მოსკოვის თამაშები კურილის კუნძულებთან დაკავშირებით

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ სეიძი მაეჰარას მოსკოვში 11-12 თებერვლის ოფიციალური ვიზიტის დროს ცივად შეხვდნენ – ისე, როგორც ყველა დანარჩენს, ვინც კი ცივი ომის ყველაზე დაძაბული დღეების შემდეგ სტუმრობდა იქაურობას. იაპონია-რუსეთის ურთიერთობები ამ უკანასკნელის მიერ იაპონიის ჩრდილოეთით მდებარე ოთხი კუნძულის, ეტოროფუს, კუნაშირის, შიკოტანისა და ჰაბომაის კლდეების 65-წლიანი ოკუპაციის გამო გაყინულია. მოსკოვი აცხადებს, რომ ეს კუნძულები კურილის ნაწილს შეადგენენ და ამ თემაზე საუბარი არ სურს.

მაგრამ მოსკოვს ამ კუნძულებთან დაკავშირებით ხმაური ნამდვილად უნდა. შარშან ზაფხულში, რუსეთის გენშტაბის უფროსი ნიკოლაი მაკაროვი ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონების მეზობლებს არწმუნებდა და უხსნიდა, თუ როგორ სჭირდებოდა რუსეთს ფრანგული საბრძოლო სადესანტო გემი მისტრალი. როგორც მან თქვა, „ჩვენ გვჭირდება ეს გემი წყნარ ოკეანეში მანევრირების შესაძლებლობების გაზრდისთვის – თუ გავითვალისწინებთ ამ გეოგრაფიული რეგიონის მასშტაბებს და იმ ფაქტს, რომ არ გაგვაჩნია შესაბამისი ძალები მის დასაცავად, განსაკუთრებით კი, კურილის კუნძულების”.

ბუნებრივია, ტალინსა თუ თბილისში შვებით ვერ ამოისუნთქავენ. ფრანგებსა და რუსებს შორის დადებული 25 იანვრის შეთანხმებით ფრანგული გემთმშენებელი კონსორციუმი რუსეთს მისტრალის კლასის ოთხ გემს მიაწვდის. სავარაუდოდ, ბალტიის, ჩრდილოეთ და შავი ზღვებისა და წყნარი ოკეანის ფლოტილიებს საკუთარი მისტრალი ექნებათ.

მისტრალის დანიშნულებაზე გაკეთებული განცხადება მოსკოვის ბოლო ხმაური როდი გახლდათ კურილის კუნძულებთან დაკავშირებით. სექტემბერში, ჩინეთში ვიზიტისას რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა და მისმა ჩინელმა კოლეგამ, ჰუ ძინტაომ, ყურადსაღები განცხადება გააკეთეს მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 65-ე წლისთავთან დაკავშირებით, რომელშიც იაპონიის 1945 წლის გამარჯვების ერთიანი ხედვა იყო შემუშავებული. რა თქმა უნდა, იმ გამარჯვებამ ამერიკის შეერთებული შტატები წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონის გაბატონებულ ძალად განსაზღვრა.

ამ ერთობლივი ისტორიული ეგზეგეზიდან ორი საკითხი იკვეთება. პირველი – მოსკოვი და პეკინი იაპონიის ტერიტორიული პრეტენზიების მიმართ საერთო მიზანზე მუშაობენ, ერთი კურილის კუნძულებზე აყენებს პრეტენზიებს, მეორე კი, ჰიდროკარბონით მდიდარ კლდეებზე ოკინავასა და ტაივანს შორის. და მეორე – არც ერთ სახელმწიფოს არ სიამოვნებს ამერიკის გაბატონებული მდგომარეობა წყნარ ოკეანეზე და იაპონიას მის შემცვლელად აღიქვამენ.

მედვედევის ჩინეთში ვიზიტს უფრო ფართო კონტექსტში თუ განვიხილავთ, კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი იკვეთება. მედვედევმა და ჰუმ ხელი მოაწერეს 15 შეთანხმებას, მათ შორის, ენერგეტიკის, საბანკო და თევზჭერის სფეროებში და გახსნეს აღმოსავლეთ ციმბირი-წყნარი ოკეანის ნავთობის მილსადენის განშტოება, რომელიც დაქინში (ჩინეთი) ჩადის. ამის შემდეგ მედვედევმა შანხაიში, მსოფლიო სავაჭრო ექსპოზიცია მოინახულა.  

ჩინეთი რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და მხოლოდ ევროკავშირს თუ ჩამორჩება. მთელი მსოფლიოს მსგავსად, რუსეთის მზერაც წყნარი ოკეანის რეგიონისაკენ არის მიმართული. ამას გარდა, ვინაიდან გლობალური დათბობის გამო არქტიკის ჩრდილო-აღმოსავლეთი არხი ევროპა-აზიისკენ ზღვაოსნობისთვის იხსნება, რუსეთისთვის ამ რეგიონში ფეხის მყარად მოკიდება ძალიან მიმზიდველი ხდება.

