რამდენიმე კომენტარი შრომით უფლებებზე

შრომის უფლება – ერთი შეხედვით რა მარტივად ჟღერს და რაიმე განსაკუთრებული თუ ღრმა შინაარსი ამ სიტყვების უკან თითქოს არ უნდა იმალებოდეს. გინდა შრომა (მუშაობა) – უნდა გქონდეს ამის უფლება. თუ ვინმე ხელოვნურად გზღუდავს, არ გაძლევს საშუალებას იშრომო, წინ აღუდგება შენს ყოველ მცდელობას რაიმე ღირებული გააკეთო – ასეთ შემთხვევაში შრომის უფლება შელახულია. და ის, ვინც სჩადის ამ ქმედებას – დამნაშავეა.

კიდევ უფრო დავმარცვლავ, რას შეიძლება ნიშნავდეს შრომის უფლება.

ადამიანს აქვს უფლება, იფიქროს, სურს ან სჭირდება თუ არა მუშაობა. და ამ ფიქრში მას არავინ უნდა შეუშალოს ხელი.

ადამიანს აქვს უფლება, თავად მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, იშრომოს თუ არა. არც ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესის შეფერხების უფლება აქვს ვინმეს.

ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მოიძიოს და აარჩიოს ის სამუშაო, რომლის შესრულებაც მას სურს.

ადამიანს აქვს უფლება, დაარწმუნოს პოტენციური დამქირავებელი, რომ სწორედ ის არის ის ერთადერთი, ვინც არსებულ ვაკანსიას ყველაზე ეფექტურად შეავსებს.

ადამიანს აქვს უფლება, მოითხოვოს დამქირავებლისგან ის ანაზღაურება, ე.წ. ბენეფიტები, სამუშაო პირობები და ა.შ., რომლებშიც თანახმა იქნება გაცვალოს საკუთარი შრომა.

ადამიანს აქვს უფლება, დათანხმდეს ან არ დათანხმდეს პოტენციური დამქირავებლის მიერ შემოთავაზებულ პირობებს.

თუ სამუშაოზე ფიქრის დაწყებიდან სამუშაოზე თანხმობის განცხადებამდე პერიოდში ადამიანს არავინ აფერხებს – ეს ლოგიკურად ნიშნავს, რომ მისი
შრომის უფლება რეალიზებულია.

მაგრამ საქართველოში (და არა მარტო) ბევრისთვის ყველაფერი ასე მარტივად არ არის. უამრავი ადამიანი, განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორიდან, ან უბრალოდ ბრმად ემორჩილება ევროპელი „ექსპერტებისა” თუ ბიუროკრატების ალოგიკურ რეკომენდაციებს (მოთხოვნებს) და შრომით უფლებებთან დაკავშირებით ითხოვს იმ ტიპის რეგულაციების შემოღებას, რომლებმაც მნიშვნელოვანწილად განაპირობეს რამდენიმე ევროპული ქვეყნის დღევანდელი კრიზისული მდგომარეობა, ან (მეტწილად უფრო ასაკოვანი წარმომადგენლები) უბრალოდ ცდილობს, საკუთარი მარქსისტული ბექგრაუნდის (განათლების) რეალიზაცია მოახდინოს და ამაყად იბარებს საბჭოთა წინაპრებისგან ჩაგრულ მშრომელებზე ზრუნვის მძიმე ტვირთს.
შრომით უფლებებთან დაკავშირებით უამრავ ირაციონალურ მოსაზრებას მოისმენთ, თუმცა ცხადია, არც ერთი მათგანი არ არის ისეთი, რომლის შესახებაც საკუთარი აზრი უკვე არ გამოეთქვას რომელიმე მეტად თუ ნაკლებად ცნობილ მემარცხენეს. ბევრი ასეთი მოსაზრება საკმაოზე მეტად პოპულარულია ევროპის სოციალისტურ წრეებში და გამყარებულია შესაბამისი ნაციონალური თუ ევროპული საკანონმდებლო აქტებით. ევროპის ბევრ ქვეყანაში ამ მოსაზრებების/დებულებების კითხვის ქვეშ დაყენებაც კი ავტომატურად იწვევს ამ ადამიანის გაკიცხვას და მარგინალიზაციას. აქ რამდენიმე ასეთ მოსაზრებაზე შევჩერდები, რომლებიც აქტუალური გახდა დღევანდელ საქართველოში.

