დავივიწყოთ 13 მაისი

დავივიწყოთ არა როგორც ემოცია, როგორც წარმატება ან როგორც თარიღი. არა, ეს თუ დავივიწყეთ, წასულია ჩვენი საქმე. ძალიანაც რომ ვეცადოთ, არ გამოგვივა, რადგან ის საღამო უნიკალური იყო საქართველოს ისტორიაში. უნიკალური იმიტომ, რომ მაშინ არ არსებობდა არც ერთი ქართველი, ვინც ამით დაიბოღმა, ვისაც რამე ჰქონდა საწინააღმდეგო. გახსოვთ სხვა ასეთი დღე?  დღე, როცა ყველანი ერთ აზრზე ვიყავით, თან ძალიან გახარებულები?

ჩვენ 1981 წლის 13 მაისი უნდა დავივიწყოთ, როგორც „ამათმა ჩვენ როგორ უნდა მოგვიგონ, ძმაო”. 
 
ოცდაათი წელიწადია ეს „ძმაო” გაძვალტყავებული ქართული ფეხბურთის ალიბი და გაურკვეველი ამბიციის წყაროა. ოცდაათი წელიწადია ხელს (ფეხს) არ ვანძრევთ იმიტომ, რომ იმ 13 მაისს ვერ ვივიწყებთ და გვგონია, რომ დღეს თუ არა ხვალ, ჰა-ჰა, ზეგ თავისით შეიქმნება გუნდი, რომელიც ყველას და ყველაფერს მოუგებს. ხო შეიქმნა ერთხელ? შეიქმნა. ჰოდა კიდევ შეიქმნება, რა.
 
ამ დროს კი, ქართული კლუბები, თურმე, ფეხბურთში მოგებისთვის კი არა, მაზვაში მოგებისთვის ემზადებიან. ანუ, რაღაც ამბავში, მათთვის წაგებაა მოგება. მათი პრეზიდენტები წუხან, რომ ბიჭებს სიგარეტის ფული არ აქვთ. მათ ფეხბურთელებს სადილებს გულშემატკივრები უმზადებენ, რომ შიმშილისგან ცუდად არ გახდნენ. საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე ყველა ფეხბურთელის ერთად აღებული ხელფასი ლეო მესის ერთი კვირის ხელფასიც არაა და მაინც, „ამათმა ჩვენ როგორ უნდა მოგვიგონ, ძმაო”.  
 
ამ 30 წელიწადში ფეხბურთი ზუსტად იმ ტემპით განვითარდა და შეიცვალა, როგორც ზოგადად მსოფლიო. ეს განსაკუთრებით საკლუბო ფეხბურთს ეხება, სფეროს, რომელიც უზარმაზარი ფულის საბადოა. თუ სანაკრებო ფეხბურთში შეიძლება სასწაული მოხდეს და საშუალო დონის ჩემპიონატის მქონე ქვეყანამ გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს (ურუგვაი, ხორვატია, სლოვენია, სლოვაკეთი, აფრიკის ქვეყნები), საკლუბო ფეხბურთში ეს წარმოუდგენელია. აქ ყველაფერს ფული და მარკეტინგი წყვეტს. აქ რომანტიკის და სენსაციების ადგილი აღარაა.
 
შედეგიც სახეზეა: თუ ნაკრები ხანდახან მაინც გვახარებს, ქართული კლუბები ერთმანეთს ეჯიბრებიან საერთაშორისო ტურნირებზე თავის მოჭრაში. ხშირად, საეჭვოდ თავის მოჭრაში.   
 
მაშინ, სხვა ქვეყანასა და ეპოქაში, სხვა მასშტაბის კონკურენციასა და პირობებში თბილისის დინამო იყო გუნდი – რომელსაც ჰყავდა გენიალური მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი, ვინც დროს ათწლეულებით უსწრებდა; რამდენიმე მსოფლიო კლასის ფეხბურთელი; რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელი და რამდენიმე დავალების ულაპარაკოდ შემსრულებელი მოთამაშე. გუნდი მონაწილეობდა საკმაოდ მაღალი ხარისხის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში; ასე თუ ისე, ჰქონდა კარგი მოსამზადებელი პირობები, საქართველოს მთელი საფეხბურთო რესურსი იქ იყრიდა თავს და გარდა ამისა, ზოგადად საშუალოევროპული ფეხბურთის დონეც დიდად არ განსხვავდებოდა საბჭოთასგან. 
 
დღეს არც ერთ ქართულ კლუბს არ ჰყავს არათუ გენიალური, საშუალო გაქანების მწვრთნელიც კი. აღარაფერს ვამბობ ფეხბურთელებზე. გუნდები მონაწილეობენ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცუდ ჩემპიონატში – ხან უდაბნოში თამაშობენ, ხან ტალახში და ხანაც მუხლამდე ბიბინა მინდორ-ველებზე. თამაშობენ ცინიკური ანაზღაურებით. აქვთ საზარელი მოსამზადებელი პირობები და ქვეყნის მიზერული საკადრო რესურსი სხვადასხვა კლუბებშია მიმოფანტული.
 
ეს ბნელი სურათი სულ უფრო მუქდება, რადგან ქართულ ფეხბურთში მოღვაწე ადამიანები ერთმანეთს დასანახავად ვერ იტანენ. აქ უარყოფითი ენერგეტიკა მეფობს. შესაბამისად, რაც დრო გადის, 13 მაისს მით უფრო ვშორდებით. კალენდარულადაც და შინაარსობრივადაც. და თუ არ დავივიწყებთ, ის საერთოდ გაქრება. ძმაო.

კომენტარები