასცეს ტერორისტებს. შედეგად, ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლს უწევს არჩევანის გაკეთება მეტი ზიანის მოთმენასა და საომარი მოქმედებების დროს ჩადენილი დანაშაულის ბრალდებებს შორის.

21-დან 26 მაისამდე სახალხო კრება მიზანმიმართულად ცდილობდა გამოეწვია სამართალდამცავი სტრუქტურების ძალისმიერი ქმედება. კრების აქტივისტებმა ფიზიკური ზიანი მიაყენეს მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ ავტოტრანსპორტს. იყვნენ შეიარაღებული პლასტმასის მილებითა და ფანერებით, რომლებიც ფორმალურად იარაღად არ ითვლება. შეურაცხყოფას აყენებდნენ ყველას, ვინც მათ გვერდით არ იდგა. დააბინძურეს ყველა ის ტერიტორია, სადაც 1 საათით მაინც გადაწყვიტეს შეჩერება. კრება არ დაემორჩილა რამდენიმე გაფრთხილებას, რომ 26 მაისის 00.00 საათიდან აქცია რუსთაველის გამზირზე იქნებოდა არაკანონიერი. პოლიციას მოუწია არჩევანის გაკეთება აქციის ეფექტურად დაშლასა და ქალაქის ქუჩებში გამართულ მრავალსაათიან ხელჩართულ დაპირისპირებას (უკიდურეს შემთხვევაში კი სამოქალაქო ომს) შორის.

ჰამასის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ტაქტიკას წარმოადგენს ადამიანების, მათ შორის ბავშვების, ცოცხალ ფარად გამოყენება. ხშირად ჰამასის მებრძოლები ისრაელის ქალაქებზე დამიზნებულ თვითნაკეთ რაკეტებს უშვებენ სკოლების, საცხოვრებელი კორპუსების ან გაეროს რომელიმე ოფისის თუ ლტოლვილთა თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიიდან. მიზანი ცხადია – ისრაელის საპასუხო რეაქციას უნდა მოჰყვეს მსხვერპლი სამოქალაქო პირებში, სასურველია ბავშვებში, რათა შემდეგ ჰამასის აქტივისტებმა გარდაცვლილი ადამიანების ცხედრებით მოირბინონ ღაზის სექტორის ყველა ქუჩა და დაანახონ მსოფლიოს, როგორი სასტიკია ისრაელის სახელმწიფო.

სახალხო კრებამ 25 მაისის ღამეს მილებით, ფანერებითა და „მოლოტოვის კოქტეილებით” შეიარაღებული ხალხი, მათ შორის არასრულწლოვანი ახალგაზრდები, დატოვა სპეციალურად მსგავსი სიტუაციებისთვის მომზადებული საპოლიციო რაზმის პირისპირ. კრების ლიდერები გაიპარნენ ან გაიქცნენ. მთავარმა ლიდერმა მანქანების გრძელი კორტეჟით სწრაფად დატოვა აქცია და შეიწირა ორი ადამიანის, მათ შორის ერთი პოლიციელის სიცოცხლე. დანარჩენი, წინა დღეებში ომახიანი და ბრძოლაზე შემართული აქციის ხელმძღვანელები, ან კინოთეატრ რუსთაველში დაიმალნენ ან
გაურკვეველი შენობის სახურავებსა და ორმოებში გაატარეს ათობით საათი.

ჰამასი, როგორც წესი, იტყუება: აბუქებს დაღუპულთა რაოდენობას; ნებისმიერ მსხვერპლს, მათ შორის გარდაცვლილებს საკუთარ ქვედანაყოფებს შორის გაჩაღებული კონფლიქტის შედეგად, მიაწერს ისრაელს; აცხადებს, რომ ისრაელის ქალაქ(ებ)ზე მათი მხრიდან თავდასხმას ადგილი არ ჰქონია; თავდასხმის აღიარების შემთხვევაში, არასწორად უთითებს რაკეტების გაშვების ადგილს და სხვა.