ერთ-ერთი ასეთი დებულების თანახმად, დამქირავებელი ვალდებული უნდა იყოს უზრუნველჰყოს „ღირსეული” და „უსაფრთხო” სამუშაო გარემო. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამქირავებელი სახელმწიფომ უნდა დასაჯოს. ასეთი „უფლება” რამდენიმე პრობლემას წარმოშობს. „ღირსება” და „უსაფრთხოება” ფარდობითი ცნებებია და ძალიან რთულია ერთი სტანდარტით რომელიმე მათგანის განსაზღვრა. ესეც რომ არ იყოს, თუ დაქირავებული ნებაყოფლობით თანხმდება რაღაც სამუშაოს, ესე იგი ამ სამუშაოს მიიჩნევს „ღირსეულად” და „უსაფრთხოდ”. რა შუაშია ამ დროს სახელმწიფო? სამუშაო პირობების ხარისხი ფული ღირს და ამ ფულს დამქირავებელი, ბიზნესის პატრონი იხდის. ასეთი ტიპის ხარჯები ზრდის წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებას და ამცირებს კაპიტალის მფლობელის მოგებას. შედეგად, მსგავსი ვალდებულების დაკისრება დამქირავებლებზე გარანტირებულად მოგვცემს ორ შედეგს: ა) არსებული ბიზნესის მფლობელები გაზრდილი თვითღირებულების გამო შეამცირებენ სხვა ხარჯებს, მაგალითად, დაითხოვენ რამდენიმე თანამშრომელს; ბ) შემცირდება თავისუფალი კაპიტალის შემოდინება ანუ ახალი ბიზნესების რიცხვი, რადგან, გაზრდილი ხარჯების გამო, გარემო გახდება ნაკლებად კონკურენტული. ორივე შედეგი ცალსახად ნეგატიურად აისახება დასაქმების დონეზე, რომელიც ისედაც არ გვაქვს მაღალი.

მეორე დებულება, რომელიც უცნაურად გამომდინარეობს დაქირავებულის შრომის უფლებიდან, გულისხმობს დამქირავებლის უფლების შეზღუდვას, საკუთარი ნება-სურვილით ნებისმიერ დროს გაათავისუფლოს სამსახურიდან თანამშრომელი. თურმე დაქირავებულს აქვს უფლება, გარკვეული პერიოდით ადრე წერილობით შეიტყოს გათავისუფლების მიზეზი, მიიღოს კომპენსაცია და სხვა. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს,

გათვალისწინებულია თუ არა ასეთი პირობები შრომითი ხელშეკრულებით. აქაც რამდენიმე პრობლემას ვაწყდებით. მსგავსი ვალდებულებებით დამქირავებელს ურთულდება თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა, ეს კი რამდენიმე შედეგს მოგვცემს: ა) დამქირავებელი ეცდება მაქსიმალურად ნაკლები ადამიანი დაასაქმოს, რადგან წინასწარ ეცოდინება, რომ საჭიროების შემთხვევაში მათი გათავისუფლება ძვირი დაუჯდება; ბ) დამქირავებლებს მოუწევთ ისეთი ადამიანების სამსახურში შენარჩუნება გარკვეული პერიოდით, რომლებიც მათ ბიზნესს არაეფექტურს და ნაკლებად კონკურენტულს ხდის, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება იგივე ბიზნესებზე; გ) იმის გამო, რომ გარკვეული სამუშაო ადგილები დაკავებული ექნებათ არაეფექტურ კადრებს, სამუშაოს გარეშე დარჩებიან სხვა, უფრო ეფექტური სამუშაოს მაძიებლები; დ) ისევ და ისევ შემცირდება თავისუფალი კაპიტალის შემოდინება, რადგან გაზრდილი ხარჯები, დაკავშირებული თანამშრომლების აყვანა-გაშვებასთან, გაზრდის პროდუქციის თვითღირებულებას და შეამცირებს მოგებას. საბოლოო ჯამში, ნათელია, რომ ყოველივე ზემოჩამოთვლილი ნეგატიურად აისახება დასაქმების დონეზე და, ზოგადად, ეკონომიკაზე.

მინიმალური ხელფასი – სოციალისტური სამოთხის მშენებლობის იდეით შეპყრობილთა საყვარელი თემა. ეს დებულება გულისხმობს, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს მინიმალური ხელფასის ოდენობა და არც ერთ დამქირავებელს არ უნდა ჰქონდეს უფლება, გადაუხადოს თანამშრომლებს ამ ოდენობაზე ნაკლები ხელფასი. უდავოდ მიმზიდველად ჟღერს. საინტერესოა, აქამდე როგორ ვერ მოახერხა კაცობრიობამ, რომ დედამიწაზე ყველას ჰქონდეს გარკვეული ოდენობის მინიმალური შემოსავალი?

კომენტარები