საქართველო-აშშ

რიში ენმ-ს არჩევნებიდან შესაძლო მოხსნაზე: მსგავსი კანონპროექტები უთანასწოროს ხდის პირობებს

ჯეიმს რიში
Boise State Public Radio

აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. საქართველოში პოლიტიკურ კრიზისსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის რეგისტრაციის შესაძლო გაუქმებაზე რიში აცხადებს, რომ მმართველი პარტია ოპოზიციური ხმის ჩახშობის მცდელობისგან თავს უნდა იკავებდეს.

"ძლიერი დემოკრატია მოიცავს სიტყვის თავისუფლებას. საქართველო უკვე ძალზედ დაზიანდა პოლიტიკური ანგარიშწორებით და ამის მსგავსი კანონპროექტები უთანასწოროს ხდის პირობებს, რომლებითაც ყველა პოლიტიკურმა მონაწილემ უნდა ისარგებლოს. მმართველი პარტიები ოპოზიციური ხმის ჩახშობის მცდელობებისგან თავს უნდა იკავებდნენ და, პირიქით, უნდა ეცადონ, რომ ყველა მხარეს დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობის თანასწორი საშუალება ჰქონდეს". – ​ ამბობს სენატორი ამერიკის ხმასთან წერილობით კომენტარში.

ამერიკის ხმა წერს, რომ სენატორმა რიშმა 31 ოქტომბრის არჩევნებისა და მიმდინარე პოლიტიკური მოლაპარაკებების შესახებ განცხადება არ გააკეთა.

17 დეკემებრს ქართულმა ოცნებამ პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლითაც ქმნის ბერკეტს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის არჩევნებიდან მოსახსნელად.

უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს. ამ შემთხვევაში, მაგალითად, არ არის საქართველოს მოქალაქე. 

კომენტარები