მოდა

მოდა, როგორც ერთხელ ოსკარ უაილდმა თქვა, ისეთი უშნო რამ არის, რომ ექვს თვეში ერთხელ უნდა შეიცვალოს. საქართველომ, როგორც ჩანს, ეს რჩევა ერთიორად გაითვალისწინა: წელს, მინიმუმ, სამი ქართული მოდის კვირეული დავთვალე.

მართალია, ახლა კარგად გამოწყობილ ადამიანად ვერ ჩავითვლები, მაგრამ გლამურული წვეულებების მოყვარული მაინც ვარ და მეც მოდის კვირეულებზე დასწრება საქმიანობად გავიხადე. და იცით რა? ისინი ცუდი სულაც არ იყო. მოდელები უმშვენიერესები იყვნენ, ტანსაცმელი, უმეტეს შემთხვევაში, ძალიან ლამაზი და ამ ყველაფერს პროფესიონალიზმის ის სასიამოვნო ელფერი დაჰკრავდა, რომელიც ქართულ ღონისძიებებს ასე ხშირად აკლია. საქართველოს ახალგაზრდა დიზაინერებმა მთელი გული ჩადეს თავიანთ კოლექციებში, რომლებიც სიყვარულით იყო შექმნილი, ორიგინალური, ელეგანტური და დახვეწილი. მაგრამ, ვეჭვობ, ამან რაიმე მნიშვნელოვნად შეცვალოს.

რაც არ უნდა თქვან მოდის მიმდევრებმა, ამ შემოდგომა/ზამთრის სეზონზე ეს სტილია მოდაშიო, ყველამ ვიცით, რა ტანსაცმელს ჩაიცვამს ყველა – შავს. შავი ფერი საქართველოში რამე ახალი შავი ფერი არ არის, ეს ის შავია, რომელიც იყო და რომელიც მუდამ იქნება. ქართველებს ამ ფერის ტანისამოსი (არის კი ეს ფერი?) გასაოცარი მრავალფეროვნებით აცვიათ: მოდას აყოლილ ქალბატონებს აბანოს მოედანზე, რომლებიც ძვირადღირებულ ჩაის წრუპავენ? – შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, შავი კაბა ქამრით, შავი ხელჩანთა. პარკში მოსეირნე გოგონებს, რომლებსაც გაპრანჭული მოზარდები თვალს ადევნებენ? – შავი მოტკეცილი ჯინსები, შავი მაისური და შესაძლოა, შავი ბუმბულის ჟილეტი. ქართველის ტანსაცმლის კარადაში რომ შეიხედო, ალბათ, გეგონება, სიცარიელეში ვიყურებიო.

აშკარაა, რომ უკვე კარგა ხანია ასეა. შავი ტყავის ქურთუკი სამარშრუტო ტაქსის ყველა მძღოლის უნიფორმაა ამ ქვეყანაში, ხოლო მე-19 საუკუნის ტფილისის ფოტოებს რომ უყურებ, ჩოხა... აბა თუ გამოიცნობთ, რა ფერისაა? მართალი იყო ოსკარ უაილდი, მოდა ცვალებადია, მაგრამ ქართული ეროვნული სამოსი გამორჩეულად გამძლე გამოდგა. 100 წლის წინ კიდევ ერთი ცნობილი ადამიანის, ჰენრი ფორდის, სიტყვების პერიფრაზს თუ გავაკეთებთ, საქართველოში შეგიძლია ნებისმიერი ფერის ტანსაცმელი ჩაიცვა – ოღონდ იმ პირობით, რომ ის შავია.

კომენტარები