ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმე

პუტინი: FSB-ს ნავალნის მოწამვლა რომ ნდომოდა, საქმეს ბოლომდე მიიყვანდა

ვლადიმირ პუტინი
AFP

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ალექსეი ნავალნის მოწამვლაზე ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტების მიერ მოძიებული ინფორმაცია "ინფორმაციული ომის" ნაწილი იყო. 

გამოძიება Bellingcat-მა, CNN-მა, The Insider-მა და Der Spiegel-მა ჩაატარეს. მათი გამოძიების მიხედვით წლებია, რუსეთის ფედერალური უშიშროების სააგენტოს (FSB) წარმომადგენლები უკანონოდ უთვალთვალებენ ნავალნის, მათ შორის იმ დღესაც, როდესაც ის მოწამლეს. მოგვიანებით ვიდეო ჩაწერა თავად ნავალნიმ, რომელშიც ასახელებს პირებს, რომლებიც, მისი თქმით, მოწამვლაში მონაწილეობდნენ.

პრესკონფერენციაზე, პუტინმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ნავალნის ფედერალური უშიშროების სააგენტოს თანამშრომლები უთვალთვალებდნენ. პრეზიდენტის განმარტებით, თუ ნავალნი აშშ-ს სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობს, მაშინ რუსეთის უშიშროების სამსახურები აუცილებლად უნდა აკვირდებოდნენ მას. რაც შეეხება უშუალოდ ნავალის მოწამვლას, პუტინის თქმით, FSB-ს მისი მოწამვლა რომ ნდომოდა, საქმეს ბოლომდე მიიყვანდა.

"ჩვენს უშიშროების სამსახურებს თვალი უჭირავთ მასზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი მოწამვლა გვჭირდება... ჩვენ ის არ მოგვიწამლავს, ვის სჭირდება ის? ვინმეს მისი მოწამვლა რომ ნდომოდა, საქმეს ბოლომდე მიიყვანდა" - თქვა ვლადიმირ პუტინმა.

პრესკონფერენციის დრო პუტინს ალექსეი ნავალნი სახელით არ უხსენებია, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ის მოიხსენიებდა როგორც "პაციენტს ბერლინში".

ყოველწლიური შემაჯამებელი პრესკონფერენცია ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენციაში გაიმართა. პრესკონფერენციაზე დასასწრებად სახელმწიფო მედიების ჟურნალისტებს კარანტინის გავლა დასჭირდათ. სხვა ჟურნალისტებსა და მოქალაქეებს პრესკონფერენციაზე კითხვების დასმა ვიდეკონფერენციის საშუალებით შეეძლოთ.

ჟურნალისტურ გამოძიებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც, სერგეი ლავროვი. ლავროვმა გამოძიებას "სასაცილო საკითხავი" უწოდა.

პუტინის პრესკონფერენციის შემდეგ CNN აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ესაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტმა ალექსეი ნავალნის მოწამვლისთვის პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. უწყებამ რუსეთი "უტიფარი სადეზინფორმაციო კამპანიაში" დაადანაშაულა, რომლის მიზანიც დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის არიდება იყო.

"ეჭვის გასაღვივებლად რუსეთმა წარმოსახვითი ალტერნატიული თეორიები შემოგვთავაზა. მათი მიზანია, ხალხს გაუჩინოს ეჭვი, რომ ნავალნის ნოვიჩოკის ნერვული აგენტით მოწამვლით სხვა დამაჯერებელი ახსნა არსებობს. ის არ არსებობს. რუსეთი პასუხისმგებელია ამ საზარელ ქმედებაზე. - უთხრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა CNN-ს.

სახელმწფო დეპარტამენტის წარმომადგენელის თქმით, რუსეთის დეზინფორმაციის კამპანია, ვერ შეაჩერებდა აშშ-სა და მისი მოკავშირეებს ამ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენაში.

უწყების წარმომადგენელმა 2018 წელს სკრიპალებზე განხორციელებული თავდასხმა გაიხსენა და აღნიშნა, რომ რუსეთი შემჩნეულია ოპოზიციონერების და დისიდენტების წინააღმდეგ ქიმიური საწამლავის გამოყენებაში.

20 აგვისტოს თვითმფრინავი, რომლითაც რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მგზავრობდა ომსკში დაეშვა, ნავალნი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსეთის ხელისუფლების უარყოფის მიუხედავად, გერმანიაში სამკურნალოდ გადაყვანის შემდეგ მის ორგანიზმში მომწამლავი ნივთიერება აღმოაჩინეს. დადგინდა, რომ ნავალნი რუსული ნერვული აგენტის, ნოვიჩოკის ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. თითქმის ერთი თვის განმავლობაში ის კომაში იყო. ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან 22 სექტემბერს გაწერეს, ის მკურნალობას გერმანიაში აგრძელებს.

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლის საქმეზე რუსეთის ხელისუფლების 6 წარმომადგენელს, მათ შორის FSB-ს ხელმძღვანელს, ალექსანდრ ბორტნიკოვს სანქციები დაუწესა. გაიყინა მათი ანგარიშები და აეკრძალათ ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლა.

კომენტარები