მოსკოვს წყნარი ოკეანის რეგიონში დიდი პერსპექტივა არა აქვს. ვლადივოსტოკს მკაცრ ლანდშაფტსა და კლიმატურ პირობებში გამავალი 9302 კილომეტრის სარკინიგზო ხაზი აშორებს. აზიაში რუსების მხოლოდ 25% ცხოვრობს. ეს ციფრი დღითი დღე მცირდება. და ბოლოს, ვლადივოსტოკი ბუსანი, იოკაჰამა ან შანხაი არ არის. კუნაშირი მეტაფორად გამოდგება რუსეთის მორყეული მმართველობისთვის –წყნარი ოკეანის ცივი სანაპიროს პატარ-პატარა ტერიტორიებზე. პასუხი – იარაღი, ყოყლოჩინობა და არარსებულ საფრთხეებზე უაზრო ლაყბობაა. 

ჩინეთიდან დაბრუნებულმა მედვედევმა განაცხადა, რომ ის აპირებს პირველი საბჭოთა თუ რუსი ლიდერი გახდეს, რომელიც კურილის კუნძულებს ეწვევა. 1 ნოემბერს მედვედევი კუნაშირში ჩავიდა. ამ ვიზიტის დროს, რომელსაც დიდი დრო დაუთმეს ტელეარხებმა, რუსეთის პრეზიდენტი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, ზღვას ბინოკლით გახედა და სტალინის დროინდელ დაჟანგულ ტანკებს შორის გაერთო.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ნაოტო კანმა უკმაყოფილოდ აღნიშნა: „ჩრდილოეთის ოთხი კუნძული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილია და ძალზე სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი იქ ჩავიდა”. ტოკიომ მოსკოვიდან თავისი ელჩი გაიწვია.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, კი პასუხი არ დაახანა: „კურილის კუნძულები რუსეთის ტერიტორიას წარმოადგენს და შესაბამისად, ქვეყნის საშინაო საქმეა. პრეზიდენტი თავად გეგმავს შიდა ვიზიტებს”. 

შემდეგ, 9 თებერვლის სატელევიზიო გამოსვლისას, რომელიც სპეციალურად დაიდგა, მედვედევი რომ მაგარ ბიჭად გამოჩენილიყო, პრეზიდენტმა მკაცრი მითითებები მისცა თავდაცვის მინისტრს, ანატოლი სერდიუკოვს: „დამატებითი იარაღი, რომელსაც აქ განვათავსებთ, საკმარისი რაოდენობით და თანამედროვე უნდა იყოს, რათა უზრუნველვყოთ იმ კუნძულების უსაფრთხოება, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს... ჩვენ ნებისმიერ საჭირო ზომას მივიღებთ, რომ გავაძლიეროთ რუსეთი და მისი გავლენა კურილის კუნძულებზე. ეს ჩვენი სტრატეგიული რეგიონი გახლავთ”.

ორი დღით ადრე კი, იაპონიაში ჩრდილო ტერიტორიების დღეს აღნიშნავდნენ. კრემლის მომეტებული აგრესიულობით წაქეზებულმა იაპონელმა ნაციონალისტებმა რუსეთის სახელმწიფო დროშა ტოკიოს ქუჩებში ათრიეს, ხოლო ნაოტო კანმა მედვედევის კუნაშირში ვიზიტი დაგმო, როგორც „აღმაშფოთებელი და უპატიებელი რამ”.

ბუნებრივია, მოსკოვმა ეს ამბავი მტრული დამოკიდებულების გაძლიერების საბაბად გამოიყენა. რუსეთის საგარეო სამინისტრომ აღნიშნა, რომ დროშასთან დაკავშირებული ინციდენტი „უპრეცედენტო და აღმაშფოთებელი საქციელი იყო”, რომელიც იაპონიის პოლიტიკის შედეგია. მოსკოვში ჩასულ მაეჰარას აეროპორტში რიტორიკული ხაფანგი დახვდა მზად. ლავროვმა, ამ ტიპურმა აგრესორმა, გესლიანი ღიმილით უთხრა: „სიმართლე გითხრათ... თქვენს ვიზიტს ფონად სრულიად მიუღებელი ქმედებები უდევს”.

სინამდვილეში, მოსკოვი საკმაო დროის განმავლობაში ამზადებდა უთანხმოებას ტოკიოსთან კარგად ნაცნობი სტილით – ექსპანსიონიზმი, პარანოია, საბაბი, სამხედრო ოპერაცია და სამართლიანი აღშფოთება. მართალია, დეტალებში განსხვავებაა, მაგრამ ვინც კარგად იცის 2008 წელს რუსეთის საქართველოზე თავდასხმის შესახებ, ის გაიგებს, თუ რა იგულისხმება კურილის თამაშებში.

P.S. ჟურნალის დასაბეჭდად ჩაშვებისას, რუსეთის გენერალური შტაბის მაღალჩინოსნებმა რია-ნოვოსტის განუცხადეს, რომ მოსკოვი იაპონიის ჩრდილოეთ ტერიტორიებზე S-400 ტიპის საჰაერო თავდაცვით რაკეტებს განათავსებს. რუსეთი ამ ტერიტორიებს კურილის კუნძულების ნაწილად მიიჩნევს. S-400 არის S-300-ის მოდერნიზებული ვერსია, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე განალაგა.

კომენტარები