სახალხო კრება იტყუება: თითქოს არსებობდა აქციების რაღაც ფარული, ზედმიწევნით გააზრებული გეგმა, რომელიც აღმოჩნდა ჩვეულებრივი სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირების გეგმა, ისიც საკმაოდ უნიჭოდ შედგენილი; თითქოს სახალხო კრება არ იყო (არის) კავშირში ქვეყნის ნომერ პირველ მტერთან – რუსეთთან; თითქოს სოციალური სიდუხჭირის გამო და დღეში რამდენიმე ლარად ქუჩაში გამოყვანილ ადამიანებს ფანერებით და მილებით შეეძლოთ წინააღმდეგობის გაწევა პოლიციის სპეცრაზმისთვის; თითქოს პოლიციამ დახოცა ადამიანები; თითქოს სპეცრაზმმა აქციის დაშლის დროს გააუპატიურა არა მარტო ქალები, არამედ კაცებიც; თითქოს უამრავი ადამიანი დაიკარგა 25 მაისის ღამის შემდეგ (თუმცა ძებნის გამოცხადების შემდეგ ერთი ასეთი დაკარგული ლიდერი 2 საათში გამოჩნდა და ისეთი ზღაპრების მოყოლა დაიწყო, ჯოან როულინგს რომ ჰიპერსალივაციას დამართებდა); თითქოს აქციის მონაწილეთა შეიარაღებაში არ არსებობდა დანით სპეციალურად წაწვეტებული ჯოხები, ჩიტაძის ქუჩის ფილები და „მოლოტოვის კოქტეილები”; თითქოს აქცია იყო მშვიდობიანი, ხოლო სპეცრაზმი სპეციალურად შერჩეული ვამპირების ხროვადა სხვა.

სახალხო კრების აქცია თბილისში. 22 მაისი, 2011
ჰამასი ოსტატურად იყენებს უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და მედიას. ისრაელის ნებისმიერი ანტიტერორისტული ქმედება, მიმართული ჰამასის მორიგი სისხლიანი გამოხტომის წინააღმდეგ, განწირულია კრიტიკისთვის პრაქტიკულად ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილი საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაციისა და მედიაგამოცემის მხრიდან. ლოგიკა მარტივია: ჰამასი ტერორისტული ორგანიზაციაა (თუმცა, რაოდენ ირონიულიც უნდა იყოს, გაერო ამას არ აღიარებს) და მას რა უნდა მოეკითხოს?; აი, ისრაელი კი სახელმწიფოა და მან უნდა აგოს პასუხი ყველა რეალურ და მოგონილ გადაცდომაზე.

25 მაისის ღამის მოვლენები გააშუქა უამრავმა ადგილობრივმა თუ უცხოურმა მედიაგამოცემამ. პრაქტიკულად ყველა ადგილობრივმა და ცნობილმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ამ მოვლენების საკუთარი შეფასება. ლოგიკა პრინციპში იდენტურია: სახალხო კრებას რა უნდა მოეკითხოს, ბურჯანაძე ჩვეულებრივი მოღალატეა? დავიჭიროთ და ეგ არის; აი, ხელისუფლება კი ყველაფერზეა პასუხისმგებელი, რადგან ის ხელისუფლებაა (თითქოს ეს რომელიმე მოქალაქეს ან მოქალაქეთა ჯგუფს ათავისუფლებს საკუთარ გადაწყვეტილებებსა და ჩადენილ ქმედებებზე პასუხისმგებლობისგან), მათ შორის არარსებულ ფაქტებზეც, რადგან სათანადოდ ვერ დაბლოკა ჭორების გავრცელება.

ჰამასის სტრატეგია მიზნად ისახავს ისრაელის პატარა სახელმწიფოს დისკრედიტაციას და მის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევას. თუ ისრაელს აღარ ექნება საერთაშორისო მხარდაჭერა, ეს ხელ-ფეხს გაუხსნის რეგიონში არსებულ ანტიებრაულ ძალებს, რაც, ჰამასის გათვლებით, დამთავრდება ისრაელის სახელმწიფოს განადგურებით.

გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთმა უკვე გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, სახალხო კრების (და საქართველოში არსებული ყველა პრორუსული ძალის) სტრატეგია მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს ევროატლანტიკურ სივრცეზე ორიენტირებული საქართველოს მაქსიმალური დისკრედიტაცია, რასაც ბუნებრივად უნდა მოჰყვეს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაცია.

საერთაშორისო მხარდაჭერა – ეს სწორედ ის ერთადერთი ძალაა, რომელიც რუსეთს დღეს აკავებს თბილისიდან 40 კილომეტრში. 
 

კომენტარები