ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმე

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ნავალნის მოწამვლაზე საქმეს არ აღძრავს

ალექსეი ნავალნი
Der Spiegel

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალექსეი ნავალნის მოწამვლაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარი თქვა. ინფორმაციას რუსული მედია TASS-ი ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს უარის შესახებ სასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი. სასამართლო განიხილავდა ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის საჩივარს, რომელიც ორგანიზაციამ მთავარი სამხედრო საგამოძიებო მმართველობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შეიტანა. უწყებამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მსგავსად, უარი თქვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე.

მოსამართლე ანდრეი ტოლკაჩენკოს თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოებმა ტომკსის ოლქში გამოიკვლიეს ალექსეი ნავალნის ჰოსპიტალიზაციის ფაქტი და მიიღეს გადაწყვეტილება, არ აღეძრათ სისხლის სამართლის საქმე.

ნავალნის მოწამვლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა უშუალოდ მომხდარის მერე, 2020 წლის აგვისტოში დაიწყო, თუმცა მოკვლევის შედეგები ცნობილი არ იყო.

2020 წლის დეკემბერში, მას შემდეგ რაც გამოქვეყნდა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც ნავალნი რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის წევრებმა მოწამლეს, რუსეთის რამდენიმე რეგიონის დეპუტატებმა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს მიმართეს. დეპუტატები კომიტეტისგან საზოგადო მოღვაწის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის მუხლით საქმის აღძვრას ითხოვდნენ.


რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტით 2020 წლის აგვისტოში მოწამლეს. პოლიტიკოსი 20 აგვისტოს თვითმფრინავში, ტომსკი-მოსკოვის რეისზე ცუდად გახდა. ის ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რუსმა ექიმებმა მის ორგანიზმში საწამლავის კვალი ვერ იპოვეს, თუმცა ოჯახის, მხარდამჭერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით ოპოზიციონერი ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. გერმანელმა ექიმებმა, მოგვიანებით კი შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ნავალნის ორგანიზმში ნოვიჩოკის ტიპის ნერვული აგენტი აღმოჩნდა. ნავალნის სიხლში ნოვიჩოკის კვალის არსებობა დაადასტურა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამაც.

ალექსეი ნავალნიმ მკურნალობის კურსი გერმანიაში გაიარა. რუსეთში ის 17 იანვარს დაბრუნდა. პოლიტიკოსი სამშობლოში დაბრუნებისთანავე დააკავეს. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური მას "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადის დარღვევაში ედავებოდა და პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლას ითხოვდა. 2 თებერვალს ნავალნის სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ივ როშეს" საქმეზე. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრების გამო სხვადასხვა ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს. 2020 წლის 2 მარტს აშშ-მ რუსეთის ოფიციალურ პირებს და კომპანიებს ნავალნის მოწამვლისთვის და დაპატიმრებისთვის სანქციები დაუწესა.  აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსეთის მთავრობის მაღალი რანგის შვიდ წარმომადგენელს. 

თებერვალში ალექსეი ნავალნის დაკავებისთვის ევროკავშირმა მაგნიტსკის აქტით 4 რუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ევროკავშირი მაგნიტსკის აქტით, ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო, სანქციები დააწესა. სანქციების დაწესების გადაწყვეტილება  საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს. შეხვედრას ვიდეო ჩართვით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენიც ესწრებოდა.

ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით ევროკავშრიმა და ბრიტანეთმა რუსეთის მაღალი რანგის პირებს ოქტომბერში დაუწესა სანქციები. მაშინ სანქციები პოლიტიკოსის ნოვიჩოკოს ნერვული აგენტით მოწავმვლის გამო შემოიღეს.

კომენტარები